ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება ტაილანდელმა მომღერალმა და მსახიობმა ლალისა მანობანიმ მიიქცია. თუმცა საინტერესოა, რამდენმა ჩვენგანმა იცის ლისას წარმომავლობა, კარიერული გზა და პირადი ცხოვრება, რომელიც არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ტაილანდელი ვარსკვლავი თითქმის ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე თუ წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ. თუ გაინტერესებთ, რატომ მოექცა ლისას ცხოვრება ყვითელი პრესის და საზოგადოების ყურადღების ქვეშ, მაშინ აუცილებლად გამოგვყევით სტატიის ბოლომდე.
ლისა 1997 წლის 27 მარტს დაიბადა ტაილანდში. მშობლებმა მას პრანპრია დაარქვეს, მოგვიანებით კი ვარსკვლავმა სახელი კანონიერად შეიცვალა და ლალისა დაირქვა, რაც განიმარტება, როგორც შექება. ხელოვნებისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა, თუმცა მისი გზა მუსიკალურ სამყაროში 2010 წლიდან იწყება, როდესაც ლისამ G Entertainment-ის კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. 2011 წელს ლალისა საცხოვრებლად სამხრეთ კორეაში გადავიდა, სადაც მისი K-pop კარიერა დაიწყო. 2016 წლის აგვისტოში კი ლისას დებიუტი შედგა სამხრეთ კორეული K-pop ჯგუფში, Blackpink-ში. 2019 წლისთვის ის უკვე ყველაზე პოპულარული იყო ჯგუფიდან, 2020 წლისთვის კი ინსტაგრამ პლატფორმაზე ლისას გამომწერთა რიცხვი 36 მილიონს აღწევდა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში ლისა კიდევ უფრო აქტიური გახდა როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე პრესაში და აქ უკვე ჩნდება კითხვა, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? არის ეს მისი ახალი კარიერული სტრატეგიის ნაწილი, თუ ამის უკან სხვა, უფრო პერსონალური მიზეზები იმალება? თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, ამ ყველაფრის უკან იმალება ისეთი ცნობილი გვარი, როგორიცაა არნო. როგორც ყვითელი პრესა იუწყება ლისა მანობანი ცნობილი ფრანგი ბიზნესმენის და LVMH-ის პრეზიდენტის, ბერნარ არნოს ერთ-ერთ შვილს და TAG Heuer -ის აღმასრულებელი დირექტორს, ფრედერიკ არნოს ხვდება და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ტაილანდელი მომღერალი და მსახიობი ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ჩანს – იქნება ეს მაღალი მოდის ჩვენებები, კინოპრემიერები თუ ელიტარული წვეულებები.
მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არცერთს არ დაუდასტურებია, წყვილი პაპარაცებმა არაერთხელ შენიშნეს ერთად. ჭორებს საფუძველი 2022 წლიდან დაედო, როდესაც ფრედერიკი ლოს-ანჯელესში BMO-ს სტადიონზე BLACKPINK-ის კონცერტს დაესწრო. მოგვიანებით ლისა და ფრედერიკი საბერძნეთში შეამჩნიეს, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ფრედერიკის უფროსი ძმა ალექსანდრ არნო და მისი მეუღლე. გარდა ამისა 2023 წელს წყვილი Bvlgari-ს ჩვენებას ერთად დაესწრო, 2024 წლის მაისში ისინი მაიამიში, TAG Heuer-ის Formula 1 Kith Launch-ის ღონისძიებაზე გადაიღეს.
2025 წლის 14 თებერვალს კი არნო შენიშნეს The White Lotus-ის მე-3 სეზონის პრემიერაზე, რომელიც ბანგკოკში გაიმართა, თუმცა წითელ ხალიჩაზე ლისასთან ერთად არ გაუვლია. საზოგადოება მათ ურთიერთობაზე უფრო აქტიურად ალაპარაკდა მიმდინარე წელს, როდესაც ლისა LVMH-ის მფლობელობაში მყოფი მოდის სახლების ჩვენებებზე სტუმრის ამპლუაში გამოჩნდა. ოსკარის დაჯილდოების შემდეგ წვეულებაზე კი ტაილანდელმა ვარსკვლავმა ცნობილი ამერიკელი სუპერმოდელი კენდალ ჯენრიც კი დაჩრდილა და ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში.
პრესისთვის საინტერესო აღმოჩნდა ლისას ბოლო ალბომი Alter Ego და სიმღერა Moonlit Floor, რომელშიც მომღერალი „მწვანეთვალება ფრანგ ბიჭზე“ მღერის – რაც გულშემატკივრებმა მინიშნებად აღიქვეს, თუმცა ლისამ განაცხადა, რომ ის ამ სიმღერის ავტორი არ არის. საინტერესოა ეს მხოლოდ დამთხვევაა, თუ ლისა და ფრედერიკი ცდილობენ თავიანთი ურთიერთობა საჯარო ყურადღებისგან დაიცვან? ერთი რამ ნამდვილად ცხადია – ლისა არამხოლოდ სცენაზე, არამედ მაღალი საზოგადოების წრეშიც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახდა, და როგორც ჩანს, მისი ცხოვრება კიდევ ბევრ საიდუმლოს მალავს.