წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ ვარსკვლავს, დევიდ კომას, ქართული ფესვების მქონე, ლონდონში მოღვაწე დიზაინერს. ის იქცა სხეულის კონტურული სილუეტების სინონიმად, რომელიც ქალის ფორმებით შთაგონებულ სკულპტურულ კაბებს ქმნის.
კოქტეილის კაბებთან ერთად, რომლებმაც დიზაინერი საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანა, სამოდელო სახლ KOMA-ს მიერ შეთავაზებული ასორტიმენტი გაფართოვდა და მოიცავს სხვადასხვა ხაზს – ყოველდღიური სამოსიდან დაწყებული წითელ ხალიჩაზე გამოსასვლელი, ულამაზესი კაბებით დამთავრებული.
თბილისში, საქართველოში დაბადებული დევიდ კომა 8 წლის იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ტანსაცმლის დიზაინით იყო გატაცებული. ის სწავლობდა სახვით ხელოვნებას სანკტ-პეტერბურგში. პირველი კოლექციის ჩვენება 15 წლის ასაკში გამართა. 2003 წელს, დევიდი გადავიდა ლონდონში, რათა სწავლა დაეწყო პრესტიჟულ ENTRAL Saint MARTINS-ის კოლეჯში, რომელიც 2009 წლის აპრილში მოდის მაგისტრის დიპლომით დაამთავრა. მისი ხელმძღვანელი, პროფესორი ლუიზ უილსონი იყო, რომელიც ახლა გარდაცვლილია.
სკოლის დამთავრების შემდეგ დევიდ კომამ გამოუშვა თავისი სახელობითი ბრენდი და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ლონდონის მოდის კვირეულში. მოდით გავარკვიოთ, თუ რატომ არის მისი კაბები ასეთი აქტუალური, ვისწავლოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოდის გაკვეთილი.
შენი სახელობითი ბრენდი ჰოლივუდის იმ თითქმის ყველა ცნობილ ადამიანს სცმია, ვინც კი შეიძლება საერთოდ გავიხსენოთ. რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?
მადლობას გიხდით. თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ასეთ საოცარ, მრავალმხრივად ნიჭიერ ქალბატონებს ჩემი ნამუშევრები აცვიათ. ჩემთვის ბიზნესში წარმატების გასაღებს წარმოადგენს ის, რომ უნდა ვიცნობდე მომხმარებელს. ვცდილობ, ვიყო აქტუალური და უზრუნველვყო, რომ ჩემი კოლექციები ასახავდეს თანამედროვე ქალებს და მათ საჭიროებებს. ამავე დროს, მიზნად ვისახავ მდიდრული სამოსის შექმნას, რომელიც მარადიულია. მე ყოველთვის ვცდილობ, გავზარდო ქალების შესაძლებლობები ჩემი ტანსაცმლის გამოყენებით.
ვინ არის დევიდ კომას ქალი?
ტანსაცმლის შექმნისას ერთი რომელიმე კონკრეტული მუზა არ მყავს. უბრალოდ, მე მაქვს წარმოდგენა რამდენიმე პერსონაჟზე. შედარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბრენდის ესთეტიკაში. მე ვფიქრობ, რომ „კომას“ ბრენდს საფუძველში ასევე უდევს მრავალფეროვანი კონტრასტები. კომას ქალი არის მკაცრი, მაგრამ მგრძნობიარე, თავისუფალი, მაგრამ ამასთან თავშეკავებული, ახალგაზრდა და თან ზრდასრული – ეს კომპლექსური ხასიათი ასახავს თანამედროვე ქალს. მე მას წარმოვიდგენ 21-ე საუკუნის საბედისწერო ქალად – ის არის ძლიერი და თავდაჯერებული, დახვეწილი, სექსუალური მიმზიდველობით.
მე კარგად ვიცნობ ქართულ სტილს, რადგანაც მეც ქართული ფესვები მაქვს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ადგილობრივი დიზაინერებით. ვფიქრობ, მოდის სფეროში მათ აქვთ უნიკალური შინაგანი შეგრძნება და გემოვნება. თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს ამ უნიკალურობის საიდუმლო?
