20 თებერვალს, 18:00 საათზე, სახვითი ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზში თანამედროვე ქართველი არტისტის, თედო რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა – „მიწასა და თვალს შორის“ ოფიციალურად გაიხსნა.


თედო რეხვიაშვილის შემოქმედების ცენტრალური ხაზი ქართული ლანდშაფტია, თუმცა ეს არ არის ბუნების უბრალო, ფოტოგრაფიული ასახვა- მხატვრისთვის პეიზაჟი ერთგვარი შინაგანი განცდაა, რომელშიც გეოგრაფიული ადგილები და მეხსიერებაში კადრებად შემორჩენილი მოგონებები ერთმანეთს ერწყმის: „თვალებს როცა ვხუჭავ და ვიხსენებ, ქართული ლანდშაფტი ჩემთვის ასეთია: “ძალიან მეჩხერი, ველებად დაშლილი ფერდობები, ყანებად დასერილი ველები… ეს ყველაფერი დაბლა გადადის ოხრანარევ კლდეებსა და ქვაღორღიან ჭალებში… სადაც თავკომბალებიან გუბურებში ლურჯი ცა ირეკლება.“


მხატვრისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მედიუმს – ამ შემთხვევაში აკვარელს. მისი თქმით, აკვარელით ხატვის ტექნიკა ეხმარება რთულ წარსულთან და მიწასთან ურთიერთობის შემსუბუქებაში: „აკვარელი ის ჰაეროვანი სივრცეა, რომელიც მძიმე წარსულის მქონე ქართულ მიწასთან ურთიერთობას მიმსუბუქებს, შეხებას მიადვილებს. ესაა ლაქა ლაქაზე, დინება და შეჩერება იმგვარად, როგორც პეიზაჟი ცხოვრობს ჩემს თვალსა და მეხსიერებაში.“


გამოფენის სათაური – „მიწასა და თვალს შორის“ – ზუსტად გამოხატავს თედო რეხვიაშვილის შემოქმედებით ხედვას. მის ნამუშევრებში ჭაობისფერი, მწვანე და იისფერი ტონები არა მხოლოდ გარემოს აღწერენ, არამედ ქმნიან სივრცეს, რომელშიც „ფერი სუნთქავს“. ავტორის თქმით, მიწასა და თვალს შორის მკაფიო საზღვარი არ არსებობს: „არსებობს სივრცე, სადაც მატერია და აღქმა, წარმოდგენა და მეხსიერება თანაარსებობს“, აკვარელით ხატვის ტექნიკა კი ამ პროცესს კიდევ უფრო თვალსაჩინოს და მსუბუქს ხდის.


ნახატების ნახვა დამთვალიერებელს 8 მარტის ჩათვლით შეეძლება და აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე დასწრება თავისუფალია, რაც დიდებული შესაძლებლობაა იმისთვის, რომ უფრო ახლოდან გაეცნოთ ქართველი არტისტის ულამაზეს ნამუშევრებს.


მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი N7 | სახვითი ხელოვნების მუზეუმი

