ის ჰოლივუდში აღიარებულია. იცნობენ სამსახიობო უნარების ფართო სპექტრით – როგორც დრამატული ჟანრის კინოსურათებით, ისე კომედიებით. მარგომ ითამაშა ისეთი ცნობილი კინორეჟისორების ფილმებში, როგორებიც არიან მარტინ სკორსეზე, კვენტინ ტარანტინო და ჯეი როუჩი.
მარგო რობიმ რეკორდები დაამყარა თავისი მრავალრიცხოვანი ნომინაციებით და ჯილდოებით. ის ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, ხუთჯერ – ბაფტაზე და მიიღო ოქროს გლობუსის ნომინაციები როგორც სამსახიობო ოსტატობისთვის, ასევე, როგორც პროდიუსერმა. ამის გარდა, ის ნომინირებული იყო MTV-ის დაჯილდოებაზე ფილმ „უოლ-სტრიტის მგელში“ შესრულებული როლისთვის.
ჩვენ გვქონდა სიამოვნება მარგოსთან საუბრის მისი როლების და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
როდის აღმოაჩინეთ კინოს მიმართ სიყვარული და როდის გადაწყვიტეთ, რომ სამსახიობო კარიერას გაჰყოლოდით?
უცნაურია, მაგრამ არ მახსოვს ის დღე, როდესაც დედაჩემს ვუთხარი, რომ მსახიობი მინდოდა გამოვსულიყავი. მას ის მომენტი კარგად ახსოვს. მე დაახლოებით, 16 წლის ვიყავი. ჩემს მშობლებს სურდათ, რომ უნივერსიტეტში მევლო, მაგრამ მე ფილმები მიზიდავდა. ვერ ვიტყოდი, რომ იყო რომელიმე ერთი კონკრეტული ფილმი, რომელიც ვნახე და ვიფიქრე: მორჩა, მე ჰოლივუდში მივდივარ!
რამ გადაგაწყვეტინათ სხვა კონტინენტზე გადასვლა?
მომწონდა ლონდონში ცხოვრება. ეს ის ქალაქია, რომელიც ყოველთვის ჩემს გულშია და რომელსაც ხშირად ვსტუმრობ, მაგრამ ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი აშშ-ს უკავშირდება. სასტუმროს ოთახებში, ჩემოდნებზე მიწევდა ცხოვრება. ამიტომ, ლოს-ანჯელესში გადასვლას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სწორად მოვიქეცი.
ხედავთ რამე მსგავსებას თქვენს პიროვნებასა და თქვენ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს შორის?
ჰარლი ქუინი მძაფრი შეგრძნებების მაძიებელია და ვფიქრობ, რომ ეს მე ვარ. თუმცა, ის აშკარად უფრო არაპროგნოზირებადია და ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ მომეწონა მისი თამაში. (ჟურნალში ამ აბზაცის გასწვრივ დაეწეროს განმარტებასავით – მარგო რობი ჰარლი ქუინის როლს თამაშობს ფილმში – Suicide Squad).
ბედნიერი შემთხვევების თუ გჯერათ?
მჯერა, რომ თუ ადამიანი რამეს გააკეთებს, იშრომებს, ბედნიერი შემთხვევებიც მოხდება. რა გზაც უნდა აირჩიო, იმოქმედე და იქიდან რამეს მიიღებ. იშრომე, იყავი მოხალისე, უბრალოდ გააკეთე რამე!
თქვენ მიერ შესრულებულმა რომელმა როლმა გაგითქვათ სახელი?
„უოლ-სტრიტის მგელმა“ ყველაფერი შეცვალა. ერთ ღამეში მოხვეჭილი პოპულარობისთვის და პირადი ცხოვრების დაკარგვისთვის მზად არ ვიყავი. ეს ჩემთვის რთული დრო იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს- დედა იყო ჩემი საყრდენი.
რომელია ის მთავარი გაკვეთილები, რომლებიც ისწავლეთ კარიერის დაწყების შემდეგ ისწავლეთ?
არასოდეს შეწყვიტო მთელი ძალით მუშაობა და კარგი რამეები მოხდება. ხალხი მეკითხება – „როგორი იყო „უოლ-სტრიტის მგელის შემდეგ, ერთ ღამეში მოსული წარმატება?“
თუმცა წარმატება ერთ ღამეში არ მოსულა – ის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო. შეიძლება ეს იყო ფილმი, რომელმაც მე ცნობილი გამხადა, მაგრამ მას წინ თავდაუზოგავი მუშაობა უძღოდა.
