„მილანში 37 გრადუსია. მსოფლიო პრესა წერს, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურა ქალაქს დიდი ხანია არ ახსოვს. თუმცა, როდესაც წამყვანი ბრენდების ახალ კოლექციებს, მოდელებსა და VIP სტუმრებს ათვალიერებ, ყველაფერი ნათელი ხდება – აი, თურმე რატომ ცხელა ასე!“ – გვეუბნება ტელეწამყვანი და კონტენტ კრეატორი გიორგი იაშვილი, რომელიც მილანის მოდის კვირეულს მუდმივად ესწრება და ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებსა თუ ექსკლუზიურ ამბებს N13-ის მკითხველს უზიარებს.

გიორგი, მილანის მოდის კვირეული ყოველთვის ქაოსთან და მაღალ მოლოდინებთან ასოცირდება, გაგვიზიარე როგორი იყო შენთვის სეზონის დასაწყისი?
სეზონი Bikkembergs-ის პრეზენტაციით დაიწყო, რომელსაც წელს პირველად დავესწარი. ეს ბრენდი საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია. კარგად მახსოვს 2010 წელი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც მამაჩემსა და უფროსკლასელებს Bikkembergs ეცვათ- მაშინ ძალიან მინდოდა მეც მქონოდა ბრენდის სამოსი. სკოლის მოსწავლე გიორგი ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მილანის სათაო ოფისში, ბრენდის ახალი კოლექციის პრეზენტაციაზე იქნებოდა მიწვეული. რაც შეეხება უშუალოდ კოლექციას, Bikkembergs ტრადიციულად არ ღალატობს ხელწერას: სპორტულ-კლასიკური, ყოველდღიური სტილი, სადაც მთავარი აქცენტი კომფორტსა და იტალიურ ესთეტიკაზეა გაკეთებული. სხვათა შორის, სწორედ ამ პრეზენტაციაზე აღმოვჩნდით მე და N13-ის აუდიტორიისთვის კარგად ნაცნობი ქართველი კრეატორი, ლუკა ფანჩულიძე, საერთაშორისო ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში. ძალიან მიხარია, რომ ქართველები ნელ-ნელა მსოფლიო მოდის ობიექტივებს იპყრობენ.


როგორც ჩვენთვის ცნობილია, შენი და ლუკას გრაფიკი საკმაოდ გადატვირთული აღმოჩნდა- გაგვიზიარე როგორ გაგრძელდა თქვენი მილანური თავგადასავალი?
Bikkembergs-ის შემდეგ ტანსაცმლის გამოცვლაც კი ვერ მოვასწარით, ისე გავიქეცით Jacob Cohën-ის პრეზენტაციაზე. ამ ლოკაციას ვიცნობდი, თუმცა იმან, რაც შიგნით დაგვხვდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შენობაში შევაბიჯეთ და მოულოდნელად ხორბლის უზარმაზარ მდელოზე აღმოვჩნდით! მართლაც დაუვიწყარი სანახაობა იყო. ბრენდის კლასიკური სტილი საოცარი სიზუსტით ერწყმოდა იტალიური მინდვრების ესთეტიკას. თითქოს მილანის ცენტრიდან წამში გადავინაცვლეთ მთებში ჩაფლულ მყუდრო რეზორტზე. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში ბრენდის სამოსი არ გვეცვა, მე და ლუკამ მაინც მივიპყარით მსოფლიო მედიის ყურადღება. როგორც ჩანს, შესანიშნავი დუეტი აღმოვჩნდით.


სინამდვილეში, მოდის კვირეული მხოლოდ ჩვენთვის საყვარელი ბრენდების ჩვენებებით არ შემოიფარგლება და ის ახალი, გლობალური კავშირებისა საუკეთესო სივრცეა. ამჯერად, ვის შეხვდით კულისებში და ჩვენებებზე?
Jacob Cohën-ის უახლესი კოლექციის პრეზენტაციაზე ჩემს ონლაინ მეგობარს Tunhan-ს შევხვდი, რომელმაც სამოდელო კარიერა სულ ახლახანს დაიწყო და ძალიან მოკლე დროში მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მიხარია, რომ ასეთი საინტერესო კონტაქტები მაქვს. მოდის კვირეული საუკეთესო შანსია, რომ ეს ვირტუალური ნაცნობობა გრძელვადიან მეგობრობად ვაქციოთ. ხშირად იმ ადამიანებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს, საქართველოში ვეპატიჟები ხოლმე, როგორც კალუმის შემთხვევაში მოხდა . სხვათა შორის, მოდის ინდუსტრიაში და გლობალური კრეატორების ბაბლში სწორად ასე მიცნობენ – George from Georgia


