მისი შემოქმედება არავისას ჰგავს, იგი წლებია ინარჩუნებს თავის განსაკუთრებულ ხელწერას, მინიმალისტურ ესთეტიკას, რომელიც გამორჩეულ შემოქმედად აქცევს, ვისი ნამუშევრებიც დროს უძლებს – დიზაინერი თამუნა ინგოროყვა და მისი ნიშური ბრენდი თავისი უნიკალურობით ყოველთვის ყურადღებას იქცევს და აქტუალურობას ინარჩუნებს.როგორ ახერხებს, იყოს მუდმივად განსხვავებული, როგორ იქმნება კოლექციები, რას ფიქრობს თანამედროვე მოდის ინდუსტრიაზე, ქართველი მოდელების წარმატებაზე და რა გეგმები აქვს სამომავლოდ? – დიზაინერი თავის შეხედულებებს „ნარგისის“ მკითხველს უზიარებს.
შემოქმედებით და პროფესიულ გზაზე რა იყო თქვენი პირველი შთაგონება, რამაც დიზაინერის კარიერის არჩევა გადაგაწყვეტინათ?
ბანალურად რომ ვთქვა, ჩემი სიგრძის შარვლებს ვერ ვშოულობდი, ყველაფერი მქონდა მოკლე – შარვალი მქონდა კოჭზე, ყველაფრის სახელოები მქონდა მოკლე და უკვე ზრდასრულ ასაკში დავიწყე ფიქრი, რომ მე შევქმნი ისეთ სამოსს, რომელსაც მაღალი ქალები კომფორტულად მოირგებენ. რაც შეეხება შთაგონებას, არ ვიცი, რამ მიბიძგა. არ მინდა, ამბიციურად გამომივიდეს, მაგრამ ხომ ამბობენ – დიზაინერად დაიბადა. შინაგანად სულ მქონდა ეს. პატარა რომ ვიყავი, თოჯინებს ვუკერავდი სამოსს, ვაცმევდი, სტილს ვურჩევდი. სხვათა შორის, ბავშვობის ფოტოებს რომ ვნახულობ, ახლა როგორც მაცვია, მაშინაც ისე მეცვა. გამოხატულად მქონდა გონებაში ჩამოყალიბებული, რა მომწონდა და რა არა. ბავშვობიდან მიტაცებდა ეს ყველაფერი. ისეთ პერიოდში გავიზარდე, როცა არაფერი იშოვებოდა, ვერაფერს იყიდდი, ტანსაცმელი არ იყო – ალბათ ესეც მაძლევდა შთაგონებას. ექიმების ოჯახიდან ვარ. ჩემს ოჯახში არავინ კერავდა, არავინ იყო ხელსაქმით დაკავებული. ტანსაცმელი ჩვენი ოჯახისთვის ყოველთვის მხოლოდ მოხმარების საგანი იყო, საჭიროა და იმიტომ არის – ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ.
თქვენი სტილი მინიმალისტური და გეომეტრიული ელემენტებით გამოირჩევა, რაც სიმარტივისა და დახვეწილობის განსაკუთრებულ კომბინაციას ქმნის. როგორ ახერხებთ და ავითარებთ კოლექციებში ამ უნიკალურ ხედვას?
ჩემი ხედვა, რომელიც ჩემს კოლექციებში ჩანს, ბუნებრივად მოდის. ბავშვობიდან ყოველთვის ძალიან მომწონდა ესთეტიკურად, კარგად ჩაცმული ადამიანები, თვალს ვაყოლებდი. ძალიან მიყვარს სილამაზე. მიყვარს, როცა ადამიანებს ინდივიდუალურად, გამორჩეულად აცვიათ. ის, რომ ჩემი კოლექციები არქიტექტურული და გეომეტრიული დეტალებით იყოს დატვირთული, ბუნებრივად მოდის. გამოხატულად მიყვარს არქიტექტურა, გეომეტრია მომწონს. როცა ჩემთვის, განტვირთვისთვის ვხატავ, სულ გეომეტრიულ ფორმებს ვხატავ. პარიზში სადიპლომოზე რომ ვმუშაობდი, ერთი ძალიან დასამახსოვრებელი ამბავი მოხდა. მაშინ არ იყო „პინტერესტი“, Google-შიც რომ მოგეძებნა, არქივებს ვერ ნახავდი. ჩამოვედი თბილისში, არქივებში შევისწავლე ქართული სამოსი, ქართული კაბის დეტალები. სხვაგან რატომ დავიწყებდი თემის ძიებას, როცა უნიკალური და ყველაზე განსაკუთრებული მაქვს ჩემი, ეროვნული სამოსი, რომლისგანაც შემეძლო შთაგონება მიმეღო?! გავაკეთე ყველაფერი, ვფიქრობდი, რომ საოცარი სადიპლომო მოვამზადე, ბედნიერი შევედი გასაუბრებაზე, ვფიქრობ, რა მაგარი ვარ, აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი თავით.
