თბილისში ვინტაჟური შოპინგი ნელა, თითქმის შეუმჩნევლად იქცა კულტურად, რომელიც მასობრივ მოდას სცილდება და ხაზს ინდივიდუალიზმს უსვამს. ეს არის სივრცე, სადაც დრო განსხვავებული რიტმით მოძრაობს: აქ არჩევანი არ არის ნაჩქარევი, დეტალები არ იკარგება და თითოეული ნივთი საკუთარ ისტორიას გვიყვება. ვინტაჟი მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ის მოგონებების, განწყობისა და ხასიათის ერთობლიობაა, რომელიც ახალ მფლობელთან ერთად აგრძელებს სიცოცხლეს.

ამ გამოცდილებაში ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ძიების პროცესია. სამოსს და აქსესუარებს შორის ნელი სვლა, ქსოვილების შეხება და მოულოდნელი აღმოჩენები ქმნის იმ განსაკუთრებულ განცდას, რომელიც ხშირად იკარგება თანამედროვე შოპინგში. ვინტაჟურ მაღაზიებში სტუმრობისას წინასწარ არ გაქვს განსაზღვრული თუ რის შეძენას გეგმავ და ხშირ შემთხვევაში ის ნივთი გპოულობს, რომელიც იდეალურად ერგება შენს სტილს.

სინამდვილეში, ვინტაჟის მიმართ ინტერესის ზრდა შემთხვევითი არ არის. ის ერთდროულად აერთიანებს მდგრადობას, ინდივიდუალიზმს და ესთეტიკურ სიღრმეს. მაგალითად, ძველი პიჯაკი შესაძლოა დღეს უფრო აქტუალური აღმოჩნდეს, ვიდრე ახალი კოლექციების მოსაცმელები. რეალურად, დავიწყებული ბრენდები და მოდელები ნოსტალგიასთან და იმ ემოციებთან ასოცირდება, რომლებიც ყველა სიტუაციაში გაგრძნობინებთ თავს განსაკუთრებულად.

სწორედ ამიტომ, ეს სივრცეები იზიდავს მათ, ვინც მოდას აღიქვამს არა როგორც სწრაფად ცვლად ტენდენციას, არამედ როგორც თვითგამოხატვის იდეალურ გზას. ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ თბილისში ეს კულტურა განსაკუთრებით ცოცხლია და ქუჩაში უბრალოდ სეირნობისას, ხშირად დამალულ, პატარა ვინტაჟურ მაღაზიებს ვპოულობთ, როგორებიცაა:
Archived Couture

Fadeconcept

Salut Nostalgia

Rebel Vintage

Tbilisi, Tbilisi.

Refound Dome

Depot

Fleabag 61 
თბილისში თითოეული მაღაზია ალტერნეტიულ მოდის სცენად გვევლინება, რომელშიც მთავარი არა ტენდენციები, არამედ ის ემოცია და განცდებია, რაც თითოეულ ნივთს თან სდევს.
