ციფრული მედიის მუდმივ ევოლუციასა და ტრენდების სწრაფ ცვალებადობაში, მოდელ ლიკუნა სტურუას ინსტაგრამ-გვერდი სრულიად განსხვავებულ ვიზუალურ ესთეტიკას ქმნის. მისი პირადი პროფილი ერთგვარი პერსონალური დღიურია, სადაც მოდა, მოგზაურობა, წიგნები და ხელოვნება ორგანულად თანაარსებობენ. მასობრივი ტენდენციების ეპოქაში, ლიკუნა სწორედ იმით არის საინტერესო და გამორჩეული, რომ იდეალურად ახერხებს შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი და მკაფიო, პერსონალური ხელწერა.

N13-თან ინტერვიუში ლიკუნა გვიყვება თავის შინაგან და ვიზუალურ ტრანსფორმაციებზე, სოციალურ მედიაში ავთენტურობის შენარჩუნების სირთულეზე, საკუთარი სტილის პოვნის ხელოვნებასა და იმ ფასეულობებზე, რაც მის ყოველდღიურობასა და ესთეტიკას განსაზღვრავს.

ლიკუნა, თქვენი ინსტაგრამი ფოტო-დღიურს ჰგავს, სადაც მოდა, მოგზაურობა და ხელოვნება ერთმანეთს იდეალურად ერწყმის – გაგვიზიარეთ, ვინ ან რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას თქვენს პერსონალურ ესთეტიკაზე?
ძალიან ბევრი ადამიანია, ვისი სტილიც მომწონს, ვათვალიერებ, სოციალურ ქსელებში მივყვები და მათგან ინსპირაციას ვიღებ, თუმცა მხოლოდ ეს არ არის. ჩემთვის შთაგონება მოდის ყველაფრიდან, რაც ირგვლივ ხდება. სტილი ჩემთვის რაღაც ცოცხალთან ასოცირდება, რასაც მუდმივი კვება სჭირდება. სწორედ ამიტომ, ყველაფერში ვეძებ იმას, რაც პერსონალურად მე დამელაპარაკება, ჩემზე გავლენას მოახდენს და ჩემს ცხოვრებაში გადმოტანის სურვილს გამიჩენს.
ხშირად ამბობენ, რომ ადამიანის სტილი მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა. თქვენს ცხოვრებაში თუ ყოფილა პერიოდი, როდესაც შინაგანმა ტრანსფორმაციამ თუ რაიმე გარდამტეხმა მომენტმა თქვენი ვიზუალური ხელწერა და სტილი რადიკალურად შეცვალა?
რა თქმა უნდა, ყოფილა და თან – ძალიან რადიკალურადაც. საკმაოდ ემოციური და ექსპრესიული ადამიანი ვარ, ყველაფერი სახეზე მაწერია და მეტყობა. შესაბამისად, ეს ჩემს სტილზეც ყოველთვის ისახება. მაგალითად, 16 წლის ასაკში კარადა ბიჭის ტანსაცმლით მქონდა სავსე, რადგან ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ მინდოდა. ვფიქრობ, რომ ჩემი შინაგანი განწყობები ყოველთვის მოქმედებს იმაზე, თუ რა მაცვია.

სოციალურ მედიაში, სადაც ვიზუალი ხშირად სრულყოფილების შთაბეჭდილებას ქმნის, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ავთენტურობის შენარჩუნება? როგორ ახერხებთ, რომ თქვენი კონტენტი ერთდროულად ესთეტიურიც იყოს და რეალურიც?
როგორც არ უნდა ჟღერდეს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობის შენარჩუნებაა. თუ საკუთარ თავთან მართალი არ ვარ და თავად არ მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ, მაშინ ყველაფერს ეკარგება აზრი. თუ საკუთარ თავთან მართალი არ ვიქნები, ასეთი წარმატება არ მინდა. თუნდაც, ეს სიმართლე ერთ კონკრეტულ ნივთში გამოიხატებოდეს, რომელიც შეიძლება იმ დღეს მეკეთოს, მეჭიროს ან მეცვას – ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი არჩევანი ყოველთვის რეალური და გულწრფელი იყოს.
ბევრი გოგონასთვის თქვენი სტილი შთაგონების წყაროა. საინტერესოა, რა არის ის მთავარი თვისება, რაც ადამიანებს ეხმარება, რომ არ დაიკარგონ მასობრივ ტენდენციებში და მუდმივად შეინარჩუნონ ინდივიდუალიზმი?
მგონია, რომ ამაზე პასუხი ცნობისმოყვარეობაა. პირველ რიგში, ძალიან ბევრი კითხვა უნდა დაუსვა საკუთარ თავს და შემდეგ – გარესამყაროს. ახლა ძალიან პოპულარულია იდეა, რომ უნდა იყო „effortless“ და ზედმეტი ძალისხმევის არაფერში დახარჯო, თითქოს თვითგამოხატვა ყველაზე ძვირფასი მაშინ არის, როცა ყველაფერს ყოველგვარი მცდელობის გარეშე აკეთებ. მე, რაღაცნაირად, ვეწინააღმდეგები ამ ტენდენციას. მიმაჩნია, რომ სწორედ საკუთარი თავისთვის კითხვების დასმით – რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? რატომ ვირჩევ ამა თუ იმ ნივთს? ან რატომ ვყიდულობ რაღაცას და მერე კარადაში ვაარქივებ? – ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხებით პოულობს ადამიანი თავის ინდივიდუალურ ხელწერას, რომელიც წლების განმავლობაში კიდევ უფრო ორგანული და შენი ხდება.