საქართველო მშვენიერი ადგილია, სადაც ადამიანი შეიძლება გაიზარდოს, მდიდარი ისტორიით, ბუნებით და უგემრიელესი კერძებით! მგონია, რომ საიდუმლო სამშობლოს მიმართ ქართველების სიყვარულშია, რომელიც მუდმივი შთაგონების წყაროა. ჩემთვის სწორედ იმ გარემოში დაიწყო ჩემი შემოქმედებითი მოგზაურობა, იმ ადგილას, სადაც აღმოვაჩინე სიყვარული ხატვის მიმართ. მე ხშირად ვიხსენებ საქართველოს, მათ შორის FW17 კოლექციას, რომელიც ჩემს სამშობლოს მივუძღვენი.
რა ან ვინ არის თქვენი მთავარი მოტივაცია და მხარდაჭერა?
ჩემი მოტივაცია ჩემი შინაგანი სამყაროდან მოდის. რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა, წარმატებული დიზაინერი ვყოფილიყავი. მხარდამჭერი ჩემი ოჯახი და ჩემი გუნდია. ძალიან გამიმართლა, რომ გარშემორტყმული ვარ მხარდაჭერთა დიდი გუნდით, რომლის თითოეული წევრი გულმოდგინედ შრომობს იმისთვის, რომ დამეხმაროს ჩემი იდეების რეალობად ქცევაში.
მოდის რომელი პერიოდი გხიბლავთ ყველაზე მეტად და რატომ?
60-იანი წლები არის ის ეპოქა, რომელსაც ხშირად მივმართავ შთაგონებისთვის. იმ დროს მოხდა რადიკალური ცვლილება ტანსაცმლის სტილში და ჩაცმის მიმართ მიდგომებში, სუბკულტურების აღზევება და განხორციელდა ექსპერიმენტები ახალი და საინტერესო მასალებით. მუსიკამ და მხატვრულმა სცენამ ასევე განიცადეს კულტურული რევოლუცია – ეს იყო თავისუფლებისა და მხიარულების ეპოქა!
გაგვიზიარეთ ის შემოქმედებითი პროცესი, რომელსაც გადიხართ კოლექციის გაშვებამდე.
ყველაფერი იწყება შთაგონებით, იმ კომპონენტების კოლაჟებით, რომელთა გამოყენებითაც დაიბადება ახალი კოლექცია. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ტანსაცმლის მოზომება-მორგების პროცესია – ამას ყველაზე დიდი დრო მიაქვს. ამ პროცესში ტანსაცმელს ვარგებთ ქალის სხეულს და სამოსში შეგვაქვს შესწორებები იქამდე, სანამ სრულყოფილი არ გახდება ყველა დეტალით და ყველა ნაკეცით. მე ვამაყობ იმით, რომ ვქმნი ისეთ სამოსს, რომელიც იდეალურად არის მორგებული. ერთი და იგივე კაბა შემიძლია მრავალჯერ შევქმნა და გადავაკეთო იქამდე, სანამ ბოლომდე კმაყოფილი არ დავრჩები. კასტინგის დასრულების შემდეგ, ჩვენ ახლად შექმნილ კაბას განმეორებით ვაზომებთ შერჩეულ მოდელს ორი დღის განმავლობაში და ის მხოლოდ ამის შემდეგ არის მზად პოდიუმზე გასასვლელად.
ახლა, როცა კარიერის პიკს მიაღწიეთ, რას ეტყოდით რვა წლის დევიდ კომას თავის ოცნებებზე?
მიჰყევი შენს ოცნებებს და ცხადად აქციე. ყველაფერი, რაზეც კი ფიქრობ, შეგიძლია რეალობად აქციო.
