გაზაფხული უამრავი ადამიანისთვის გამოღვიძებასთან და ახალ ენერგიებთან ასოცირდება, ეს კი აისახება არა მხოლოდ ყოველდღიურ საქმიანობაზე და განწყობაზე, არამედ სტილზეც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სეზონს საკუთარი ხიბლი აქვს, მზიანი ამინდები განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს მოტივაციაზე და სურვილზე, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ. თუმცა, საინტერესოა რას გვთავაზობს 2025 წლის გაზაფხული და რა იქნება ამ სეზონზე ყველაზე აქტუალური სტილის ელემენტი?
წინა წლების მსგავსად, 2025 წლის გაზაფხულის მთავარი ტონები ღია, ნეიტრალური ფერებია, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უხდება ამ სეზონს. კრემისფერი, რძისფერი, ქვიშისფერი, ცისფერი, ღია ნაცრისფერი, ვარდისფერი- ეს ის პალიტრაა, რომელიც სეზონზე ყველაზე აქტიურად შეგვხვდება. ამიტომ თუ გარდერობის განახლება ჯერ არ დაგიწყიათ, უკვე იცით რომელ ფერებს მიანიჭოთ უპირატესობა.
წელს განსაკუთრებულად აქტუალური იქნება თეთრი კაბები და შარვლები. კლასიკური თეთრი ფერი მზიან ამინდებს უფრო კაშკაშა და ნათელ ელფერს სძენს. ამიტომ, თეთრი ფერის დომინირება თქვენს სტილში უფრო მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ალბათ, თეთრი ის ფერია, რომელიც შეგიძლიათ მოუხდინოთ, როგორც ღია, ასევე მუქ ტონებს. ამიტომ თუ დიდხანს ფიქრობთ ყოველდღიურ ლუქებზე, თეთრი კაბები და შარვლები, თქვენი ფიქრის დროს საგრძნობლად შეამცირებს.
ნეიტრალურ და ღია ტონებთან ერთად 2025 წლის გაზაფხულზე აქტიურად შეხვდებით ბურგუნდიული ღვინისფერს და შოკოლადისფერ ტონებს, რომლებიც ყველა სეზონზე გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს. მათი კომბინაცია ღია ფერებთან, იდეალურ საგაზაფხულო სტილს შექმნის და თქვენს ლუქს გამოაცოცხლებს.
2025 წლის გაზაფხულის სეზონის მთავარი ტრენდი Maison Margiela -ს და Louboutin -ის კოლაბორაციით შექმნილი ფეხსაცმელი იქნება, რომელმაც მოდის მოყვარულების გული გამოჩენისთანავე მოიგო. ფეხსაცმელები Maison Margiela-ს ავანგარდულობას და Louboutin-ის კლასიკურ გლამურს აერთიანებს და დაგვეთანხმებით, განსაკუთრებულად უხდება გაზაფხულის ლუქებს.
გასული სეზონის მსგავსად, აქტუალურობას არ დაგარგავს ე.წ “ბეგი” ჯინსები, რომელიც შეგვიძლია შევუხამოთ, როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ სტილს. დიდი ზომის ჯინსების და ქუსლიანი ფეხსაცმლის კომბინაცია მიმდინარე სეზონზე საკმაოდ აქტუალურია, ამიტომ გარდერობის განახლების პროცესში აუცილებლად გამოყავით ადგილი დიდი ზომის ჯინსისთვის.
ასევე არ კარგავს პოპულარობას თრენჩები, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გაზაფხულის სეზონის უცვლელ ელემენტად რჩება. თრენჩთან ერთად სეზონის ფავორიტი, ტყავის მოსაცმელებია, იქნება ეს ვინტაჟური სტილი, თუ უფრო თანამედროვე, კლასიკური ტყავი.
რაც შეეხება აქსესუარებს, მიმდინარე სეზონზე უკვე აქტიურად ვხვდებით ე.წ “ბაგეტის” ჩანთებს, რომელიც ლუქს უფრო დახვეწილს და ელეგანტურს ხდის. განსაკუთრებით პოპულარული კი იქნება გრძელი, ვიწრო ფორმის მოდელები, რომლებიც უხდება როგორც ყოველდღიურ სამოსს, ასევე საღამოს ლუქებს.
2025 წლის გაზაფხული დახვეწილი მინიმალიზმის, კომფორტის და კლასიკური ელეგანტურობის შესანიშნავი სინთეზია, თქვენ კი მხოლოდ ის დაგრჩენიათ თამამად გამოხატოთ საკუთარი უნიკალური სტილი.
ტექსტი: მარიამ ბექაური