პარიზის მოდის კვირეულმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მოდა ეს ხელოვნებაა, რომელსაც ხელოვანი ადამიანები ქმნიან. კვირეულზე 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინეს, ისეთმა ცნობილმა და გავლენიანმა მოდის სახლებმა, როგორებიცაა: Schiaparelli, Dior, Isabel Marant, Victoria Beckham, Tom Ford, Stella McCartney, Rabanne და სხვა. ჩვენებებმა და უახლესმა კოლექციებმა მოდის მოყვარულებს თვალსაჩინოდ დაანახა სეზონის მთავარი ტენდენციები, რომელშიც ერთიანდებოდა როგორც ფერთა პალიტრა, ქსოვილები და ფორმები, ასევე აქსესუარები.
Photo: WWD
ჩვენ კი დიდი სიამოვნებით მოგიყვებით გამორჩეული მოდის კვირეულის კიდევ უფრო გამორჩეულ ჩვენებებზე და ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ ჩამონათვალს Schiaparelli-ს უახლესი კოლექციით დავიწყებთ, რომლის შთაგონებაც დანიელ როუზბერმა ტეხასელი ქალებისგან აიღო. კოლექცია “Lone Star”-ში დიზაინერმა ძლიერ ქალის სახე აჩვენა, რომელშიც გამორჩეულად იგრძნობოდა ქალბატონების შინაგანი ენერგია, ეშხი და გავლენა. სამოსში მკაფიოდ დავინახეთ დასავლური ფესვების და ტეხასური ესთეტიკის მკაფიო გავლენები, უფრო ზუსტად კი ვგულისხმობთ: მასიურ ქამრებს, ტყავის ქსოვილის დომინირებას, ქავბოის სტილის ფეხსაცმელს და ა.შ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა საკუთარი ფესვების ესთეტიკა არაჩვეულებრივად მოარგო თანამედროვე ტენდენციებს, სამოსში ტყავთან ერთად აქტიურად იყო გამოყენებული: ხავერდის, ბეწვის თუ აბრეშუმის ქსოვილები, ბრჭყვიალა მასალები, მეტალის მასიური დეტალები და სხვა.
Photo: WWD
განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი სადებიუტო კოლექცია შექმნა ჰაიდერ აკერმანმა Tom Ford-ის ბრენდისთვის, სადაც აშკარად იგრძნობოდა მისი და ტომ ფორდის ხედვის მსგავსებები. აკერმანმა თავის კოლექციაში სექსუალურ ელეგანტურობას გაუსვა ხაზი. თუმცა მსგავსების მიუხედავად, დიზაინერმა მოდის მოყვარულებს მკაფიოდ დაანახა, რომ ბრენდი ახალი ისტორიის წერას იწყებს. ეს ყველაზე თვალსაჩინოდ ფერთა პალიტრაში აისახა. მაშინ, როდესაც ტომ ფორდის ესთეტიკისთვის უფრო მუქი ტონალობები იყო დამახასიათებელი, აკერმანის სამოსში მკაფიოდ დავინახეთ პასტელური ფერების დომინირება, რამაც დიზაინერის ხელწერას აშკარად გაუსვა ხაზი.
Photo: WWD
Stella McCartney-ის 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციამ “Laptop to Lapdance” მოდის მოყვარულთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. დიზაინერმა უახლეს კოლექციაში გამოხატა ის, თუ როგორ შეუძლიათ ქალბატონებს ერთმანეთს მოარგონ პირადი და კარიერული ცხოვრება. ჩვენება “Stela Corp”-ის ოფისში მოეწყო. კოლექციის სამოსი მორგებული იყო, როგორც საოფისე, ისე საღამოს ელეგანტურ სტილზე. მკვეთრად გამოყვანილი მხრებიანი პიჯაკები, დაბალწელიანი შარვლები, ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული დახვეწილი კაბები და მკვეთრად გამოყვანილი წელი ქმნიდა დინამიკურ სტილს ქალებისთვის.
