როცა დაიან ფონ ფურშტენბერგზე ვფიქრობთ, მაშინვე კონკიას ზღაპარი გვახსენდება. ის გერმანელ პრინცს ეგონ ფონ ფურშტენბერგს გაჰყვა ცოლად, ამერიკა „დაიპყრო“ და უზარმაზარ წარმატებას მიაღწია თავისი მოდის სახლის წყალობით. წლების განმავლობაში მისი ბრენდის თაყვანისმცემელი ბევრი ცნობილი ადამიანი გახდა, მათ შორის, მიშელ ობამა, ჯესიკა ალბა, ჯენიფერ ლოპესი, უიტნი ჰიუსტონი და მადონა. მოდის მწვერვალზე იგი უდიდესი ძალისხმევის შედეგად ავიდა, როდესაც საკულტო შემოსაცმელი კაბის სტილი (ღილებისა და ელვა შესაკრავის გარეშე) გამოიგონა. ამ სამოსმა მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დაიმკვიდრა ადგილი.
2008 წელს მოდის დიდების ხეივნის მეშვიდე ავენიუზე დაიან ფონ ფურშტენბერგის ვარსკვლავი გაიხსნა, ხოლო 2014 წელს ჟურნალმა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა შორის დაასახელა. მომდევნო წელს ჟურნალმა Time-მა იგი მოდის ლეგენდარულ სიმბოლოდ აღიარა. უფრო მეტიც, მისმა მშობლიურმა ქალაქმა ბრიუსელმა ცოტა ხნის წინ უმასპინძლა გამოფენას, სახელწოდებით „დაიან ფონ ფურშტენბერგი. ქალი მოდის მიღმა“.
რა გრძნობას იწვევს ბავშვობის ქალაქში დაბრუნება?
ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან ემოციურია, რადგან ბრიუსელში დავიბადე და აქვე, შორიახლოს ვცხოვრობდი, მოდისა და მაქმანის მუზეუმთან. აქ დავდიოდი სკოლაში, საიდანაც დედაჩემი წამომიყვანდა და ანტიკვარულ მაღაზიებს მომატარებდა ხოლმე, რადგან იმ დროს ჩვენი ბინის მორთვით იყო დაკავებული. მე ეს მძულდა. არ მიყვარდა ერთი ადგილიდან მეორეზე სიარული, თუმცა მიყვარს ბელგია, აქ ყოველთვის წვიმს და ჩემი თმა ყოველთვის ხუჭუჭა იყო, რაც თავს უხერხულად მაგრძნობინებდა, რადგან ბელგიელების უმეტესობას სწორი ქერა თმა აქვს. ახლა ეს უკვე აღარ მანაღვლებს. მომწონს ჩემი ხვეული თმა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი, მისი ნიჭი სხვა ადგილას უნდა აღმოაჩინონ. მე მხოლოდ ახლახან დამაფასეს ბელგიაში. ისინი ჩემით ამაყობენ. ეს ძალიან ემოციური და სასიამოვნოა, მით უფრო, რომ მომავალ წელს შემოსაცმელ კაბას ორმოცდაათი წელი უსრულდება.
თავს ბელგიელად თვლით თუ ამერიკელად?
როდესაც 25 წელი შემისრულდა, ამერიკული ოცნებით დავიწყე ცხოვრება. ერთი წლის შემდეგ ამერიკის მოქალაქე გავხდი, მაგრამ ჯერ ისევ მქონდა ბელგიის პასპორტი. ძალიან ევროპელი ვარ, რადგან სწორედ აქ დავიბადე და განათლებაც აქ მივიღე. საერთო ჯამში კი ვთვლი, რომ მსოფლიოს მოქალაქე ვარ.
როგორ დაიწყო მოდაში თქვენი კარიერა?
იტალიაში ერთ საწარმოში დავიწყე მუშაობა, სადაც აბრეშუმის შარფებს ამზადებდნენ. იქ ვისწავლე ყველაფერი ფერების, ფერთა გამის, ბეჭდვის და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუყარო ერთად თავი ილუსტრაციებს. მოგვიანებით მფლობელმა სხვა საწარმო იყიდა, რომელიც წინდებს ამზადებდა. იქ იმდენი სპეციალური დანადგარი იყო, მაგრამ ვინაიდან ქალები წინდებს აღარ იცვამენ, მეპატრონემ სხვა დანადგარები შემოიტანა და ტრიკოტაჟის ქსოვილის წარმოება დავიწყეთ. მე შევქმენი პრინტიანი მაისურები, კაბა-მაისურები, კაბა-შარვლები, შემოსაცმელი ზედა სამოსი, ცეკვით და ბალერინებით შთაგონებული, რომლებიც მოგვიანებით კაბებად იქცა. შემდეგ დავქორწინდი და ამერიკაში გადავედი ჩემი ჩემოდნით, რომელიც სავსე იყო პატარა კაბებით.
როგორ ფიქრობთ, ისეთივე წარმატებას მიაღწევდით, კარიერას ახლა რომ იწყებდეთ?