ფიქრობთ, რომ ტონიას როლის თამაში თქვენი კარიერის საეტაპო მომენტი იყო?
ბევრი მხრივ ვფიქრობ, რომ ასეა. როდესაც მას პირველად ვუყურე, მივხვდი, რომ მე სერიოზული მსახიობი ვიყავი. ამან მომცა გამბედაობა, დავკავშირებოდი კვენტინ ტარანტინოს, რომელთან მუშაობაზეც ყოველთვის ვოცნებობდი.
რომელი იყო „ბაბილონის“ გადაღების ყველაზე რთული ნაწილი? როგორ იგრძენით თავი, როდესაც პირველად წაიკითხეთ სცენარი?
ზოგჯერ ფილმის გადაღება სტრესული იყო, მაგრამ ასევე თავისუფლების შეგრძნების მომტანიც. მოგვეცა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით შემოქმედებითები და ეს მოგვეწონა.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?
როდესაც შენ, როგორც მსახიობი, კარიერის მწვერვალზე ადიხარ, გეწყება შიში, რომ აი, სიმაღლეზე ხარ და ხომ არ დაიწყება დაღმართი?!
ვთვლი, რომ ასე ფიქრი ბუნებრივია. საბედნიეროდ ჯერ კიდევ ბევრი რამეა, რისი მიღწევაც მსურს.
ვინ და რა გაძლევთ შთაგონებას?
პროფესიის მხრივ, ბევრი ხალხია, ვინც მე შთაგონებას მაძლევს. საბედნიეროდ, ბევრ მათგანთან თამაშის შესაძლებლობა უკვე მქონდა.
რომელია თქვენი საყვარელი ფილმი ან წიგნი?
„True Romance“ არის ის ფილმი, რომელსაც ხშირად ვნახულობ ხოლმე. მასში ყველაფერი იდეალურია- ამბავი, მსახიობთა გუნდი, მუსიკა. კვენტინ ტარანტინოს უდიდესი ფანი ვარ და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი, რასაც ის ხელს მოკიდებს ხოლმე, შედევრი გამოდის.
რა არის ვარსკვლავად ყოფნის უარყოფითი მხარე?
იმ ჩვეულებრივი რამეების კეთება, რასაც შეჩვეული იყავი, მაგრამ ახლა თქვენ ფოტოებს გიღებენ მათი კეთებისას. ვერასოდეს გავიგებ, თუ რატომ სურთ ჩემთვის ფოტოს გადაღება, როცა ყავას ვყიდულობ, ან საკვების საყიდლად მივდივარ. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს არის იმ პირადი ცხოვრების უფლების დაკარგვა, რომელიც ოდესღაც გქონდა. შენ მასთან შეგუება გიწევს და სწავლობ, თუ როგორ გაართვა ამ ყველაფერს თავი. თუმცა ამას დრო დასჭირდა.
კაცობრიობის რომელი რეალური პრობლემების გაჟღერება გსურთ ფილმებიდან?
მე ჩემი როლებით მინდა უფრო მეტად შევეხო იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ქალები აღმოჩნდებიან ხოლმე. რომ ამან ქალები აალაპარაკოს და თქვან – „ეს ჩემთვის სრულებით გასაგებია“.
საკუთარ თავს სიმბოლოდ განიხილავთ? რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
მე ჩემს თავს ასე არასოდეს არ დავახასიათებდი. ბედნიერი ვარ, როცა ვთამაშობ სიმბოლოდ ქცეულ პიროვნებებს, იმის ნაცვლად, რომ თავად ვტკბებოდე სიმბოლოდ ყოფნით!
რას ნიშნავს იყო ვარსკვლავი?
ასე საკუთარ თავს არასოდეს ვუწოდებდი, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვა ადამიანებმა გიწოდონ, როდესაც პოპულარობის გარკვეულ ზღვარს აღწევ. მე მხოლოდ იმ პროექტებზე მუშაობის გაგრძელება მსურს, რომლებიც ჩემთვის სასიამოვნოა და რომლებიც მაყურებელს ახალისებს.
ბოლო დღეებში რაზე ოცნებობთ?
ჩემი ოცნებაა კვლავ მივიღო ის როლები, რომლებიც მე სიამოვნებას მგვრიან. ჯერ კიდევ არსებობს ბევრი რეჟისორი, რომლებთანაც მსურს მუშაობა.
© Nargis Magazine
ინტერვიუ: ნიგარ მაჰარამოვა,
ფოტო: პრესმასალები