2009 წელს, Central Saint Martins-ის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, თქვენ გამოუშვით თქვენი ბრენდი და მალევე, ბიონსემ ჩაიცვა ერთ-ერთი კაბა MTV-ის მუსიკალური სატელევიზიო დაჯილდოების ცერემონიაზე. ეს ალბათ, მნიშვნელოვანი მიღწევა უნდა ყოფილიყო, რომლითაც ამაყობთ. გთხოვთ, გაგვიზიაროთ მაშინდელი ემოციები…
ძალიან გამიმართლა ბიონსესთან მუშაობა კარიერის დასაწყისშივე რომ მომიწია. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ჩემ მიერ შექმნილი კაბის ნახვა წარმატების მწვერვალზე მყოფ ასეთ ნიჭიერ ქალზე. იმის მიუხედავად, რომ უკვე მრავალი წელია ბიონსეს ჩემს სამოსში გამოწყობილს ვხედავ, ყოველ ჯერზე მისი დანახვა კვლავ ძველებურად ამაღელვებელია – ეს ჰგავს გასული წლის ოსკარის ცერემონიაზე, სადაც მან გამაოგნებელი სანახაობა მოაწყო, მის სამოსს. მე ძალიან მადლიერი ვარ მისი, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. მიყვარს მასთან და მის გუნდთან მუშაობა.
როდის მიხვდით, რომ ქალის შემოსვა თქვენი გატაცება იყო?
ყოველთვის შთაგონებული ვიყავი ქალებით, თუმცა არამხოლოდ მათი ფიზიკური ფორმებით. ქალები სამყაროში ყველაზე უნიკალური და ძლიერი ქმნილებები არიან. განსაცვიფრებელია მათი უნარი გააჩინონ ბავშვი, უყვარდეთ უპირობოდ და „ააშენონ სახლი“. ისინი ნამდვილად არაჩვეულებრივები არიან.
ჩვენ გვჭირდება თქვენგან რჩევა მოდის სფეროში დამწყებებისა და მეოცნებეებისთვის, გვითხარით, რისი ცოდნა გსურდათ მაშინ, როცა კარიერას იწყებდით?
ძალიან გამიმართლა, რომ ვსწავლობდი პროფესორ ლუიზა უილსონის ხელმძღვანელობით, „სენტრალ სენტ-მარტინსის“ კოლეჯში. ამიტომ, მე გეტყვით მანტრას, რომელსაც ის გვასწავლიდა, ახსნა-განმარტებების გარეშე.
„გჯეროდეთ საკუთარი თავის. იცოდეთ, როდის უნდა ილაპარაკოთ. ითანამშრომლეთ. საქმეებს ნუ გადადებთ. განაგრძეთ სწავლა. იპოვეთ შთაგონება ყველგან. ენდეთ თქვენს გულს. ითხოვეთ დახმარება. ისწავლეთ კრიტიკის მიღება. იფიქრეთ ყველა შესაძლებლობაზე.“.
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, როდესაც თქვენი ბრენდის შექმნას იწყებდით?
მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი. ძალიან გამიმართლა, რომ ბევრი მხარდამჭერი მყავდა და ბიზნესთან დაკავშირებით რჩევებს მაძლევდნენ. გაგვიმართლა, რომ გვყავს ბრიტანეთის მოდის საბჭო და გვაქვს მათი სხვადასხვა პროგრამა, მათ შორის „ნიუგენი“(NEWGEN) და „ვოგის“ მოდის ფონდი (Vogue Fashion Fund), რომლებიც გარდა რჩევებისა, ფინანსურ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფენ.
მოგვიყევით გამოცდილებაზე, რაც Mugler-ის შემოქმედებით დირექტორად მუშაობის დროს მიიღეთ…
მანფრედ ტიერი მუგლერი ბავშვობიდან ჩემი შთაგონება იყო. ვოცნებობდი, გავმხდარიყავი მისი ხედვისა და მისი სამოდელო სახლის შემადგენელი ნაწილი. Mugler-ის სამოდელი სახლში მუშაობის დროს, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი იყო მისი ნამუშევრების უზარმაზარ არქივზე წვდომა. ჩემი საყვარელი საქმე, საათების განმავლობაში, მისი ჩვენებების ამსახველი კადრების ყურება იყო.
მანფრედ ტიერის შემოქმედება იყო პროვოკაციისა და ხელოვნების ფორმის სრულყოფილი ბალანსი. მისი ინოვაციური სკულპტურული დიზაინი, ტანსაცმლის უბადლო კონსტრუქცია და ინოვაციური მასალების გამოყენება სამუდამოდ შთამაგონებელია.
რომელი დიზაინერები იყვნენ თქვენთვის შთაგონების წყარო ახალგაზრდობაში?