ახლა რომ ვიწყებდე და იმავე პროდუქტს ვქმნიდე _ დიახ, ასე იქნებოდა. ნიუ-იორკში მე, ახალგაზრდა ევროპელი პრინცესა, ლამაზი ფეხებით და ხშირი თმით, კაბებს ვკერავდი ხელმისაწვდომ ფასად. ვიცოდი, როგორ გამეყიდა ისინი. როდესაც ქალს ვხვდებოდი, გასასინჯ ოთახში მიმყავდა და ჩემს შეკერილ კაბაში თავს კარგად, თავდაჯერებულად, სექსუალურად ვაგრძნობინებდი. მთელი საქმე საკუთარი თავის რწმენაშია. ყოველთვის ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი ქალს, თავდაჯერებული ყოფილიყო არა მხოლოდ იმ ტანსაცმლით, რომელიც ეცვა, არამედ იმით, რასაც მე ვეუბნებოდი, რადგან ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან ურთიერთობაა.
საკუთარ ბრენდზე საუბრისას რა შეგიძლიათ თქვათ?
უპირველესად, ქალებზე ვზრუნავ. ჩემი საქმე როდესაც დავიწყე, არ ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, როგორი ქალი მსურდა ვყოფილიყავი _ ხელმძღვანელი ქალი… და გავხდი კიდეც ხელმძღვანელი ქალი. პატარა, მოკლე კაბა დამეხმარა სხვა ქალებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და ის იქცა მათთვის თავისუფლების მოპოვების სიმბოლოდ. მოდის სფეროში საუკეთესო იდეები ყოველთვის მაშინ მომდის, როცა საკუთარ სამოსს ვალაგებ. ვირჩევ, რა ჩავიცვა დღისით და ღამით და როგორი კომბინაცია მოვირგო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პრინტების შთაგონება ბუნებაა, ხოლო თავისუფლება ჩემი ყველაზე დიდი შთაგონებაა.
საბჭოთა კავშირში დავიბადე. მახსოვს, ერთხელ მოდის ჟურნალში თქვენი შემოსაცმელი კაბა ვნახე და დედაჩემის მეგობარს ვთხოვე, რაიმე მსგავსი შეეკერა ჩემთვის. მხოლოდ ახლახან მივხვდი, რომ ახალი კაბის ჩაცმა კი არ მინდოდა, არამედ თავისუფლება მწყუროდა. საბჭოთა გოგონასთვის ეს ბუნებრივი სურვილია, მაგრამ თქვენ რამ გაგიჩინათ თავისუფლების ნაკლებობის შეგრძნება?
დედაჩემი ფემინისტი იყო. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის ასახსნელად, თუ რატომ არის თავისუფლება ასე მნიშვნელოვანი ჩემთვის. ჩემს დაბადებამდე 18 თვით ადრე დედაჩემი პოლიტიკური პატიმარი იყო საკონცენტრაციო ბანაკში, აუსშვიცში. ომის დამთავრებისას 29 კილოგრამს იწონიდა. წესით, მას არ, ვერ უნდა ეცოცხლა, მაგრამ სიცოცხლე გააგრძელა. მაშინ 21 წლის იყო. ბელგიაში როდესაც დაბრუნდა, დედამისს არც კი სჯეროდა, რომ დაბრუნდა. ექვსი თვის შემდეგ თავს თითქმის სავსებით კარგად გრძნობდა. შვეიცარიიდან მისი საქმრო ჩამოვიდა და დაქორწინდნენ. ექიმებმა უთხრეს, რომ, სულ ცოტა, სამი წელი უნდა მოეცადა, სანამ შვილს გააჩენდა, რადგან სხვა შემთხვევაში ნორმალური ბავშვი არ ეყოლებოდა. მე ცხრა თვის შემდეგ დავიბადე. ვფიქრობ, რომ ამან ჩემი დაბადება ერთგვარ გამოცდად აქცია. ასე რომ, თავისუფლებისკენ ლტოლვა ჩემს გენებშია.
რა მთავარი გაკვეთილები ისწავლეთ დედისგან?
დედამ ორი უმთავრესი რამ მასწავლა: პირველი, რომ ვყოფილიყავი უშიშარი. თუ სიბნელის მეშინოდა, კარადაში ჩამკეტავდა ხოლმე. ჩვენს დროში ამ საქციელისთვის მას, ალბათ, ციხეში ჩასვამდნენ, მაგრამ ამის დახმარებით მივხვდი, რომ არ უნდა მშინებოდა. როცა ბნელ კარადაში ხარ, საკუთარ თავს უსვამ კითხვას, თუ რატომ გეშინია სიბნელის. მეორე გაკვეთილი, რაც დედამ მასწავლა, არის ის, რომ მე არასოდეს ვარ მსხვერპლი. თუნდაც ციხეში იყო, შენ მაინც თავისუფალი ხარ. მან მითხრა, რომ ის ღმერთმა იხსნა, რათა ჩემთვის სიცოცხლე მოეცა. ჩემთვის სიცოცხლის მოცემით მან სიცოცხლე დაიბრუნა. მისთვის თავისუფლების შუქურად ვიქეცი.
მოდის ინდუსტრიაში უკვე დიდი ხანია მუშაობთ, ჯერ კიდევ მოგწონთ ეს საქმე?
დიახ, მომწონს. 13 წლის განმავლობაში ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ვხელმძღვანელობდი. მსურს, რომ ჩემი მემკვიდრეობა ჩემს შვილიშვილ გოგონას გადავცე, რომელიც, მჯერა, კარგ საქმეს გააკეთებს. ახლა მინდა, რომ მე თვითონ მეტი დრო ქველმოქმედებას და ქალების დახმარებას დავუთმო.
© Nargis Magazine
ინტერვიუ ირინა ბელანი
ფოტო პრესმასალა