ქეით უინსლეტის ბრწყინვალე კინოკარიერა ოცდაათი წლის წინ დაიწყო, როდესაც მან სადებიუტო როლი ითამაშა რეჟისორ პიტერ ჯექსონის ფილმში Heavenly Creatures. ქეითი დღეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი ქალია. შთამბეჭდავია მისი სამსახიობო დიაპაზონი, რომელიც მოიცავს ფილმებს ისეთი მაღალშემოსავლიანი ბლოკბასტერებიდან დაწყებული, როგორიცაა Titanic, საავტორო კინოს ისეთი დახვეწილი ნიმუშებით დამთავრებული, როგორიცაა Eternal Sunshine of the Spotless Mind.
Photo: ALEXI LUBOMIRSKI
ქეით უინსლეტის კინოროლებს შორისაა კოსტიუმირებული დრამები, მაგალითად, Sense and Sensibility და ბესტსელერების მიხედვით გადაღებული ფილმები, მაგალითად, The Reader. უინსლეტს არც მსუბუქ ჟანრებზე უთქვამს უარი და გაიბრწყინა რომანტიკულ კომედიაში „არდადეგები“, ხოლო ახლახან მაყურებლები გააოცა როლით სამეცნიერო კინოფანტასტიკის ფილმში Avatar: The Way of Water. წელს იგი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში სტივენ ფრირზის სერიალით The Regime, სადაც მსახიობი დესპოტი კანცლერის როლს ასრულებს.
Photo: ALEXI LUBOMIRSKI
ივლისში მიუნხენში ქეით უინსლეტის ახალი ფილმის Lee ევროპული პრემიერა გაიმართა. გარდა იმისა, რომ მასში ქეითი მთავარ პერსონაჟს განასახიერებს, იგი ასევე არის ფილმის პროდიუსერი და სცენარის ავტორი. ეს ბიოგრაფიული კინოსურათი ლეგენდარული მოდელისა და ფოტოგრაფის, ლი მილერის ცხოვრების შესახებ გვიამბობს, რომელმაც კარიერა 1920-იან წლებში ნიუ-იორკში დაიწყო და მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი გახდა. პარიზში გადასვლის შემდეგ ლი სხვადასხვა ხელოვანის, მათ შორის, მენ რეის მუზა იყო. მისი სახე აღბეჭდეს ისეთმა ოსტატებმა, როგორებიც იყვნენ: ედუარდ შტაიხენი, ნიკოლას მიურეი და ბარონი ჯორჯ ჰოინინგნ-ჰუენი, თუმცა ლი მილერის ტალანტი მოდელობას გასცდა და მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, აგრეთვე, როგორც ფოტოგრაფმა.
Photo: SAMIR HUSSEIN / GETTY IMAGES
მეორე მსოფლიო ომის დროს ლი მილერი ჟურნალ Vogue-ის ამერიკული გამოცემის სამხედრო კორესპონდენტი გახდა. მან ამ ნაბიჯით ქალებისთვის გაკვალა გზა იმ სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ. მისი ფოტოსურათები, მათ შორის, ისინიც, რომლებზეც ბუხენვალდისა და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკების გათავისუფლების ამბავია ასახული, თანამედროვე ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონიკაა. ლი იყო ქალი საზღვრების გარეშე: გლამურული, შემოქმედი, უკომპრომისო და გამბედავი. ინტერვიუში ქეით უინსლეტი საუბრობს ამ არაჩვეულებრივ ქალზე და იმ გავლენაზე, რომელიც ლიმ ხელოვნების სამყაროზე მოახდინა.
Photo: Courtesy Lee Miller Archives
რატომ გადაწყვიტეთ მსახიობობა?
ოთხიდან ერთ-ერთი ბავშვი ვიყავი ხმაურიან, ქაოსურ ოჯახში. მამაჩემი მსახიობი იყო. 16 წლის ასაკში სკოლა მივატოვე და კაფეში დავიწყე მუშაობა არასრულ განაკვეთზე, რათა ლონდონში მოსმენისთვის ფული შემეგროვებინა. კინომსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, ვფიქრობ, იურისტის კარიერა მექნებოდა. სამართლიანობის აღდგენის და ადამიანთა დაცვის სურვილი მამოძრავებდა, თუმცა დასამახსოვრებელი ამბების შეგროვების დაუძლეველმა სურვილმა ჩემს სხვა ინტერესებს სძლია.
Photo: JASON MERRITT / GETTY IMAGES
რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ ბევრი ადამიანი კვლავ გაიგივებთ გმირთან, რომელიც „ტიტანიკში“ განასახიერეთ?
ეს არაჩვეულებრივია! ეს ფილმი ოცდახუთი წლის წინ შეიქმნა. ის მხოლოდ ერთხელ, პრემიერაზე ვნახე. მას მერე ორმოცზე მეტ ფილმსა და სატელევიზიო სერიალში გადამიღეს და ბავშვები შემეძინა. „ტიტანიკის“ შემდეგ მასმედიის ინტენსიური ყურადღების ქვეშ აღმოვჩნდი არა მხოლოდ ჩემი თამაშის, არამედ ჩემი გარეგნობის გამოც. მაკრიტიკებდნენ იმიტომ, რომ „ზედმეტად სავსე“ ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ წონაში უნდა დამეკლო. ძნელია საკუთარი ღირსების გრძნობის შენარჩუნება იმ სამყაროში, სადაც სილამაზის ნორმებს სტერეოტიპები განსაზღვრავს, თუმცა მე ვისწავლე ხმაურის ჩახშობა. ხშირად მახსენებდნენ, რომ როგორც ქალი, მცირედით უნდა ვყოფილიყავი კმაყოფილი. სწორედ ამის გამო „ტიტანიკში“ თამაშის შემდეგ თავი დავანებე რეცენზიების კითხვას და კრიტიკის მოსმენაზე დროს აღარ ვკარგავ. გულწრფელად გეტყვით, რომ არასოდეს მიზიდავდა სტუდიაში შექმნილი ძვირადღირებული პროექტები. ყოველთვის ძალიან მიტაცებდა დამოუკიდებელ რეჟისორებთან და ისეთ დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობა, სადაც რთული როლების შესრულება შემეძლო.
Photo: MERIE W. WALLACE/20TH CENTURY FOX
რა იცოდით ლი მილერის შესახებ იქამდე, სანამ ფილმზე მუშაობას დაიწყებდით?
ბევრი ადამიანის მსგავსად, ლი მილერის პიროვნებასა და ცხოვრებაზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა მქონდა მანამ, სანამ ფილმის გადაღებები დაიწყებოდა. მისი ცნობილი ფოტო, რომელზეც ჰიტლერის სააბაზანო ოთახია გამოსახული, საყოველთაოდ არის აღიარებული, თუმცა მე არაფერი ვიცოდი მისი ცხოვრების იმ ბევრი ასპექტის შესახებ, რომელიც ფილმშია ნაჩვენები. ჩემმა მეგობარმა, რომელიც აუქციონის სახლში მუშაობს, ერთხელ უნიკალური შესაძლებლობა შემომთავაზა. მან იცოდა, რომ საინტერესო ისტორიის მქონე ანტიკვარული მაგიდებით ვიყავი გატაცებული და ერთ დღესაც მაცნობა, რომ მაგიდა, რომელიც ოდესღაც ლი მილერს ეკუთვნოდა, მის სამზარეულოში იდგა, ჩიდინგლიში (ინგლისი), სადაც ელიტური სტუმრების გარემოცვაში ზაფხულებს ატარებდა ხოლმე. მას სახლში ჰქონდა მენ რეის, პიკასოს, მაქს ერნსტის და თავად ლის ნამუშევრები. მაგიდამ მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება.
Photo: Sky Cinema
გავიფიქრე: „ვინ იყო ლი მილერი? როგორი იყო მისი ცხოვრება?“ სწორედ ამ დაინტერესებით დაიწყო ჩემი რვაწლიანი მოგზაურობა ლი მილერის სამყაროში. მოგვიანებით მისი ვაჟი, ენტონი პენროზი გავიცანი. მან 1985 წელს დაწერა წიგნი „ლი მილერის ცხოვრება“ და დღემდე მის არქივებს მართავს. ფილმის გადაღების მთელი პროცესის განმავლობაში იგი ჩემი მენტორი გახდა და მითითებებს მაძლევდა. ყოველთვის შემეძლო მისთვის მიმემართა, როდესაც გადაღების დაწყებამდე უმნიშვნელო შეკითხვები მიჩნდებოდა ან რჩევა მჭირდებოდა. ისიც მეხმარებოდა. ეს იყო ნამდვილი თანამშრომლობა, რომლის დროსაც ჩვენ ხშირად ვუბრუნდებოდით ხოლმე ცალკეულ ეპიზოდებს იქამდე, სანამ არ ვიგრძნობდი, რომ ნამდვილად დავიჭირე შესაფერისი ხასიათი და განწყობა.
Photo: ALEXI LUBOMIRSKI
ლი მილერი ადამიანებისთვის სხვადასხვაგვარად არის ცნობილი. ზოგიერთი მას აღიარებს, როგორც მოდელს მოდის სფეროში, ხოლო სხვებს ახსოვთ, როგორც სამხედრო ფოტოგრაფი. მისი ცხოვრების რომელი მხარეების გაშუქება გინდოდათ და რატომ?
მილერის ცხოვრება თითქმის მთელ მეოცე საუკუნეს მოიცავდა. იგი ბევრი ხელოვანის მეგობარი იყო. პაბლო პიკასომ კაშკაშა ყვითელი თავით დახატა, რათა მისი პიროვნების ბრწყინვალება გადმოეცა. ომის შემდეგაც კი მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: მილერი გახდა დედა, სწავლობდა ელიტურ კულინარიულ სკოლაში „ლე კორდონ ბლე“ („Le Cordon Bleu“) და ხელახლა აღმოაჩინა თავისი თავი, როგორც მზარეულმა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით თავისუფლად გადაიღებდნენ 12 სერიისგან შემდგარ სერიალს, თუმცა მე მინდოდა, აქცენტი მხოლოდ ერთ ფილმზე გამეკეთებინა, კერძოდ, მისი ცხოვრების ყველაზე უფრო რთულ ათწლეულზე – იმ პერიოდზე, რომელზეც თავის ვაჟთანაც კი არასოდეს უსაუბრია.
Photo: COURTESY ROADSIDE ATTRACTIONS
მეორე მსოფლიო ომის დროს, Vogue-ის ამერიკული გამოცემისთვის სამხედრო კორესპონდენტად მუშაობისას ახალი ამბების სამყაროში მან ქალის ხედვა შემოიტანა, თუმცა მთელმა იმ საშინელებამ, რომლის მოწმეც გახდა, მას ღრმა ემოციური ჭრილობები დაუტოვა. ლი საკუთარი წესებით ცხოვრობდა, ხშირად – დიდი პირადი დანაკარგების ხარჯზე. ჩემი მიზანი იყო, იგი განმესახიერებინა, როგორც ტრავმირებული შუახნის ქალი, რომელიც ომში წავიდა და მის რეალობებს დოკუმენტურად აღბეჭდავდა. გამაოცა ქალების მიმართ მისმა ურყევმა მხარდაჭერამ და სიმართლისადმი ერთგულებამ, საკუთარი პირადი დანაკარგების მიუხედავად. ომის შემდეგ ალკოჰოლიზმს და დეპრესიას ებრძოდა. საბოლოოდ მილერმა ისინი დაამარცხა.
წაიკითხეთ ქეით უინსლეტის სრული ინტერვიუ ჟურნალ ნარგისის ახალ ნომერში, რომლის შეძენაც შეგიძლიათ: ბიბლუსში,ნიკორაში, ფრესკოსა და მაცნეს ჯიხურებში.
ინტერვიუ: ტატიანა როზენშტაინი