ტიერი მიუგლერის გარდა იყო ბევრი სხვა არაჩვეულებრივი დიზაინერი, რომლებმაც შთამაგონეს. მათგან მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ – აზედინ ალაია, პიერ კარდენი, ჯეფრი ბინი და ჯანი ვერსაჩე.
SS23 კოლექცია იყო მომაჯადოებელი. ბუნება და ურბანული გარემო გაერთიანდა. კოლექციიდან რომელია თქვენი ფავორიტი?
ძალიან მიყვარს ბუმბულით დამშვენებული ნამუშევრები – ბუმბული არის ტანისამოსის ლამაზი ელემენტი, რომელი ქმნის ეფექტურ სილუეტებს. ბუმბულის მოძრაობა შესანიშნავად ბაძავს წყალქვეშა სამყაროს, რომლითაც კოლექცია იყო შთაგონებული
კრისტალიზებული ზღვის ვარსკვლავი, ხამანწკების ნიჟარები, რვაფეხის საცეცები… რა იდგა თქვენი SS23 კოლექციის შექმნის იდეის მიღმა?
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – ეს იდეა დამებადა, როცა შორედიჩში, აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე ძალიან მაგარ ადგილზე მდებარე ჩემს სტუდიაში ფეხით მივდიოდი. დავინახე ტროტუარზე დაღვრილი ბენზინის ლაქა და მის მიერ შექმნილი მოლურჯო ფორმები, რამაც ფიქრებით წყალქვეშა სამყაროში გადამიყვანა. შესწავლის პროცესში შევხვდი დოქტორ სილვია ერლს და მის Tektite II გუნდს, პირველ მყვინთავებს, რომლებმაც 1970 წელს თოთხმეტი დღე გაატარეს წყალქვეშ. მან ზღვის ქმნილებების თვალისმომჭრელი სილამაზის შესახებ ისე ისაუბრა, რომ ამან მე შთამაგონა.
მოდით, ვისაუბროთ თქვენს მომხიბლავ FW23 კოლექციაზე, რომელსაც მე პირადად თვალი ვერ მოვწყვიტე. სილუეტები ისეთი ძლიერი და მიმზიდველია! როგორც ვიცით, კოლექციის შთაგონება მარლენ დიტრიხია. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა არის მასში, რამაც თქვენ შთაგაგონათ?
დავიწყე ერთ-ერთი ჩემი მუდამ თანმდევი მუზით – მე-20 საუკუნის სიმბოლოთი, მარლენ დიტრიხით. ის იყო ანდროგენული ჩაცმის პიონერი, ხშირად ატარებდა სმოკინგს. მისი ექსპერიმენტები ქალურობისა და მამაკაცურობის თემებით იმ დროს საკმაოდ რადიკალური იყო. მისი შთაგონებით, კოლექცია იქცა მამაკაცის და ქალის ტრადიციული გარდერობის ელემენტების კვლევად. აქედან გამომდინარე, თქვენ ხედავთ ნაკერ ტანსაცმელს, მამაკაცის პერანგის მასალას და ჰალსტუხებს ტიულის ქვედაბოლოების და ყვავილებით ნაქარგი კაბების გვერდით.
თამბაქოს მოწევის მოტივები, მარლბოროს თემა, პომადის კვალი, ძვირფასი თამბაქო და, რა თქმა უნდა, ჰოლივუდის წითელი ხალიჩის რეინტერპრეტაცია FW23 შოუზე პატივის მიგებას ჰგავს, მაგრამ რის მიმართ?
ეს ყველაფერი ეპოქის წარსულისთვის პატივის მიგებაა. წითელი პომადა და წითელი ხალიჩა ძველი სკოლის ჰოლივუდის გლამურზე მიუთითებს. სიგარეტები არის მინიშნება 1920-იანი წლების ბოლო პერიოდზე, როდესაც ქალი, რომელიც საზოგადოებრივ ადგილზე ეწეოდა, ითვლებოდა ვულგარულად და რისკავდა, რომ პოლიციისგან გაფრთხილება არ მიეღო. იმდროინდელმა საარჩევნო უფლებების მოძრაობამ ყურადღება მიიქცია ბევრ გენდერულ უთანასწორობაზე – არა მხოლოდ ხმის მიცემაზე. მოწევა დაუმორჩილებლობის თვალსაჩინო სიმბოლოდ იქცა, რადგან სიგარეტებს “თავისუფლების ჩირაღდნები” უწოდეს.
