გენიალური პაბლო პიკასოს ქალიშვილი, დიზაინერი, გლამურული წვეულებების გამორჩეული სტუმარი პალომა პიკასო 74 წლის ასაკშიც მტკიცედ ინარჩუნებს მოდის კერპის სტატუსს.
„ხელოვნება არასდროს იყო ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული, ის უბრალოდ ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობაა“ – განმარტავს პალომა, პაბლო პიკასოსა და მხატვარ ფრანსუაზა ჟილოს ქალიშვილი. ფერების შეგრძნება გოგონას ნამდვილად ბავშვობიდან მიყვება, რაც მის გარდერობსა და ხედვებზეც აისახება.
სინამდვილეში პაბლოს ძალიან უყვარდა მტრედები, რამდენიმე სახლში მოშინაურებულიც ჰყავდა, მტრედებისადმი სიყვარულით კი თავის გოგონას პალომა დაარქვა, რაც ესპანურიდან ითარგმნება როგორც „მტრედი“. პალომა სინამდვილეში ამბიციურ, დამოუკიდებელ მხატვრად გაიზარდა, რომელსაც არასდროს სურდა მამის ჩრდილში ყოფნა და ცდილობდა გზა დამოუკიდებლად გაეკვალა.
პალომამ ექვსი წლის ასაკში პირველად იცხო წითელი ტუჩსაცხი, 25 წლის ასაკში შეასრულა როლები „ამორალურ ისტორიებში“, ბავშვობიდან წითელი ტუჩსაცხი მის სავიზიტო ბარათად იქცა.
მისი შემოქმედებითი გზა კოსტიუმებზე მუშაობით დაიწყო პარიზის თეატრისთვის. იქ შეუყვარდა ძვირფასეულობა და საიუველირო საქმის შესწავლაც გადაწყვიტა. ეს ის პერიოდია, როცა პალომას უკვე პროფესიონალურ წრეში იცნობენ, ამ პერიოდშივე დააინტერესა ივ სენ-ლორანიც.
მათი თანამშრომლობა ხანგრძლივ და გულწრფელ მეგობრობად გადაიქცა, პალომამ სენ-ლორანის სახლის კოლექციისთვის არაერთი სამკაული შექმნა და სენ ლორანის მთავარ მუზად იქცა, ხოლო გაცნობიდან შვიდ წელიწადში დიზაინერმა პალომასთვის საქორწილო კაბა შეკერა.
წითელი აბრეშუმის ბლუზა ტყავის ხელთათმანებთან ერთად, თეთრი კარდიგანი და ბუმბულებიანი თავსაბურავი საქორწილო კაბების ახალ ტრენდად იქცა, ასე დაიმსხვა თეთრი კაბის სტერეოტიპი.
პალომა განაგრძობდა მოდის სახლების დაპყრობას, 1970 წელს მან ცნობილი ბერძნული საიუველირო სახლისთვის “Zolotas”, შექმნა ლიმიტირებული კოლექცია, მისი ოქროს სამაჯურები და ყელსაბამები მთვარის ფაზებით ბრენდისთვის მინიმალიზმისკენ გეზის აღების მიზეზი გახდა.
პაბლოს გარდაცვალების შემდეგ, 1973 წელს პალომამ შემოქმედებითი პაუზა გადაწყვიტა და შვიდი წლის შემდეგ დაბრუნდა მოდის სამყაროში, 1980 წელს დაიწყო თანამშრომლობა Tiffany & Co-სთან. „ის არასდროს მისდევს მოდას, ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ არის“ – განმარტა ტიფანის დიზაინის დირექტორმა ჯონ ლორინგმა. პალომას შექმნილი სამკაულები სახლის მემკვიდრეობის ნაწილად და აბსოლუტურ კლასიკად იქცა.
მისი პირველი კოლექცია Paloma’s Graffitti ეწოდებოდა, მაშინ 1970-იანებში ქუჩის მხატვრობა ვანდალიზმად ითვლებოდა. პალომამ მოგვიანებით დაიწყო მოცულობითი წარწერების გამოყენება სახლების კედლებსა და მეტროს ვაგონებში. მოდაში დაამკვიდრა ფერადი ძვირფასი ქვები და ასწავლა ქალებს ყოველდღიურობაში სამკაულების გამოყენება.
საბოლოოდ დახვეწილმა ქალბაოტნმა თავისი სიმბოლო შესთავაზა მსოფლიოს ზეთისხილის ხის სახით, რომლითაც ყოველდღიურად ტკბება მაროკოს სახლში საკუთარი ფანჯრიდან. ზეთისხილისადმი სიყვარული Tiffany & Co-ს კოლექციაშიც გამოხატა, ნაზი ოქროსფერი და ვერცხლისფერი ტოტები ამშვენებს საყურეებსა და მარგალიტის ყელსაბამს.
პალომა ამჟამადაც აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ამერიკულ ბრენდთან, „საუკეთესო სამკაული არის ის, რომელიც ჯერ კიდევ არ შემიქმნია“ – განმარტავს პიკასო.
„ერთხელ ყური მოვკარი, როგორ ესაუბრებოდნენ ქალბატონები ერთმანეთს და ერთმა მეორეს უთხრა ეს არ იქნება პალომა, ვინაიდან მას ყოველთვის წითელი ტუჩსაცხი უსვია, მაშინ მივხვდი თუ როგორ ვიქეცი ინკოგნიტოდ.“ – განმარტავს პალომა.
მას შემდეგ პიკასო უპირატესობას ჩრდილში ყოფნას ანიჭებს, ზეთისხილის ხის ჩრდილში, რომელიც მისი მაროკოული სახლის ეზოს ამშვენებს.