საინტერესოა, კიდევ რომელი წამყვანი ბრენდების ჩვენებებსა და პრეზენტაციებს დაესწარით მილანში?
Mava-სთან ერთად დავესწარი Jacob Cohën-ის, Eleventy-ის, Canali-ს, Corneliani-სა და MSGM-ის პრეზენტაციებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრენდების უმეტესობის სტილი ერთმანეთს ჰგავს, თითოეულმა მათგანმა სრულიად განსხვავებული სანახაობა შემოგვთავაზა. მაგალითად, Corneliani-მ მოულოდნელად უარი თქვა ცოცხალ მოდელებზე და AI ტენდენციას აჰყვა. ტრადიციული ჩვენების მაგივრად, სივრცეში სტუმრებს უზარმაზარი ეკრანი დაგვხვდა, სადაც 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ციფრული პრეზენტაცია გვაჩვენეს. Eleventy-მ საუზმეზე გვიმასპინძლა, თუმცა ამჯერად არა საკუთარ შოურუმში, არამედ მილანის საკულტო Four Seasons-ის ეზოში, კლასიკური მუსიკის თანხლებით. Canali-ს პრეზენტაციები ყოველთვის ვარსკვლავთცვენით გამოირჩევა. ბრენდის ჩვენება ერთგვარ ტრადიციად იქცა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კრეატორები ერთმანეთს ვხვდებით ხოლმე. უკვე მერამდენე სეზონია, მე და ფლორიან მაჩეკი ჩვენს კალენდრებს ერთმანეთს ვუთანხმებთ და ამ ჩვენებას ერთად ვესწრებით. სასიამოვნოა, როცა გყავს წარმატებული მეგობრები, რომლებიც იდეებს გიზიარებენ და გგულშემატკივრობენ, რომ პატარა საქართველოდან გლობალურ მასშტაბებზე მათ გვერდით იდგე. ასევე, მილანში შეხვედრის ერთგვარი ტრადიცია გვაქვს მე და ნილს კასელს – გერმანიის ნომერ პირველ ინფლუენსერს. მილიონობით გამომწერის მიუხედავად, ის საოცრად თბილი და მოკრძალებული ადამიანია. მას არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს, რომელსაც დავუმეგობრდი და ამ ხალხმრავალ, ქაოტურ ღონისძიებებზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ წრეში.


კლასიკური ბრენდების ფონზე, MSGM ყოველთვის განსხვავებულ, თავისუფალ ქუჩის სტილს გვთავაზობს. მიმდინარე სეზონზე, რით იყო ბრენდის კოლექცია გამორჩეული და რამ მიიქცია შენი ყურადღება ყველაზე მეტად?
დიახ, MSGM ზუსტად ის ბრენდია, რომელიც სხვებისგან განსხვავებით, არა კლასიკურ სამოსს, არამედ ქუჩის სტილს (streetwear) წარმოადგენს. საინტერესო სილუეტების, ფერთა პალიტრის და ფორმების გარდა, ჩემთვის ეს პრეზენტაცია განსაკუთრებული გახდა იმით, რომ შესაძლებლობა მომეცა პირადად გამეცნო იტალიური Vogue-ის კრეატიული დირექტორი, ფრანჩესკა რაგაზი. ჩემდა გასაკვირად, მისგან კომპლიმენტიც კი დავიმსახურე. ჰოლივუდის ფილმებს ნუ დაუჯერებთ, ანა ვინტურის შემდეგ, ფრანჩესკა მეორე ვოგის დირექტორია, ვისაც შევხვდი და პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ ორივე საოცრად თავაზიანი, თბილი და ღიმილიანი ადამიანია. აქვე პატარა საიდუმლოსაც გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ ეშაკი რეალურად PRADA-ს კი არა, MSGM-ს ატარებს.


შენი დაკვირვებით, რა იყო ამ სეზონის მთავარი სათქმელი და რა სიახლე შემოგვთავაზა მილანის მოდის კვირეულმა, რაც აქამდე არ გვინახავს?
მოგეხსენებათ, ივნის-ივლისი კაცის მოდის კვირეულია, თუმცა ამჯერად ბრენდების უმეტესობამ ეს შესაძლებლობა სხვანაირად გამოიყენა: მამაკაცის კოლექციის პარალელურად, ქალის კრუიზული კოლექციებიც წარმოადგინეს. ეს საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება იყო, რადგან ყველაფერი ბევრად უფრო ლოგიკურად იკვრებოდა – მეგობრები და წყვილები, გოგოები და ბიჭები ერთად, საზღვაო და საკურორტო ლუქები, რამაც საერთო ჯამში ერთიანი, მთლიანი სურათი შეიქმნა.