ფოტო: გიორგი ბაზაევი
თუმცა თავისუფალი ხატვის ლექტორმა შეხედა და მითხრა, ეს არ არის თამუნა, ეს ნამუშევარი შენ არ ხარო. აბა, ვინ არის-მეთქი? მისი პასუხი იგივე იყო, ეს შენ არ ხარო. შემდეგ თქვა, მადროვეთო, გავიდა, შემოიტანა ჩემი მთელი წლის ნამუშევრები, დააწყო და თქვა: „აი, ვინ ხარ შენ!“ დავიწყე რაღაცების მტკიცება. მან მითხრა, აზრი არ აქვს ახლა ლაპარაკსო. მეორე დღისთვის დამიბარა, გავისაუბროთო, ცოტა ფსიქოლოგიურადაც დამეხმარა, რომ მომეძებნა ის, რაც იყო ჩემი. დავხიე ყველაფერი, რაც სადიპლომოდ მოვამზადე. მივხვდი, რომ მთელი წელი სულ სადა ტანსაცმელებს ვაკეთებდი და ვიფიქრე, ახლა რატომ მოვინდომე ამდენი ფერი, ამდენი ფაქტურა, ამდენი ნაქარგი, ამდენი თვალი?! არ ვიცი, ეს რატომ გავაკეთე. მეგონა, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა, უკეთესი იყო. ამ ადამიანის მადლიერი ვარ, რადგან ჩემი ხელწერის, სტილის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა, პროფესიული გზიდან არ გადამახვევინა და სწორი მიმართულება მომცა. 22 წლის ვიყავი, როცა ბიზნესი დავიწყე, ბევრი დაბრკოლება შემხვდა, თუნდაც ფინანსური, თუნდაც შემოქმედებითი. ხანდახან ვფიქრობდი, რომ მთლიანად მომხმარებელს უნდა მოვრგებოდი. მერე მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი. ძალიან დიდ ტალღებში გიწევს გავლა. ახლა მადლიერი ვარ საკუთარი თავის – ბოლო ათი წელია ჩემს შემოქმედებაზე არ მოქმედებს ბაზრის გავლენა, ინდივიდუალურ ხელწერას არ ვკარგავ.
მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში, როგორც დიზაინერი საქართველოდან, რა ტრენდებს ადევნებთ თვალყურს და როგორ აძლევთ მათ საკუთარ ინტერპრეტაციას?
კოლექციაზე მუშაობისას ტვინში საოცარი შემოქმედებითი დუღილი მიდის. უამრავი რამე მომდის კადრებად. სიჩუმე ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, ხანდახან ჩემს თავს ვადანაშაულებდი, ვფიქრობდი, ახლა „მუდბორდის“ გაკეთება მაგვიანდება და ა. შ. რა დროს „მუდბორდია“, ტვინში ხარშვის პროცესია ყველაზე საინტერესო! დავიწყე ამით სიამოვნების მიღება. იყო დრო, როცა „ტრენდბუქებით“ ვხელმძღვანელობდი, ფერები წინასწარ, ერთი წლით ადრე მქონდა ნაყიდი, ამ ფერების მიხედვით ვარჩევდი ქსოვილებს. ახლა საერთოდ არ ვუყურებ, ხანდახან, ჟურნალისტი რომ მოდის და მეუბნება, წელს ესა და ეს ფერია მოდაშიო, მე ვამბობ: „უი, მართლა?!“ მე ეს არ მეხება, მე ძალიან ნიშური ბრენდი მაქვს. რა თქმა უნდა, რომ მქონდეს უზარმაზარი, ინდუსტრიული ბრენდი, სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ მაქვს ნიშური ბრენდი, მყავს სხვანაირი მომხმარებელი და ყველაფერი ემოციებზეა აწყობილი.
დღევანდელ დღეს მასობრივი წარმოება და სწრაფი მოდა სერიოზულ პრობლემად იქცა. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება და როგორ აღიქვამთ საკუთარ ბრენდს ამ კონტექსტში?
ვხედავთ, რომ ყველა ბრენდი ეკოლოგიაზე ზრუნვის მიმართულებით თითქოს რაღაცას ცდილობს, უკვე შემოვიდა გადამუშავებადი ქსოვილები, უკვე დახვეწეს კოლექციები, მასალებს ცვლიან. საერთოდ, მასობრივი წარმოებისას ისეთი პროდუქცია უნდა გამოუშვა, რომ გადამუშავებადი იყოს. ძალიან ვამაყობ ჩემი მომხმარებლით. ამ ბოლო დროს დავიწყე საკუთარი თავის ასეთი ქება და აღიარება – რომ მოდიან ჩვენი მომხმარებლები და მეუბნებიან: „თამუნა, 15 წლის წინ რომ ვიყიდე შენთან კაბა, ისევ კარადაში მიკიდია“, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რადგან ჩემ მიერ შექმნილი ნივთი ცოცხალია. არ მიყვარს, როცა ბევრი ნივთი მაქვს, უნდა გავცე, რომ მან რაღაც ფუნქცია შეიძინოს.
წაიკითხეთ თამუნა ინგოროყვას სრული ინტერვიუ ჟურნალ ნარგისის ახალ ნომერში, რომლის შეძენაც შეგიძლიათ: ბიბლუსში,ნიკორაში, ფრესკოსა და მაცნეს ჯიხურებში.
ინტერვიუ: დათა ალექსეევი, ხატია ვარდოსანიძე