დღევანდელ რეალობაში, როდესაც ტრენდები თითქმის ყოველდღიურად იცვლება, რას ნიშნავს თქვენთვის უკვდავი სტილი და რა არის ის, რაც არასოდეს კარგავს აქტუალობას?
აქტუალობას ჩემთვის ყოველთვის ავთენტურობა ინარჩუნებს. ნივთი, რომელიც არასდროს ძველდება, ჩემთვის შეიძლება იყოს უბრალოდ კალათა ან დიდი ზომის სათვალე, რომელზეც ქუჩაში ბევრს გაუცინია კიდეც. ჩემი ერთი მეგობრისთვის შეუცვლელი ნივთი Ray-Ban Wayfarer-ია, მეორესთვის – კარგად მორგებული ჯინსი. ვფიქრობ, კონკრეტულ ადამიანზე კონკრეტული ფორმულა მუშაობს. ის ნივთები, რომლებსაც „უკვდავს“ ვუწოდებთ, სწორედ იმიტომ ინარჩუნებენ ამ სტატუსს, რომ ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებენ. ადამიანები ინტუიციურად პოულობენ იმას, რაც მათ შინაგან სამყაროს საუკეთესოდ გამოხატავს.
თქვენს საზაფხულო ლუქებში ხშირად ვხედავთ თავისუფალ, ჰაეროვან სილუეტებს და საინტერესო ფერთა პალიტრას – თქვენი გადმოსახედიდან, როგორია იდეალური საზაფხულო ფორმულა, რომელიც სეზონის გამორჩეულ სტილს ქმნის?
ჩემი ფორმულაა: თხელი, მსუბუქი ბაზა – იქნება ეს საზაფხულო კაბა თუ ტილოს ორეული – და მაქსიმალურად საინტერესო, კონტრასტული აქსესუარები, როგორც ფორმით, ისე შინაარსით.

ზაფხული ხშირად ასოცირდება მკვეთრ ფერებთან, თუმცა თქვენს გარდერობში მონოქრომული და მიწისფერი ტონები ცალსახად დომინირებს – რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველს, როგორ მოირგონ ნეიტრალური ფერები ისე, რომ ლუქი მოსაწყენად არ გამოიყურებოდეს?
ძალიან მინდა ვიყო ის ადამიანი, ვინც მკვეთრ ფერებში თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე ორგანული გზა მინიმალისტური, ნეიტრალური ბაზისა და მაქსიმალისტური, მკვეთრი აქსესუარების კომბინაციაა. ეს სინთეზი მიჩენს განცდას, რომ ბოლომდე არცერთ კონკრეტულ კატეგორიას არ მივეკუთვნები და თავს საკმაოდ მყუდროდ ვგრძნობ ამ დაუკონკრეტებელ ჩარჩოში. სხვებსაც ვურჩევდი, ეს მიდგომა მოსინჯონ და დააკვირდნენ, როგორ გრძნობენ თავს ყველაზე კომფორტულად. .
თქვენს სტილზე საუბარისას შეუძლებელია არ შევეხოთ აქსესუარებს – ვინტაჟური და მასიური სათვალეები, ჩალის დაწნული ჩანთები, თავსაფრები – როგორ ფიქრობთ, არის თუ არა აქსესუარი ის მთავარი დეტალი, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია მარტივი და სადა ლუქის გაცოცხლება?
ჩემთვის ცალსახად ასეა. ალბათ ამიტომაცაა, რომ ჩემს გარდერობში ჩანთები და სათვალეები განსაკუთრებული რაოდენობით ჭარბობს.

თქვენს კოლექციაში სათვალეებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ბოლო დროს თქვენს ფოტოებში ხშირად ვხედავთ Celine-ის ახალ მოდელს, რომელიც ნამდვილ ბესთსელერად იქცა. რომელია თქვენი საყვარელი ბრენდი და რა კრიტერიუმით არჩევთ იმ იდეალურ ფორმას, რომელიც ზუსტად ერგება თქვენს სტილს?
არ მიყვარს კლასიკური სათვალეები – რაც სხვაზე შეიძლება ძალიან ნაზი და ლამაზი ჩანდეს, ჩემს თავზე რაღაცნაირად მოსაწყენად მეჩვენება. მიმაჩნია, რომ სათვალე ფერით, ფორმით ან თუნდაც მასალით უნდა იყოს განსხვავებული და საინტერესო. რაც შეეხება ჩემს საყვარელ ბრენდებს, რომლებიც თავიანთი დიზაინით ზუსტად გამოხატავენ ამ უნიკალურობას, ესენია: Port Tanger, Phoebe Philo და Lexxola. ამ ბრენდებს მუდმივად ვადევნებ თვალს და მათი არაერთი მოდელი მაქვს კოლექციაში.

სათვალეებისგან განსხვავებით, რომლებიც სახის გამომეტყველებასა და ხასიათს ცვლის, ჩანთა მთლიანი სხეულის პროპორციებსა და ლუქის დინამიკას განსაზღვრავს – თქვენს ფოტოებში ხშირად ვხედავთ როგორც დიდი ზომის ჩანთებს, ისე ზაფხულისთვის დამახასიათებელ ნაქსოვ და ჩალის მოდელებს. საინტერესოა, როგორ პოულობთ ბალანსს ესთეტიკასა და პრაქტიკულობას შორის?
ამაზე ამომწურავი პასუხი ბოლომდე მეც არ მაქვს, რადგან ჩემი ჩანთები ან უკიდურესად დიდი ზომისაა, ან – ძალიან პატარა. პროპორციულად, ჩემს ვიზუალში ეს ორი უკიდურესობა უფრო მომწონს. ჩანთას იმის მიხედვით ვარჩევ, თუ რა უფრო უხდება კონკრეტულ ლუქს დინამიკაში. თუ არჩევანს ძალიან დიდ ჩანთაზე შევაჩერებ, მაინც ვახერხებ, რომ ის ბოლომდე გავავსო, ხოლო თუ პირიქით – პატარა მოდელს ვირჩევ, სადაც ტუჩის კონტურის და გასაღების გარდა არაფერი ეტევა, ამ შემთხვევაშიც აბსოლუტურად კომფორტულად ვგრძნობ თავს.

მოგზაურობისას ხშირად ახალ კულტურას, არქიტექტურასა და ხელოვნებას ვეცნობით. რამდენად გეხმარებათ სხვადასხვა ქვეყნის თუ ქალაქის გარემო იმაში, რომ საკუთარი სტილი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ და არსებობს თუ არა ლოკაცია, რომლის ესთეტიკამ და ადგილობრივმა სტილმა თქვენზე დიდი გავლენა მოახდინა?
ჩემთვის მოგზაურობა, ახალი კულტურების მიმართ ცნობისმოყვარეობა და მიმღებლობა უმნიშვნელოვანესია. გარკვეული პერიოდი იაპონიაში ვცხოვრობდი და მახსოვს, იქაურობამ ჩემს შინაგან სამყაროზე იმხელა გავლენა მოახდინა, რომ ეს ყველაფერი ჩაცმის სტილზეც აისახა. იაპონელების მიდგომა ტანსაცმლისა და ზოგადად ცხოვრებისადმი ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მახსოვს, თბილისში რომ დავბრუნდი, ჩემი ტანსაცმლის ნახევარი გავაჩუქე. არსებობს რაღაცები, რისგანაც ინსპირაციას მხოლოდ მაშინ იღებ, როცა საკუთარი თვალით ხედავ, რომ ამ კონკრეტულ ხედვას არსებობის უფლება აქვს.

მოგზაურობისა და გადაღებების აქტიური ტემპის მიღმა, თქვენს სოციალურ ქსელებში ჩანს განსაკუთრებული ინტერესი წიგნების და ხელოვნების მიმართ – რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დროის საკუთარ თავთან გატარება და რა არის ის ჰობი ან ინტერესი, რომელიც განსაკუთრებული ენერგიით გმუხტავთ?
საკუთარ თავთან გასატარებელ დროს ძალიან ვუფრთხილდები. ვფიქრობ, რომ გემოვნება, რომელიც ერთი შეხედვით შეიძლება ისეთი ზედაპირული რაღაცებით გამოიხატებოდეს, როგორიც ჩაცმულობაა, სინამდვილეში ბევრად უფრო ღრმა რაღაცაა და იქიდან მოდის, თუ რამდენად კარგად იცნობ საკუთარ თავს. მარტო ყოფნისა და ფიქრის გარეშე კი ეს პროცესი შეუძლებელია. რაც შეეხება გატაცებებს, სულ ვამბობ, რომ ბევრი ჰობი მაქვს და ისინი მუდმივ როტაციაში არიან – გააჩნია, ცხოვრების რა ეტაპზე რომელი ხდება უფრო აქტიური, ამიტომ ერთის გამორჩევა მიჭირს. ბოლო პერიოდში, სეირნობა და აუდიოწიგნების მოსმენა მეხმარება იმაში, რომ გონება ცოტა ხნით გავთიშო და განვიტვირთო. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დროს ხშირად მიწევს მოგზაურობა, ამ თვეების როტაციაში ფოტოგრაფიამაც დაიკავა წამყვანი ადგილი.
ინტერვიუ: მარიამ ბექაური
