რომელია ყველაზე ჯადოსნური დღესასწაული? ამ კითხვის უპირობო პასუხი ახალი წელია, ახალი იმედებით, ხედვებით და მიზნებით სავსე ღამე. ულამაზესი ქუჩები, ბრჭყვიალა ნათურებით გაფორმებული ვიტრინები, უზარმაზარი ნაძვის ხეები, დადებითი ემოციებით სავსე ადამიანები, ერთმანეთის სიყვარულით გაჟღენთილი თვალები და გარშემო გამეფებული ბედნიერების სურნელი.
ალბათ ყველა ქალაქი განსაკუთრებული ენთუზიაზმით ემზადება ახალი წლისთვის, თუმცა ამ განსაკუთრებულებშიც შეიძლება კიდევ უფრო განსაკუთრებულები გამოარჩიო, ნამდვილ ზღაპარში რომ გაგრძნობინებენ თავს, სწორედ ისეთები, როგორებიცაა: ნიუ- იორკი, ქალაქი რომელსაც არასდროს სძინავს, პარიზი თავის დაუვიწყარი შარმით, მუდამ მოკაშკაშე მილანი თუ თანამედროვეობის და ტრადიციების გამორჩეული სინთეზი- ლონდონი.
არავისთვის იქნება გასაკვირი ის ფაქტი, რომ მსოფლიო მოდის მთავარ ქალაქებში ახალი წლის დღესასწაული გამორჩეულად დახვეწილი და ზღაპრულია.
View this post on Instagram
რა შეიძლება იყოს უფრო ლამაზი, ვიდრე Chateau de Vaux- le- Vicomte-ს საახალწლო ვიზუალი, პარიზში. თუ ჯადოსნურ გარემოს ეძებთ, მე-17 საუკუნეში აშენებული, ეს ულამაზესი სასახლე ნამდვილი მაგიური გამოცდილება იქნება თქვენთვის.
View this post on Instagram
და დიორი, რომელიც Montaigne Avenue –ს ამშვენებს? მინიმალისტური, მაგრამ დახვეწილი ვიზუალის დეკორაციები და მეტალის ელემენტების ულამაზესი კომბინაცია, რომელიც ყველაზე მეტად უხდება პარიზს. ქუჩაში მოსიარულე ადამიანები, საჩუქრებით და ნაძვებით ხელში ყველაზე მეტად გაგრძნობინებთ სადღესასწაულო განწყობას პარიზში. და თუ მაინც ვიკითხავთ, რომელი ქალაქია ყველაზე ზღაპრული ახალი წლის ღამეს? პასუხი აუცილებლად იქნება- პარიზი.
View this post on Instagram
ასევე გამორჩეულად ლამაზი და ჯადოსნურია ნიუ- იორკის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც არასდროს რჩება ყურადღების მიღმა. როკფელერის ცენტრის წინ აღმართული უზარმაზარი ნაძვი, რომელიც გაფორმებულია უამრავი ფერადი ნათურით და ტრადიციული, უზარმაზარი ვარსკვლავით მუდმივად გამოარჩევს ნიუ- იორკს სხვა ქალაქებისგან. ბოლო წლებია, ნიუ-იორკის მთავარი ნაძვის ხე სხვა ქალაქებისთვისაც იქცა ინსპირაციად, მაგალითად: გასულ წელს თბილისი მთავარი ნაძვის ხე სწორედ როკფელერის ნაძვის მსგავსი დეკორაციებით შეიქმნა.
View this post on Instagram
შედარებით განსხვავებულად ემზადებიან ახალი წლისთვის მილანში. მინიმალიზმი ამ ქალაქის მთავარი ხელწერაა, რაც გამოიხატება, როგორც მთავარი ნაძვის ხის ვიზუალში, ისე ქუჩის დეკორაციებში. ძირითადად ოქროსფერ დეტალებში მორთული ქუჩები და ასევე ოქროსფრად განათებული ნაძვი დუომოს მოედანზე მილანს განსაკუთრებულ სიკაშკაშეს სძენს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალაქის სადღესასწაულო განწყობას დეკორაციებზე მეტად ხალხი ქმნის, რადგან ახალი წლის პერიოდში თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით თემატურ ღონისძიებებს, მუსიკალურ საღამოებს და სადღესასწაულო ვახშმებს.
View this post on Instagram
გამორჩეული ენთუზიაზმით ემზადებიან ახალი წლისთვის ლონდონში, სადაც სადღესასწაულო განწყობა ქალაქის ყველა მონაკვეთში იგრძნობა. დახვეწილი დეკორაციები მაღაზიების ვიტრინებზე, ყინულის მოედნები და მორთული ნაძვები ქუჩებში ნამდვილად ზღაპრულ გარემოს ქმნის ქალაქში. აქვე ხაზგასასმელია ტრადიციული ფეიერვერკების ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად იმართება ლონდონში, ცნობილი “ეშმაკის ბორბლის” მიმდებარედ. ეს თვალისმომჭრელი ღონისძიება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტებში, ამიტომ არავის უკვირს ის, რომ საახალწლო ზღაპრის სანახავად უამრავი ადამიანი სამოგზაუროდ სწორედ ლონდონს ირჩევს.
View this post on Instagram
საახალწლო სამზადისი და ამ სამზადისის ფონზე შექმნილი განწყობა საერთო ჯამში ნამდვილად მაგიურ დღეებს ქმნის მსოფლიოს ყველა კუთხეში, და მაინც თქვენთვის რომელი ქალაქია ყველაზე გამორჩეული? სად ისურვებდით ახალი წლის გატარებას?
ტექსტი: მარიამ ბექაური