როგორ გამოიყურებოდა მილანის ქუჩის სტილი სიცხის ფონზე და როგორ ახერხებდნენ სტუმრები ასეთ ამინდში ეფექტური ლუქების მორგებას?
იმდენი ხანი ვნატრობდით ზაფხულის დადგომას, სულ გადაგვავიწყდა, როგორი ცხელი შეიძლება იყოს ეს პერიოდი. ზედმეტ სიცხეში კი სამოსით თვითგამოხატვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ზამთარში. ზამთრის სეზონზე თერმული სამოსი გვეხმარება, რომელზეც ნებისმიერ ლუქს მოირგებ, აი, ზაფხულში, 40 გრადუსამდე სიცხეში, ეს უკვე დიდი გამოწვევაა. მე, მაგალითად, კვირეულისთვის სულ შარვლები მქონდა შერჩეული და იქ ჩასული ძალიან დავიბენი. ხშირად მოდის კვირეულზე ჭამის დროც არ მაქვს და წარმოიდგინეთ, როგორ ვინერვიულე, როცა სრულიად ახალი ლუქების ყიდვა გახდა საჭირო. მილანში მყოფ საზოგადოებას ტელეფონებზე შეტყობინებებიც კი მოგვივიდა – გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ გახვიდეთ გარეთ, თუ ეს აუცილებელი არ არისო. ერთი კი ცხადია, ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული აქსესუარი მარაო აღმოჩნდა.

რომელი ფერები დომინირებდა ახალ კოლექციებში და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი გარდერობის განახლების პროცესში?
როგორც ჩანს, ახალი წამყვანი ფერები ქვიშისფერი, ღია ცისფერი და ბორდოსფერი იქნება. ტენდენციებში კვლავ ფიგურირებს კლასიკური თეთრი და მუქი ლურჯი სამოსიც, აი, შავი ფერი კი თითქმის სრულად არის გამქრალი. ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ღია ფეხსაცმელზე, როგორიცაა სანდლები თუ შლაპუნები, კეპები კი კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კაცის ჩანთებიც, როგორც ჩანს, Jacquemus-ის პატარა ფრანგული ჩანთები მოდიდან გადის და იტალიური ბრენდების ოვერსაიზ ჩანთები მკვიდრდება- რაც უფრო დიდია ჩანთა, მით მეტ რამეს ჩაიტევს.

ქართველებზე რას გვეტყვი? როგორც უკვე აღნიშნე, მოდის კვირეულებზე სულ უფრო მეტი ქართველი ჩნდება.
ეს ნამდვილად ასეა. რა თქმა უნდა, მილანის წინა რიგებში ყოველთვის დაინახავთ ბექა გვიშიანს, ქეთი გაგოშიძეს, თემუკა დიასამიძეს და ა.შ. ამჯერად ძალიან სასიამოვნო გუნდი შევიკარით, ვისაც მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე გრაფიკი გვქონდა. იმ ჩვენებებზე, სადაც საერთო გრაფიკი არ გვქონდა , ერთმანეთს სტუმრის სტატუსით გავყევით და დაახლოებით 15-მდე ბრენდის ღონისძიებას დავესწარით სულ რაღაც 4 დღეში, ასე რომ, ტანსაცმლის გამოცვლის დრო მართლა არ გვქონდა.

ალბათ, After-Party მოდის კვირეულის ყველაზე საინტერესო ნაწილია, გაგვიზიარეთ ამ მხრივ რა ხდებოდა მიმდინარე სეზონზე?
მართლაც ასეა. პრეზენტაციები ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ მთავარი ამბავი მაინც შოუს დაწყებამდე ან დასრულებისას ხდება- მაშინ, როცა ყველაფერი მთავრდება და შესაძლებლობა გაქვს, ამდენ გავლენიან ადამიანს დაუახლოვდე, გამოელაპარაკო, რაღაც ახალი ისწავლო ან შენი ქვეყანა და კულტურა ფართო აუდიტორიას გააცნო. წელს ლუკამ Prada Group-ის ღონისძიებაზე, Church’s-ის After-party-ზე გამიზიარა მოსაწვევი, სადაც მართლაც დაუვიწყარი დრო გავატარეთ. ირგვლივ ჩვენთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობები, ინფლუენსერები, სტილისტები და დიზაინერები იყვნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა მათგანმა გვიცნო კიდეც, როგორც ჩანს, ჩვენი კონტენტი საქართველოს საზღვრებსაც ცდება და ეს ძალიან მახარებს. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უკვე მეოთხე წელია ამ ყველაფრის ნაწილი ვარ და არაერთი მეგობარი შევიძინე ამ ინდუსტრიაში. როგორც „ეშმაკი ატარებს პრადაში“ იტყოდნენ: „A million girls would kill for this job“ – ამას სრულად ვაცნობიერებ და ვაფასებ. განსაკუთრებით კი იმ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ჩემი კონტენტით პატარა, მეოცნებე ქართველ ბავშვებს ვუზიარებ მთავარ იდეას- საქართველოდან მსოფლიო გლობალურ სცენაზე მოხვედრა აბსოლუტურად შესაძლებელია, როცა ეს ძალიან გინდა.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური
