N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

ქართული ესთეტიკა ფრანგულ მოდაში: მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი

თებერვალი 19, 2026
A A
ქართული ესთეტიკა ფრანგულ მოდაში: მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტი
328
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდა ხშირად აღიქმება, როგორც დროებითი ტენდენცია, რომელიც მუდმივად იცვლება, თუმცა თუ ამ ინდუსტრიას უფრო ღრმად შევეხებით, აღმოვაჩენთ, რომ ის იმაზე მეტად საინტერესო და მრავალშრიანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მოდის სამყაროს ყველაზე მკაფიოდ შეუძლია დაგვანახოს ეპოქის ხიბლი და ესთეტიკა; შეგვახსენოს, რომ სილამაზე ინდივიდუალური აღქმიდან იბადება და ის ჩვენს ყოველდღიურობაში სხვადასხვა ფორმით ცოცხლდება და ამ კონტექსტში მუდამ გამორჩეული ფენომენია ქართული სილამაზე- არისტოკრატიზმის და შინაგანი სიმტკიცის იდეალური სინთეზი, რომელიც დროის ნებისმიერ მონაკვეთში იქცევდა და დღემდე იქცევს მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების ყურადღებას. დღევანდელ სტატიაში კი გავიხსენებთ ქალს, რომელიც ამ უნიკალური ესთეტიკის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იყო.


მელიტა ჩოლოყაშვილი კახეთში, თავადაზნაურთა ოჯახში გაიზარდა- გარემოში, სადაც სილამაზე მხოლოდ ვიზუალურ შთაბეჭდილებად არ აღიქმებოდა და მნიშვნელობა ენიჭებოდა ისეთ დეტალებს, როგორებიცაა საუბრის და დგომის მანერა, თავშეკავებულობა, დუმილის კულტურა- სწორედ აქედან გამომდინარე მელიტას ელეგანტურობა სულაც არ ყოფილა შეძენილი, ის ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში ჩამოყალიბდა, როგორც შინაგანი დისციპლინა და დროსთან ერთად კიდევ უფრო მკაფიო გახდა.


XX საუკუნეში მელიტა არა მხოლოდ მუზა, არამედ ეპოქის ესტეტიკური სიმბოლო იყო. 1900-იანი წლების დასაწყისში, თბილისში მისი სახლი ინტელიგენციისა და ხელოვანთა თავშეყრის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენდა, სადაც საკუთარ ლექსებს კითულობდნენ პაოლო იაშვილი და გრიგოლ რობაქიძე. გენიალური ტიციან ტაბიძე ჩოლოყაშვილს ქალღმერთს უწოდებდა. მისი ეშხი ერთი ნახვიდ ხიბლავდა ყოველ ადამიანს და ეს ყველაზე მკაფიოდ გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მელიტამ საქართველო დატოვა და 1922 წელს მცირეწლოვან შვილთან ერთად პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.


ფრანგული ემიგრაცია მისთვის მოდის სამყაროს დიდებული ჭიშკრის გასაღები აღმოჩნდა, თუმცა ეს გზა არა ფუფუნებით, არამედ გადარჩენის ძიებით დაიწყო. გაბრიელ კოკო შანელის ეპოქაში, როდესაც ქალის სილუეტი კორსეტებისგან თავისუფლდებოდა და ახალ, მინიმალისტურ ესთეტიკას ეჩვეოდა, პარიზის პოდიუმებზე ქართველი თავადის ასული გამოჩნდა. მელიტა ჩოლოყაშვილი არ ყოფილა „ფოტოგენური“ კლასიკური გაგებით – მისი მშვენიერება კამერის ობიექტივს მიღმა, მოძრაობაში, თავდაჭერილ ნაბიჯსა და იმ უხილავ დისციპლინაში ცოცხლდებოდა, რომელიც მას ბავშვობიდან მოჰყვებოდა.


კოკო შანელი, რომელიც მუდამ ავთენტურობის ძიებაში იყო, განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქართველი არისტოკრატიის წარმომადგენლების მიმართ. დიზაინერს ხიბლავდა იმის ცოდნა, რომ მის სამოსს არა უბრალოდ მოდელები, არამედ ნამდვილი თავადები ატარებდნენ, ვისთვისაც ელეგანტურობა არა როლი, არამედ ყოველდღიურობა იყო. მელიტა პოდიუმზე არასდროს თამაშობდა, ის უბრალოდ გამოხატავდა საკუთარ შინაგან სამყაროს და იტენდობას, ეს ყველაფერი კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე-20 საუკუნის ფრანგული მოდის ისტორიაში ქართული სილამაზის სიმბოლოდ ქცეულიყო.


მელიტას გზა მისმა ქალიშვილმა- ლილია ზელენსკაიამ გააგრძელა, რომლის ფოტოებიც დღემდე შემორჩენილია 1930-იანი წლების VOGUE-ს ფურცლებზე. ისევე, როგორც მელიტა ჩოლოყაშვილმა, ლილიამაც, დედისგან მემკვიდრეობით მიღებული ვიზუალური დახვეწილობით, შეძლო იმ პერიოდის პარიზულ მოდაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება.


წლების შემდეგ, თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ქართველი მოდელების მიმართ ინტერესი კვლავ გრძელდება და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მატილდა გვარლიანი, 21-ე საუკუნის ვარსკვლავი, რომელიც ჩოლოყაშვილის მსგავსად არაერთხელ ვიხილეთ CHANEL-ის მოდის სახლის ჩვენებებზე თუ კამპანიებში. რეალურად ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ეშხი ნებისმიერ ეპოქაში იქცევს საერთაშორისო მოდის სახლების ყურადღებას და არასდროს კარგავს აქტუალობას. და თუ რატომ? – ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია, ქართველი ქალების სილამაზე იმ მტკიცე ხასიათიდან და შინაგანი ქარიზმიდან მოდის, რომელიც ჩვენი გენეტიკური კოდის განუყოფელი ნაწილია და ორგანულად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე საუკეთესო სახით ვლინდება ვიზუალში.

ტექსტი: ნინია ოქრომჭედლიშვილი

Tags: ლილია ზელენსკაიამატილდა გვარლიანიმელიტა ჩოლოყაშვილიქართველი მოდელები
წინა პოსტი

“ვიქენდი ხელოვანთან ერთად”- Weekend Max Mara-ს ახალი, კაფსულა კოლექცია

შემდეგი პოსტი

მანქანის მართვის ახალი გამოცდილება და იტალიური თავგადასავალი BMW iX3 Neue Klasse-სთან ერთად

შემდეგი პოსტი
მანქანის მართვის ახალი გამოცდილება და იტალიური თავგადასავალი BMW iX3 Neue Klasse-სთან ერთად

მანქანის მართვის ახალი გამოცდილება და იტალიური თავგადასავალი BMW iX3 Neue Klasse-სთან ერთად

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN