პარიზში “ოტ კუტიურ” კვირეული გახსნის დღიდან მოდის მოყვარულები დიდი ინტერესით ელოდნენ ფრანგული მოდის სახლის “Jean Paul Gaultier”- ის მაღალი მოდის კოლექციის ჩვენებას. ჩვენი გამომწერებისთვის ცნობილია გოტიეს “ექსპერიმენტი”, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს “ოტ კუტიურ” კვირეულზე სხვადასხვა დიზაინერებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი კოლექციები Jean Paul Gaultier-ის სახელით წარადგინონ.
Photo: Victor VIRGILE/Gamma-Raph
2025 წლის კოლექცია ბრენდის სახელით ლუდოვიკ დე სენ სერნენმა წარადგინა, რომელშიც
დიზაინერის ფანტაზია და რეალობა საოცრად ერწყმოდა ერთმანეთს. დე სენ სერნენმა შთაგონება დისნეის “პატარა ქალთევზადან” მიიღო, ამიტომ კოლექციაში მკაფიოდ იგრძნობოდა ზღვის და ოკეანის ნოტები. უახლესმა კოლექციამ საზოგადოებას ჟან პოლ გოტიეს არქივი და 1997 წლის ჩვენება გაახსენა, რომელშიც ამავე თემატიკის ელემენტები სწორედ ასეთი სიმძაფრით იყო წარმოჩენილი.
Photo: Victor VIRGILE/Gamma-Rapho
სწორედ თემატიკიდან გამომდინარე დაერქვა კოლექციას “Le Naufrage”, რაც ითარგმნება როგორც “ჩაძირული გემი”, ჩვენებას კი კულისებიდან მაყურებლის სკამიდან ადევნებდა თვალს თავად ჟან პოლ გოტიე.
Photo: ludovicdesaintsernin (instagram)
ლუდოვიკის დიზაინით შექმნილმა კოლექციამ საზოგადოების დიდი ნაწილი ნამდვილად მოხიბლა. სამოსის თითოეულ დეტალში იგრძნობოდა დიზაინერის ჩანაფიქრი და კოლექციის მთავარი იდეა, თამამი და ექსტრავაგანტური სამოსით კი სენ სერნერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოდა ნამდვილი ხელოვნებაა, შთაგონებით და
შემოქმედებით სავსე.
Photo: Victor VIRGILE/Gamma-Rapho
კოლექციაში აშკარად იგრძნობოდა ჟან პოლ გოტიეს ხედვის გავლენა, განსაკუთრებით კი კორსეტების ნაწილში, რომელიც ასე ძალიან ხიბლავდა თვითონ გოტიეს. მაქმანებიან ქსოვილები, გამჭვირვალე სამოსი, გემის თოკების ელემენტები, ნიანგის ტყავის ვიზუალიზაცია და მსგავსი დეტალები ნამდვილ ოკეანურ განწყობას ქმნიდა ჩვენებაზე და კოლექციის თემატიკაც მთელი სიზუსტით მიჰქონდა აუდიტორიამდე.
Photo: Victor VIRGILE/Gamma-Rapho
მაგრამ, თუ კოლექციის თემატიკამ გოტიეს ჩვენება გაგვახსენა, ლუდოვიკის ფერთა პალიტრა გოტიეს ფერთა გამას რადიკალურად ცდებოდა. თუ ჟან პოლი უპირატესობას ანიჭებდა მრავალფეროვნებას და მეტად ნათელ კოლექციებს , სენ სერნენთან საქმე ნეიტრალურ, დამჯდარ ფერებთან გვაქვს, რომელიც ნაკლებად “ყვირის” და მისტიურ განწყობას ქმნის.
Photo: Victor VIRGILE/Gamma-Rapho
საერთო ჯამში კი გვინდა ვთქვათ, რომ Jean Paul Gaultier-ის “ოტ კუტიურ” ჩვენება ნამდვილად იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში. „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ კოლექციას შეექმნა უნიკალური სამყარო, რომელშიც თითოეულ ადამიანი შეიგრძნობდა ახალ გამოცდილებას“ – აღნიშნა დე სენ სერნენმა. და თქვენ რას ფიქრობთ, შეასრულა დიზაინერმა საკუთარი ჩანაფიქრი?
ტექსტი: მარიამ ბექაური