N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

პრაღა – ქალაქი, რომელიც ყოველდღიურად თავიდან უნდა აღმოაჩინო

ივლისი 6, 2026
A A
პრაღა – ქალაქი, რომელიც ყოველდღიურად თავიდან უნდა აღმოაჩინო
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

N13-ის მთავარი რედაქტორის, თაკო ჩხეიძის ყოველდღიურობა თითქმის ერთი წელია, რაც სრულიად ახალ და დინამიკურ რიტმში მიმდინარეობს. მისი ცხოვრება დღეს ორ ქალაქს – თბილისსა და პრაღას შორის იყოფა. მუდმივი მოგზაურობა და ამ ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ კულტურულ სამყაროში დროის გატარება თაკოსთვის ახალ შთაგონებად იქცა. დღევანდელ ინტერვიუში თაკო საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და გვიყვება იმ გამორჩეულ ადგილებსა თუ ესთეტიკაზე, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქს ნამდვილად უნიკალურს ხდის.


თაკო, უკვე თითქმის ერთი წელია, რაც პრაღაში ცხოვრობთ. როგორ შეცვალა ამ ახალმა რეალობამ თქვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი?

პრაღაში ცხოვრება ჩემთვის სრულიად ახალი ეტაპია. ჩემი მეუღლე საქართველოს ელჩია ჩეხეთის რესპუბლიკაში და, ბუნებრივია, ამ ფაქტმა ჩემი ყოველდღიურობაც მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს ჩემი ცხოვრება მოდას, კულტურასა და დიპლომატიას აერთიანებს.


დიპლომატის მეუღლის როლი დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ხშირად ვესწრები სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ მიღებებს, ოფიციალურ ვახშმებსა და კულტურულ ღონისძიებებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მიწევს ურთიერთობა. ასეთ შეხვედრებზე ძალიან ხშირად მეკითხებიან საქართველოს შესახებ – ინტერესდებიან ჩვენი კულტურით, ტრადიციებით, ღვინით, სამზარეულოთი, მოდასა და თანამედროვე ცხოვრებით. ჩემთვის ეს ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, დიდი პატივია, რადგან მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინო და იმ ღირებულებებზე ვისაუბრო, რომლებიც საქართველოს უნიკალურს ხდის.


როგორი აღმოჩნდა თქვენთვის პრაღა და რა არის ის მთავარი ხასიათი, რითაც ეს ქალაქი გხიბლავთ?

პრაღაში ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ვცხოვრობ და მეც ჯერ კიდევ მისი აღმოჩენის პროცესში ვარ. ეს არის ქალაქი, რომელიც ყოველდღიურად სრულიად ახალ შთაბეჭდილებას გჩუქნის. ძალიან მიყვარს ქუჩებში სეირნობა, რადგან ყოველ ჯერზე ახალ ადგილს, ახალ ისტორიას ან პატარა დეტალს ვპოულობ. პრაღა არასოდეს მეორდება.

რაც უფრო კარგად ვეცნობიქალაქს, მით უფრო უკეთესად ვხვდები მის განსაკუთრებულ ხასიათს – ელეგანტურობას, კულტურას, არქიტექტურას და იმ იდუმალ ატმოსფეროს, რომელიც პრაღას ასე გამორჩეულს ხდის. აქ თითქოს ყველა ქუჩას, ყველა შენობასა და ყველა ეზოს საკუთარი ისტორია აქვს.


თქვენი გამოცდილებით, ხელოვნების, არქიტექტურისა და ბუნების რომელ გამორჩეულ ადგილებს ურჩევდით პრაღაში ჩამოსულ სტუმრებს?

პრაღა ისეთი ქალაქია, რომელიც ნელა უნდა აღმოაჩინო. რაც შეეხება კონკრეტულ ადგილებს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა მოინახულონ წმინდა ვიტუსის საკათედრო ტაძარი (St. Vitus Cathedral). ეს გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშია – მისი ინტერიერი, ვიტრაჟები და განსაკუთრებული ატმოსფერო ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ ფრანც კაფკას შემოქმედება გაინტერესებთ, აუცილებლად ეწვიეთ მის სახლსა და მუზეუმს. ამ ადგილების მონახულების შემდეგ მის ნაწარმოებებსაც სულ სხვა თვალით წაიკითხავთ.


