სტილი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ინდივიდუალიზმს. სტილში შეგვიძლია ამოვიკითხოთ პიროვნება, მისი ხასიათი, გემოვნება, ინტერესები, მსოფმხედველობა და ა.შ. სამოსს და აქსესუარებს მხოლოდ მატერიალური დანიშნულება არ გააჩნიათ, ისინი განსაზღვრავენ თუ როგორ ვხედავთ ჩვენ საკუთარ თავს და როგორ გვინდა, რომ აღგვიქვან გარშემომყოფებმა.
ინდივიდუალური სტილი შთაგონებიდან იღებს სათავეს, შთაგონებას კი ქმნიან ისეთი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად ლორენ ჰატონი, რომლის სტილი და პიროვნება გამორჩეულ ჰარმონიას ქმნიდა და ეს ჰარმონია ვრცელდებოდა ყველაზე. ლორენი საკუთარ ჩაცმულობაში გამოხატავდა დამოუკიდებლობის და თავისუფლების განსაკუთრებულ სიყვარულს. 1960-70-იან წლებში ის მოდის სამყაროში ნამდვილად კაშკაშებდა და მიუხედავად პროფესიისა, არასდროს ექცეოდა სტერეოტიპების გავლენის ქვეშ. მოდელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ინდივიდუალური სტილი ადამიანის თავისუფლების გამოხატულებაა, რომელიც ფორმალური სტანდარტებით არ უნდა შეიზღუდოს. ერთ- ერთ ინტერვიუში ლორენმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ სტილს ქმნიან ინდივიდები და არა მოდის სტანდარტები: „ნამდვილი სტილი საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ თავად შეიმუშაოთ“.
მაშინ, როდესაც საზოგადოება სტილის სტიგმებში იყო გახვეული ჰატონი უარს აცხადებდა ბიუსტჰალტერის ტარებაზე, უპირატესობას ანიჭებდა მინიმალურ მაკიაჟს. „ის 60-70-იანების ქეით მოსი იყო და ზუსტად იცოდა, რა უნდოდა. თუკი თმის დახვევა არ სურდა, ვერავინ აიძულებდა.“ – აღნიშნავდა სტილისტი უეინ სკოტ ლუკასი. მის გერდერობში შეხვდებოდით გაცვეთილ ჯინსებს, ავიატორის ქურთუკებს, ნაქსოვ ქუდებსა და სათევზაო ჟილეტებს: „დიდი თრენჩი და კედები — ეს ჰატონია”.
თავისუფლების მოყვარული ჰატონი, საკუთარ სტილში გამოხატავდა პროტესტს მშობლების თაობის მიმართ, რომლებიც 35 წლის ქალებს უკვე ასაკიანად მიიჩნევდნენ და სწორედ ამ თაობის კრიტიკის ქარცეცხლში გახვეულა არაერთხელ თვითონ ლორენიც, რომელიც არასდროს ემორჩილებოდა მათ სტანდარტებს: „მახსოვს, პანკ-კაბები ვიყიდე, რომლებიც მთლიანად დახეული იყო, შემდეგ კი სადილად სამეფო ოჯახის წევრებთან აღმოვჩნდი, სადაც ქალბატონებს კლასიკური კაბები და ქუდები ეცვათ“.
მიუხედავად იმისა, რომ ლორენენს კომფორტული, თავისუფალი სტილი იზიდავდა, არასდროს დაუკარგავს ქალური ელეგანტურობა. ის ბრწყინავდა ჯინსებშიც და “ოტ კუტიურ” კაბებშიც, რადგან ორივე სამოსს შინაგანად იხდენდა და ორივე სტილში მკაფიოდ ასხივებდა საკუთარ ბუნებას. საბოლოოდ კი ლორენ ჰატონი გახდა სილამაზის, თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის გამოხატულების ყველაზე ნათელი მაგალითი.
ტექსტი: მარიამ ბექაური