ალბათ, გარშემო ყოველი ჩვენგანი ვამჩნევთ, რომ ყვითელი ფერის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ ეხება ამ ფერის ყველა ტონს. თუ კარგად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ სეზონის ფავორიტი პასტელური ყვითელია, რომელიც განსაკუთრებულ ბალანსს ქმნის ბეჟ და ლიმონისფერ ტონებს შორის და გამორჩეულად უხდება, როგორც მინიმალისტურ, ასევე თამამ და მეტად კაშკაშა სტილს.
მიუხედავად იმისა, რომ პასტელური ყვითელი 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მთავარ ფერად შეგვიძლია ვაღიაროთ, აღსანიშნავია, რომ ის მსოფლიოს ყურადღების ასპარეზზე პირველად არ გამოჩენილა. მაგალითად 1990-2000-იან წლებში ყვითლის ეს ტონალობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მას ხშირად ვხედავდით, როგორც მსოფლიო ვარსკვლავების ლუქებში, ასევე ცნობილი მოდის სახლების კოლექციებში. მაგალითად: Elie Saab ის ძალიან ცნობილი ყვითელი კაბა, ან თუნდაც Versace-ს კაბის პასტელური ტონი. და, ალბათ, წარმოუდგენელი იქნება ამ ფერზე საუბარი თუ არ გავიხსენებთ 2003 წლის ფილმს “როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში” და ქეით ჰადსონის პერსონაჟის ყვითელ კაბას.
საინტერესოა, რამ განაპირობა 2025 წელს ამ ფერის პოპულარობა? თუ კარგად დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ მსოფლიო ვარსკვლავები, მოდის ბლოგერები, თუ ცნობილი მოდის სახლები პასტელური ყვითლის ტონალობას ძალიან აქტიურად იყენებენ სამოსში, ალბათ სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რამაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და ეს ფერი სეზონის მთავარ ტრენდად აქცია.
თუმცა, გარდა ამისა აუცილებლად უნდა ვთქვათ ის ფაქტი, თუ როგორ უხდება პასტელური ყვითელი, ისეთ ტონალობებს, როგორებიცაა: შოკოლადისფერი, მუქი თუ ღია ლურჯი, შავი, ან თუნდაც ნაცრისფერი. ამ ფერების კომბინაცია ქმნის იდეალურ კონტრასტს, რომელიც განსაკუთრებით ერგება ოფისის ან ყოველდღიურ სტილს. ასევე, გამორჩეულ კომბინაციას ქმნის პასტელური ყვითლის და თეთრი სამოსის სინთეზი, რომელიც იდეალურად ერგება გაზაფხული/ზაფხულის სეზონს.
ფერების იდეალური შეხამება საშუალებას გვაძლევს, რომ წლის მთავარი ტრენდი არა მხოლოდ სამოსში, არამედ აქსესუარებშიც აქტიურად გამოვიყენოთ. მაგალითად: ჩანთები, შარფები, თმის აქსესუარები. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ფეხსაცმელი, რომელიც პასტელური ყვითლის ტონალობას ატარებს.
რეალურად თუ შევაფასებთ, აუცილებლად დავინახავთ, რომ ეს უბრალოდ ტრენდი არ არის, რომელიც მხოლოდ ამ წლის სეზონზე იქნება აქტუალური და დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცემა, რადგან იშვიათია ფერი, რომელიც ერთდროულად ერგება და უხდება, როგორც სამოსის ნებისმიერ სახეობას, ასევე ფეხსაცმელს და აქსესუარებს. ამიტომ, დაველოდოთ და დავაკვირდეთ რას შემოგვთავაზებენ ცნობილი მოდის სახლები და რამდენად შესამჩნევად გამოიყენებენ აღნიშნულ ფერს საკუთარ კოლექციებში, მანამდე კი შევხვდეთ ზაფხულს სეზონის მთავარი, ტრენდული ფერით.
ტექსტი: მარიამ ბექაური