თუ შეძლებთ აღწეროთ თქვენი უახლესი კოლექცია, როგორც შეგრძნება, როგორი იქნებოდა ის?
ამბოხის შეგრძნება – ნორმების უგულებელყოფა, ჩარჩოებს გარეთ გასვლა, სიძლიერე და გაბედულება.
მოდით ვისაუბროთ თქვენდამი მიძღვნილ საოცარ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართა ემპორიუმში. ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა თქვენი ბრენდის ყველა თაყვანისმცემლისთვის, რომ პირადად შეგხვედროდნენ. როგორია თქვენი შთაბეჭდილება?
ღონისძიებამ ემპორიუმში ძალიან კარგად ჩაიარა. არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო ბრენდის თაყვანისმცემლებთან შეხვედრა. ძალიან თბილად შემხვდნენ და მომეცა საშუალება მესაუბრა „კომას“ ამდენ გოგოსთან. ჩვენი FW23 კოლექციის ჩვენების დიდ ეკრანზე გაშვებამ, კოლექციის ნიმუშებით სავსე გარემოში ყოფნამ შესანიშნავი ატმოსფერო შექმნა.
ფანტასტიკური დიჯეი გვყავდა. მისი ხალისიანი კომპოზიციები წვეულებას კიდევ უფრო ამხიარულებდა.
მინდა გადავუხადო ემპორიუმის გუნდს. მათ შესანიშნავი საღამო მოაწყვეს და იყვნენ ყველაზე სტუმართმოყვარე მასპინძლები!
როგორც ვიცით, პირველად ხართ ბაქოში. როგორი იყო თქვენი მოგზაურობა მთლიანობაში? გაგვიზიარეთ გამოცდილება…
შემიყვარდა თქვენი ლამაზი ქალაქი. ის სავსეა შესანიშნავი კონტრასტებით: უაღრესად თანამედროვე და ისტორიული ნაგებობები ერთმანეთის გვერდით არის თავმოყრილი. მომეწონა აგლაის ქვის გამოყენება ამდენ ფასადზე – ის ქალაქს სასიამოვნოდ ერთგვაროვანს ხდის. ხალხი ღია და ძალიან თბილია. ვიგრძენი, რომ თითქოს, წლებია ვიცნობდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ახლახან შევხვდო.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ველოდი, იყო ჰეიდარ ალიევის ცენტრი, რომელიც შექმნილია ჩემი საყვარელი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის მიერ. იქ ვნახე ულამაზესი ხალიჩების კოლექცია, შუქისა და ფერის ინტერპრეტაცია ქსოვილში ნამდვილად ლამაზი იყო. სხვა დასამახსოვრებელ მომენტებს შორის იყო ტრადიციული სამოვარიდან ჩაის დაგემოვნება ძველ ქალაქში, ქალწულის კოშკის მოპირდაპირე მხარეს, რესტორან მანზარას პანორამული ხედებით ტკბობა მას შემდეგ, რაც ჩვენ იქ ფუნიკულიორით მივედით და სუპერ ინდუსტრიული Unbar კლუბი.
- ბლიცი
ადგილი, რომელიც ბედნიერს გაბედნიერებთ:
ლონდონი. ეს ის ქალაქია, რომელმაც ჩემი ოცნებები რეალობად აქცია. აქ მოდის შესასწავლად ჩამოვედი, დავაარსე საკუთარი ბრენდი. მისი მრავალფეროვანი ხასიათი ყოველ დღე შთამაგონებს.
საყვარელი კერძი?
ახლად გამომცხვარი პური. მე მიყვარს მისი ყველა ნაირსახეობა. ბაგეტიდან დაწყებული ტანდირით დამთავრებული.
ბოლოს რომელი სიმღერა გადმოწერეთ?
BIA-ის „ლონდონი“.
რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის?
თავისი ოჯახი.
საყვარელი ცხოველი?
ჩემი ცხოველი რუბი, მინიატურული პინჩერი
© Nargis Magazine
ინტერვიუ: ულვიია მაჰმუდი, სოფია მამადოვა.
ფოტო: პარვიზ გასიმზადესი