მოდის სამყარო ყოველწლიურად გვთავაზობს სიახლეებს. თუმცა ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ კოლექციებს. ყველა სეზონზე ჩვენ უამრავ ახალ სახეს ვხედავთ პოდიუმზე და დაგვეთანხმებით, ძალიან რთულია ამდენი სიახლის ფონზე საზოგადოების, მოდის სახლების, პრესის თუ კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ რომ ლოლი ბაჰია არის მოდელი, რომელიც ამ გამოწვევებს შესანიშნავად გაუმკლავდა.
დოლორეს, იგივე ლოლი ბაჰია რუბიე ფრანგი მოდელია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2020 წელს, Louis Vuitton-ის ჩვენებაზე გამოჩნდა და ამ დღის შემდეგ მისი სახელი უფრო და უფრო ფართო აუდიტორიას მიწვდა, რამაც საბოლოოდ დღევანდელ შედეგამდე მიიყვანა და ლოლი ჩვენს თანამედროვეობაში, ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სახე საერთაშორისოდ ცნობილი მოდის სახლებისთვის.
მოდელი 2002 წელის, სექტემბერში დაიბადა საფრანგეთის ქალაქ ლიონში. ლოლის მამა ნახევრად ფრანგი, ნახევრად კი ესპანელია, ხოლო დედა წარმოშობით ალჟირიდანაა, აფრიკული ეშხი კი მოდელის ვიზუალშიც მკვეთრად იგრძნობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წლიდან იწყება, როდესაც ის Louis Vuitton-ის ჩვენებაზე გამოჩნდა. ამ წელს მოდელმა სულ 65 შოუში მიიღო მონაწილეობა. 2021 წელს კი ის იტალიური ვოგის გარეკანზე ვიხილეთ. 2003 წელს კი მოდელი Harper’s Bazar-ის გარეკანზე გამოჩნდა.
მალევე ლოლი ბაჰია ყველა მოდის სახლის სასურველი მოდელი გახდა და ისეთი საერთაშორისო ბრენდების ჩვენებებზე გამოჩნდა, როგორებიცაა: Saint Laurent, Chanel, Miu Miu, Valentino, Loewe, Schiaparelli, Burberry, Givenchy, Fendi, Max Mara, Prada და მრავალი სხვა. 2023 წელს ლოლიმ შანელის Cruis -ის კოლექციის ჩვენება გახსნა და ამავე წელს ბრენდმა მოდელი 2024/2025 წლის შემოდგომა/ზამთრის “Ready To Wear” კოლექციის სახედ დაასახელა. თუმცა 2023 წელი ამით არ დასრულებულა და ლოლი ბაჰია გახდა ის მოდელი, რომელმაც ვერსაჩეს “La Vacanza”-ს კოლექციის ჩვენება გახსნა, შეგახსენებთ რომ ეს კოლექცია დუა ლიპასთან კოლაბორაციით შეიქმნა.
შანელის და ლოლის ურთიერთობა კიდევ უფრო მყარი გახდა, მოდელს ბრენდის თითქმის ყველა ჩვენებაზე ვხედავდით. 2025 წლის Cruise კოლექციაც კვლავ ლოლი ბაჰიას გახსნით დაიწყო. მიმდინარე წელს ლოლი შანელის სათვალეების კამპანიაშიც ვიხილეთ, რომელიც ბრენდმა 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულისთვის წარადგინა. ლოლის სამოდელო კარიერა ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა და მოდის მწვერვალებს მიუახლოვდა. გარდა იმისა, რომ მისი ვიზუალი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად, მოდელს კიდევ უფრო განსაკუთრებულს მისი ხასიათი და ტემპერამენტი ხდის, რაც თითოეულ ჩვენებაში გამორჩეულად იგრძნობა.
სამოდელო კარიერისთან ერთად, ლოლი ბაჰიამ კინო ინდუსტრიაშიც შეაბიჯა. 2023 წელს ის გამოჩნდა ფილმში “Jeanne du Barry”, რომელიც კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. ფილმის IMDB რეიტინგი 6.7 -ია და ერთ-ერთ მთავარ როლს ყველასთვის საყვარელი ჯონი დეპი ასრულებს. ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი ფილმია, სადაც ლოლი მსახიობის ამპლუაშია, თუმცა საინტერესოა კიდევ შემოგვთავაზებს თუ არა ის კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან პერფორმანსებს, ამაზე მოდელი მნიშვნელოვან გაცხადებას არ აკეთებს.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელში ლოლიმ მოახერხა და მოდის სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული სახე გახდა, ის კვლავ აგრძელებს განვითარებას საკუთარ სფეროში და მიზანდასახულად განაგრძობს მწვერვალების დაპყრობას, რაც ალბათ ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც წარმატების გზაზე ყველა ადამიანს ჭირდება. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ ლოლი ბაჰია კიდევ მრავალჯერ გააოცებს აუდიტორიას თავისი გამორჩეული ხასიათით, ვიზუალით და შარმით, რომელიც ყველა მხრიდან ასხივებს, როდესაც ის პოდიუმზე ჩნდება.
ტექსტი: მარიამ ბექაური