N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

კაბა, როგორც ემოცია: 2026-2027 წლების საქორწილო ესთეტიკა

მაისი 18, 2026
A A
კაბა, როგორც ემოცია: 2026-2027 წლების საქორწილო ესთეტიკა
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

საქორწილო კაბა დღეს მხოლოდ ტრადიცია აღარ არის – ის ემოცია, ესთეტიკა და ხშირად, მთელი ის განწყობაა, რომელსაც ქალი თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ირგებს. სწორედ ამიტომ, 2026-2027 წლების საქორწილო სეზონი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა: დიზაინერები კლასიკურ სილუეტებს დაუბრუნდნენ, თუმცა სრულიად ახალი ინტერპრეტაციით, თავისუფალი ფორმებით, უფრო დახვეწილი დეტალებითა და სახასიათო ხედვით.


ბოლო პერიოდში საქორწილო ტენდენციებზე გავლენას უკვე არა მხოლოდ მოდის სახლები, არამედ კინო, პოპკულტურა და ცნობილი წყვილების ცერემონიებიც ახდენს. დიორის მაღალი მოდის (Haute Couture) კოლექციაში ჯონათან ანდერსონის დრამატული საქორწილო სამოსი, ჰარის რიდის თეატრალური სილუეტები და უკვე განხილვის საგნად ქცეული, მომავალი ვარსკვლავური ქორწილები აშკარად ქმნის იმ განწყობას, რომელიც მიმდინარე სეზონს განსაზღვრავს: ყველაფერი უფრო კინემატოგრაფიული, ემოციური და გაცილებით ინდივიდუალური ხდება.


2027 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში განსაკუთრებით გამოიკვეთა უსახელო (strapless) საქორწილო კაბების დაბრუნება. თუმცა, ეს აღარ არის წლების წინ პოპულარული, მკაცრი და სწორი ფორმის მოდელები. ახალი ვარიაციები გაცილებით რბილი, არქიტექტურული და ქალური გახდა. დიზაინერები დეკოლტეს ფორმებით თამაშობენ – ოდნავ ამოწეული ხაზები, ნაზი გულის ფორმები, ოვალური ჭრილები და სიზუსტით შექმნილი კორსეტი კლასიკურ სილუეტს სრულიად ახალ ხასიათს სძენს.


წელის ხაზი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბოლო წლებში პოპულარული „დაწეული წელი“ და კლასიკური ბასკური ფორმა ახლა ერთმანეთს ერწყმის. შედეგად, იერი უფრო ბუნებრივი და დინამიკური ხდება – ხაზს უსვამს სხეულის ფორმას, თუმცა სიმსუბუქესა და ჰაეროვნებას არ კარგავს. მისი ხიბლი სწორედ სიმარტივეშია, რომელიც ზედმეტი დემონსტრირების გარეშე იქცევს ყურადღებას და ელეგანტურობით ქმნის ძლიერ შთაბეჭდილებას.


განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს დეტალები- ყვავილის ფურცლების მსგავსი მოცულობითი ელემენტები, მაქმანით გამოკვეთილი ნაწილები და მსუბუქად დატალღული, დრაპირებული ქსოვილები. ყოველივე ეს ისე გამოიყურება, თითქოს სამოსი მოძრაობისას ცოცხლდება.


2027 წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი კვლავ მაქმანია. მისი გამოყენება ამ სეზონზე სრულიად ახალი, უფრო მსუბუქი და თანამედროვე ფორმით ხდება. გამჭვირვალე მაქმანიანი მკლავები, თხელი ყვავილოვანი ტექსტურები, ხელით ნაქარგი დეტალები და ნაზი ქსოვილები კაბებს ძველი ჰოლივუდის ელეგანტურობასა და თანამედროვე მაღალი მოდის ესთეტიკას სძენს.


ამავე სტილს აგრძელებს 90-იანების მინიმალიზმიც. კაროლინ ბესეტ-კენედის გავლენა საქორწილო მოდაზე დღემდე იგრძნობა და 2027 წელს ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა. თხელი აბრეშუმის კაბები, სუფთა ხაზები, სადა სილუეტები და უცვლელი კლასიკა თანამედროვე პატარძლების ერთ-ერთ მთავარ არჩევანად იქცა. თუმცა, დღევანდელი მინიმალიზმი აღარ არის ძველებურად ცივი. დიზაინერები მას უფრო რბილ და ემოციურ ელფერს ანიჭებენ: ნაზი მარგალიტები, დახვეწილი, ბზინვარე დეტალები, მოძრავი აბრეშუმი და ჰაეროვანი ტექსტურები სრულიად მარტივ სამოსსაც კი განსაკუთრებულ სიღრმეს სძენს.


ამავე განწყობას აგრძელებს მაქმანით გაწყობილი ფატების დაბრუნება. ესპანური სტილის მაქმანიანი თავსაბურავი, რომელიც წლების განმავლობაში ტრადიციულ და რელიგიურ ელემენტად ითვლებოდა, დღეს საქორწილო მოდის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ აქსესუარად იქცა. სახესა და მხრებზე რბილად დაშვებული მაქმანი მთლიან იერს განსაკუთრებულ სიღრმესა და დრამატულობას მატებს და ეს ყველაფერი იდეალურად ერწყმის იმ სუბუქეს, რომელის განსაკუთრებულად უხდება საქორწილო ცერემონიებს.


მიმდინარე სეზონზე, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ „ჯულიეტას ქუდის“ (Juliet cap) სტილის ფატა. ეს ვინტაჟური აქსესუარი, რომელიც 1920-იანი წლების ესთეტიკაში გვაბრუნებს, თანამედროვე პატარძლების ერთ-ერთ საყვარელ დეტალად იქცა. თავზე რბილად მორგებული მაქმანი იდეალურად ერწყმის აბრეშუმის კაბებს, ბუნებრივ ვარცხნილობასა და მინიმალისტურ მაკიაჟს. მთლიანობაში კი ქმნის იმ მშვიდ, დახვეწილ ელეგანტურობას, რომელიც თანამედროვე საქორწილო მოდის მთავარ განწყობას ქმნის.


2027 წლის კოლექციებში ერთ-ერთ წამყვან ტენდენციად მოგვევლინა ასიმეტრია. იდეალურად სწორი და სიმეტრიული ხაზები ადგილს უთმობს ფორმებს, რომლებიც მოძრაობისა და ბუნებრიობის შეგრძნებას ქმნის – ერთ მხარეს დაშვებული დეკოლტე, არათანაბარი დრაპირება, ფენებად დაყოფილი ქსოილები. ყველაფერი თითქოს ოდნავ დაუსრულებელია, თუმცა რეალურად სწორედ ეს დეტალები ქმნის დაუვიწყარ ეფექტს.


საბოლოოდ, 2027 წლის საქორწილო მოდა ერთ მთავარ იდეამდე მიდის: თანამედროვე პატარძალს აღარ სურს სრულყოფილ „კლასიკურ“ ჩარჩოებში მოქცევა, მას სურს კაბა, რომელიც მის ხასიათს, სტილს, განწყობასა და სიყვარულს ასახავს. სწორედ ამიტომ, ახალი საქორწილო მოდა უფრო სენტიმენტალური, არტისტული და ბევრად უფრო ცოცხალია, ვიდრე ეს აქამდე იყო.


ტექსტი: ნინია ოქრომჭედლიშვილი

Tags: რა ჩავიცვასაქორწილო კაბაქორწილიქორწილის აქსესუარები
წინა პოსტი

საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN