2024 წლის 5 დეკემბერს ლონდონში ჯო ბარტონის ახალი სერიალის, “Black Doves” პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლს ყველასთვის საყვარელი კირა ნაითლი ასრულებს. გამომდინარე იქიდან, რომ ტრილერის ჟანრი კირასთვის უცხო არარის, მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდა სერიალის პრემიერას.
კრიტიკოსების მხრიდან სერიალს დადებითი შეფასება მოყვა და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის ფილმები თუ სერიალები კინო ინდუსტრიისთვის ახალი არ არის, კრიტიკოსების მიხედვით სერიალი ახალი ხედვებით გვანახებს ჯაშუშური ტრილერის ჟანრს, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. დადებითი შეფასებები აისახა IMDB რეიტინგზეც (7.3), რაც მიანიშნებს იმაზე რომ “Black Doves” ნამდვილად აქვს სიუჟეტური განვითარების პოტენციალი.
სერიალის გამოსვლის პარალელურად საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა მთავარი როლის შემსრულებელიც, რომელიც აქტიურადაა ჩართული სერიალის პოპულარიზაციის პროცესში. კირა ნაითლი სერიალის პრემიერას დაესწრო ლონდონში, ამავე სერიალის ვარსკვლავებთან, ბენ უიშოუსა და სარა ლანკაშირთან ერთად.
“The Tonight Show”-ში, ჯიმი ფელონთან მსახიობმა ისაუბრა სერიალის სიუჟეტზე და მის წარმატებაზე, კირა ნიუ-იორკში შეხვდა გულშემატკივრებსაც.
ნიუ-იორკის ქუჩებში კირა შოკოლადისფერი, ელეგანტური პიჯაკით გამოჩნდა, რაც ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მოდის მოყვარულთათვისაც, რომლებიც აქტიურად საუბრობენ წლის მთავარ ფერზე – “Mocha Mousse”.
კირა ნაითლმა საზოგადოებას უამრავი დასამახსოვრებელი როლი აჩუქა და ალბათ მისი ახალი პერსონაჟიც გამორჩეული ხასიათის მატარებელია, რომელიც თავს შეაყვარებს მაყურებელს, თუმცა საინტერესოა თქვენ რა მოლოდინები გაქვთ კირა ნაითლის ახალ პერსონაჟზე და სერიალზე “Black Doves”?
ტექსტი: მარიამ ბექაური