Photo: WWD
პარიზის მოდის კვირეულის კიდევ ერთი გამორჩეული სანახაობა გვაჩუქა Dior -მა. მარია გრაცია კიუმრმა უახლესი კოლექცია ვირჯინია ვულფის “ორლანდოს” შთაგონებით შექმნა- დროში მოგზაური პერსონაჟი, რომელიც გენდერულ საზღვრებს არღვევს. დიზაინერმა ისტორიული ელემენტები ახალი ინტერპრეტაციებით წარმოაჩინა: დახვეწილი ჭრილები, ბაროკოს სტილის პრინტები, “მეკობრეს” სტილის ფართო შარვლები, გრძელი მოსაცმელები, კორსეტები, ჯონ გალიანოს ეპოქის ნოსტალგიური “J’adore Dior” მაისურები, გამჭვირვალე ქსოვილები, მარია გრაცია კიურის საყვარელი თეთრი პერანგები- თითქოს დიორის ეს ჩვენება წარსულის ნოსტალგიას და მომავლის ხედვებს აერთიანებდა, რამაც საზოგადოებას კიდევ უფრო გაუმძაფრა ეჭვები იმის შესახებ, რომ მარია ფრანგული მოდის სახლთან თანამშრომლობას წყვეტს.
Photo: WWD
Isabel Marant-ის 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია გაბედულობას და თავისუფლებას ასხივებდა, კიმ ბეიკერთან კოლაბორაციით შექმნილი სამოსი მეამბოხე, თავისუფალ ქალბატონებს გვაგონებდა, ქალებს, რომლებიც მხოლოდ საკუთარ წესებს ემორჩილებიან. კოლექციაში იგრძნობოდა 80-იანი წლების პანკური სტილის გავლენები: მოკლე ქვედაბოლოები და შორტები, ასიმეტრიული ჭრები, პრინტიანი კოლგოტები, ტყავის მოსაცმელები, მეტალის დეტალები და აქსესუარები. თუმცა გარდა პანკ ესთეტიკისა, სამოსში აშკარად დავინახეთ ბრენდისთვის დამახასიათებელი ბოჰემური სტილის გავლენები: გამჭვირვალე ქსოვილები, ზამშის ჩანთები, ნაქარგებით გაფორმებული ფეხსაცმელი და ა.შ.
Photo: WWD
პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ვიქტორია ბექჰემმაც. ჩვენებას ტრადიციულად დაესწრო ბექჰემების მთელი ოჯახი. ვიქტორიას უახლეს კოლექციაში მინიმალისტური ელეგანტურობა კვლავ იგრძნობოდა. გრძელი პალტოები, მოკლე ქვედაბოლოები, კლასიკური პიჯაკები და შარვლები, ელეგანტური საღამოს კაბები, დიდი ზომის ჩანთები. კოლექციის ფერთა პალიტრა კი კლასიკურ, ნეიტრალურ ტონებს მოიცავდა, როგორებიცაა: შავი, თეთრი, ნაცრისფერი, მუქი მწვანე, ბურგუნდიული ღვინისფერი და სხვა.
Photo: WWD
კიდევ ერთი გამორჩეული ჩვენება ჰქონდა Rabanne -ს. ჟულიენ დოსენამ კვლავ დააბრუნა ბრენდისთვის დამახასიათებელი ხედვა და ინოვაციური დიზაინი. მეტალის ელემენტების დომინირებამ ნოსტალგიური განწყობა გააღვიძა მოდის მოყვარულებში, რადგან Rabanne სწორედ ის ბრენდია, რომელიც მეტალის გარეშე ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელია და თუ ვინმესთან მეტალი ასოცირდება, ეს აუცილებლად არის Rabanne. კოლექცია აერთიანებდა მაქმანსა და სინთეტიკურ ბეწვს, ქმნიდა კონტრასტს რბილ და მყარ ფურნიტურას შორის. ფერთა პალიტრაში დომინირებდა მუქი, მაგრამ ელეგანტური ტონები, ხოლო სტრუქტურული სილუეტები და უჩვეულო ტექსტურები ხაზს უსვამდა ბრენდის უნიკალურ ესთეტიკას. რაბანეს 2025 წლის შემოდგომის კოლექცია თანამედროვეობისა და ფანტაზიის სრულყოფილი ნაზავია – გაბედული, ექსკლუზიური და მომავლისკენ მიმართული.
Photo: WWD
ტექსტი: მარიამ ბექაური