ხელოვნების მოყვარულებს კი ვურჩევ ალფონს მუხას მუზეუმს (Mucha Museum) – მისი შემოქმედება ჩემთვის შთაგონების წყაროა. ასევე ძალიან მომწონს ეროვნული მუზეუმი (National Museum), რომელიც არა მხოლოდ არქიტექტურულად არის შთამბეჭდავი, არამედ განსაკუთრებული ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.

ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი კი ვოიანის ბაღებია (Vojan Gardens) – ულამაზესი, გამწვანებული პარკი მონასტრის სიახლოვეს, სადაც ფარშევანგები თავისუფლად დადიან. ძალიან მიყვარს იქ სკამზე ჩამოჯდომა და ბუნებით ტკბობა, ჩემთვის ეს ერთგვარი თერაპიაა. ხოლო ზაფხულში ყველას აუცილებლად ვურჩევ ვლტავაზე ნავით გასეირნებას „პრაღის პატარა ვენეციის“ არხებში – ქალაქი იქიდან სრულიად განსხვავებული და ძალიან რომანტიკული ჩანს.


თაკო, როდესაც საქმე პრაღის გასტრონომიულ კულტურასა და ლოკაციებს ეხება, სად უნდა ვეძებოთ ის ნამდვილი, ავთენტური ესთეტიკა და გემოები, რომლებიც ქალაქის ხასიათს საუკეთესოდ გადმოსცემს?

თუ ზღვის პროდუქტები გიყვართ, აუცილებლად გირჩევთ რესტორან Les Moules-ს, რომელიც პარიზის ქუჩაზე (Pařížská) მდებარეობს. ეს პრაღის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ქუჩაა, სადაც მსოფლიოს წამყვანი luxury ბრენდების ბუტიკებია თავმოყრილი. შესანიშნავი ადგილია მშვიდი ვახშმისა და განსაკუთრებული ატმოსფეროსთვის.

ხოლო თუ ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა და ნამდვილი ჩეხური ლუდის დაგემოვნება გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ სტრაჰოვის მონასტერს (Strahov Monastery). მონასტრის ისტორიულ ლუდსახარშში დღემდე ტრადიციული მეთოდით ხარშავენ ლუდს და სტუმრებს ნამდვილ ჩეხური კერძებით უმასპინძლდებიან. ვფიქრობ, ეს ჩეხური კულტურის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა.


პრაღა ცნობილია თავისი ისტორიული კაფეებით. თქვენ რომელ მათგანს გამოარჩევდით და რატომ არის ისინი თქვენთვის საინტერესო?

ჩემი საყვარელი კაფეებია Café Louvre და Café Savoy. რეალურად, ეს მხოლოდ კაფეები არ არის – ისინი პრაღის კულტურული მეხსიერების ნაწილია. აქ იკრიბებოდნენ მწერლები, ფილოსოფოსები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები. ძალიან მიყვარს ასეთ ადგილებში ყავის დალევა, რადგან იქ ნამდვილად იგრძნობა ისტორიის სუნთქვა.

ყოველთვის აღფრთოვანებული ვარ იმ დამოკიდებულებით, რომლითაც ჩეხები საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას უფრთხილდებიან. თითოეულ ასეთ სივრცეს თავისი ისტორია აქვს და ეს ისტორიები დღემდე ცოცხლობს. სწორედ ამიტომ მიყვარს ასეთ ადგილებში დროის გატარება.


დაბოლოს, რა ადგილი დაიკავა ამ ქალაქმა თქვენს გულში და რას ნიშნავს დღეს თქვენთვის პრაღა?

პრაღა ჩემთვის მხოლოდ საცხოვრებელი ქალაქი აღარ არის. ეს არის ადგილი, რომელიც ყოველ დღე ახალ აღმოჩენას მჩუქნის. რაც უფრო მეტ დროს ვატარებ აქ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ქალაქის ყველაზე დიდი ხიბლი მის ისტორიაში, კულტურასა და იმ იდუმალ ატმოსფეროშია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.


დარწმუნებული ვარ, პრაღა იმ იშვიათ ქალაქებს მიეკუთვნება, რომლებსაც ბოლომდე ვერასოდეს აღმოაჩენ. სწორედ ამიტომ, ყოველი გასეირნება ახალი ისტორიის დასაწყისს ჰგავს და, ალბათ, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ქალაქი ასე ძალიან შემიყვარდა.


ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: თაკო ჩხეიძეინტერვიუპრაღის ღირშესანიშნაობებირა ვნახოთ პრაღაში
წინა პოსტი

George from Georgia: იმოგზაურეთ მილანის მოდის კვირეულის კულისებში გიორგი იაშვილთან ერთად

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN