„იცით, უცნაურია – ყოველ დილით როცა ვიღვიძებ, უნდა გადავწყვიტო, 15 წლის გოგო ვარ, თუ მოხუცი ქალბატონო, რომელიც სიკვდილს უახლოვდება“, – ეს ლეგენდარული დიზაინერის, მიუჩია პრადას სიტყვებია.
ქალი, რომელმაც მოდის სამყაროში იმპერია შექმნა 74 წლისაა და ამბობს, რომ დღემდე არ ჩამქრალა მასში შემოქმედებითი ლტოლვა, ახლის კეთების, რაღაც განსაკუთრებულის შექმნის სურვილი.
ის ამერიკული Vogue-ს ახალი ნომრის მთავარი სტუმარია. მოდის ჟურნალის ჟურნალისტს მიუჩია პრადა სტილით, მანერებით დიდი ბრიტანეთის გარდაცვლილ დედოფალს, ელისაბედს აგონებს.
დიზიანერი ამბობს, რომ მოდა მისი ცხოვრების მესამედია. მან ქმართან, პატრიციო ბერტელთან ერთად ორი ცნობილი ლეიბლი Prada და Miu Miu შექმნა და მართავს Prada Group-ს, გლობალურ, ძვირადღირებულ ბრენდს, რომლის შემოსავალიც წელიწადში 4,5 მილიარდი დოლარია, ჰყავს 13 000 თანამშრომელი.
მიუჩია პრადას თქმით, მისი ცხოვრების დანარჩენი მნიშვნელოვანი ნაწილი არის „კულტურა და ფონდი“, ასევე ოჯახი და მეგობრები.
„ვცდილობ, ჩემი ცხოვრება სასარგებლო გავხადო“, – ამბობს დიზაინერი. პრადას მოსწონს სიტყვა „სასარგებლო“ და არ მოსწონს სიტყვა – „ფუფუნება“, რადგან ვულგარულად მიაჩნია.
ალბათ, ახლა მიუჩია პრადას შესახებ ყველაზე უცნაურ რამეს წაიკითხავთ – თურმე თავიდან ძალიან რცხვენოდა დიზაინერობის და ტანსაცმლის შექმნა სამარცხვინო საქმიანობად მიაჩნდა:
„მე ყოველთვის მჯეროდა, რომ არსებობდა მხოლოდ ორი კეთილშობილური პროფესია – პოლიტიკოსობა და ექიმობა. დიზაინერობა? – ჩემთვის ეს კოშმარივით იყო, მაგრამ მაინც გავაკეთე, ძალიან მრცხვენოდა, თუმცა ლამაზი საგნების სიყვარულმა გაიმარჯვა“, – ამბობს მიუჩია პრადა.
დიზაინერის თქმით, მას სურდა, რომ განსხვავებული, ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო. 1960-იან წლებში, როდესაც იტალიაში პოლიტიკურ აქტივობებში იყო ჩართული, მაშინ როცა დემონსტრაციებზე ჯინსებით დადიოდნენ, მიუჩია ცნობილი იყო იმით, რომ Yves Saint Laurent ეცვა.
„ზოგიერთ ადამიანს არ სურს, რომ ის გააკეთოს, რასაც გარშემომყოფები აკეთებენ, მეც ასეთი ვიყავი და ეს ალბათ, ჩემი ღრმა ნაწილია“, – ამბობს დიზაინერი.
პრადა-ბერტელის წარმატების საიდუმლოზე საუბრისას, მიუჩია პრადა ამბობს, რომ ალბათ ეს იმის ბრალია, რომ მათ უყვართ მუშაობა., მოსწონთ აქტიურობა. პირველ კოლექციაში პრადას ხელწერა გამოხატული იყო კონტრასტული ფერებით, მამაკაცური სილუეტით. პრადა ორიგინალური იყო. ის ეწინააღმდეგებოდა Armani-ს ხელუხლებელ, უხერხულ ხაზებს, არც Versace და Dolce & Gabbana-ს სტილს არ მის მიერ შექმნილი სილუეტი.
„ქალს არ წარმოვიდგენ როგორც ლამაზ სილუეტს – არა. მე ვცდილობ, რომ პატივი ვცე ქალებს, სუპერსექსუალური სამოსი კი არ შევქმნა, არამედ შევქმნა კრეატიული სამოსი, ისეთი, რომელიც იქნება სასარგებლო, კომფორტული“, – ამბობს დიზაინერი.
მიუჩია პრადა თვლის, რომ მოდის სფეროს უნდა მოშორდეს სილამაზის სტანდარტები, კლიშეები, რომელსაც დღემდე ვაწყდებით ამ ინდუსტრიაში.
„ახლაც კი, მოდა აწესებს სილამაზის კლიშეებს, მაგრამ ეს სრულად უნდა მოშორდეს, დიახ, უნდა შეიცვალოს“, – განმარტავს დიზაინერი.
ის საყვარელ საქმეს არასდროს უყურებდა როგორც გამდიდრების და პოპულარობის საშუალებას, არამედ ეს უბრალოდ საქმე იყო, რომელიც ძალიან უყვარდა და დღემდე უდიდესი ვნება აკავშირებს შემოქმედების მიმართ.
„ჩვენ არასდროს გვიმუშავია იმისთვის რომ გავმხდარიყავით ცნობილები და მდიდრები. ვმუშაობდით იმისთვის რომ გაგვეკეთებინა ისეთი რამ რაც საინტერესო იქნებოდა და რაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა“, – ამბობს მიუჩია პრადა.