ყველა დიდებული ისტორია სადღაც მთავრდება, თუმცა ყველა დასასრული რაღაც ახლის დასაწყისია. ეს უცვლელი კანონია, რომელიც ყველა სფეროზე ვრცელდება, მათ შორის მოდაზეც. 1997 წელს ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკული გარდაცვალება ვერსაჩეს მოდის სახლისთვის ეპოქის დასარული აღმოჩნდა, თუმცა სწორედ აქედან იწყება ბრენდის ახალი სიცოცხლეც. მას შემდეგ, რაც დონატელა ვერსაჩემ ძმის მემკვიდრეობა ჩაიბარა და ვერსაჩეს კრეატიული დირექტორი გახდა, იტალიური მოდის სახლი კიდევ უფრო მაღალ მწვერვალებს მისწვდა და დღეს, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დონატელას 27 წლიანი ისტორია ჯანი ვერსაჩეს მემკვიდრეობის ყველაზე ღირსეული გაგრძელება იყო. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ყველა დიდებული ისტორია სრულდება და სწორედ 2025 წელი აღმოჩნდა ვერსაჩეს ყველასთვის საყვარელი ფურცლის ბოლო წერტილი. დონატელა ვერსაჩე, როგორც კრეატიული დირექტორი ბრენდს დაემშვიდობა და მისი ადგილი დიზაინერმა, დარიო ვიტალემ დაიკავა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ვერსაჩეს ახალ ეპოქას. მანამდე კი თვალი გადავავლოთ ყველასთვის საყვარელი დონატელა ვერსაჩეს 27 წლიან ისტორიას, რომელმაც მოდის და ხელოვნების საოცარი სინთეზი შექმნა.
დონატელამ, როგორც ვერსაჩეს კრეატიულმა დირექტორმა პირველი კოლექცია ძმის
გარდაცვალებიდან სამ თვეში წარადგინა, თუმცა ამ კოლექციას საზოგადოების ვნებათაღელვა არ მოჰყოლია და მეტიც, უამრავი ადამიანის კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ ამან დონატელა არ შეაჩერა და ის უფრო დიდი ენთუზიაზმით შეუდგა იმ საქმის კეთებას, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა. ”ჩემს კოლექციებზე ცუდად ლაპარაკობდნენ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ უბრალოდ ვერ გავაგრძელებდი იმას, რასაც ჯანი აკეთებდა. ტალღის მწვერვალზე დარჩენისთვის, თქვენ უნდა ეძებოთ რაიმე ახალი ” – განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. დონატელამ ჯანის მთავარი აქცენტები, ეროტიკა და ფუფუნება შეინარჩუნა, თუმცა ძმისგან განსხვავებით მისი კოლექციები უფრო მეტად კომფორტზე იყო მორგებული.
გამომდინარე იქიდან, რომ დონატელა სარეკლამო კამპანიების ნამდვილი გურუ იყო, მან ვერსაჩე მალევე დააბრუნა მოდის მწვერვალებზე. ბრენდის სარეკლამო სახეებად კი ისეთი ვარსკვლავები მიიწვია, როგორებიც არიან: ჯენიფერ ლოპესი, დემი მური, მადონა, კრისტინა აგილერა და ა.შ. დონატელას ჩვენებებს ესწრებოდნენ საზოგადოებისთვის საყვარელი სახეები, რომელთა შორისაც იყვნენ ელტონ ჯონი, ელიზაბეტ ჰარლი, კეტრინ ზეტა-ჯონსი, კეიტ მოსი. ერთ-ერთ ჩვენებას დაესწრო პრინცი ჩარლზიც.
მალევე დონატელას დიზაინით შექმნილი კაბები ვიხილეთ ცნობილ წითელ ხალიჩებზე. ალბათ ყველას გვახსოვს, ჯენიფერ ლოპესის მწვანე კაბა, რომელიც მომღერალმა 2000 წელს, გრემის დაჯილდოებაზე მოირგო. ეს დონატელასთვის ერთ- ერთი პირველი სამოსი იყო, რომელმაც მოდის მოყვარულების გულები დაიპყრო და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის შემდეგ იყო ისეთი ცნობილი კაბები, როგორებიცაა: ბიონსეს კაბა 2005 წლის ოსკარის წითელი ხალიჩისთვის, პენელოპა კრუზის ვერსაჩეს კაბა 2007 წლის ოსკარებისთვის, ანჯელინა ჯოლის ოსკარის კაბა 2012 წელს, ბლეიკ ლაივლის 2022 წლის Met Gala-ს კაბა და კიდევ უამრავი.
გარდა ყველასთვის საყვარელი კაბებისა, დონატელა განსაკუთრებულად სანახაობრივ ჩვენებებს სთავაზობდა აუდიტორიას. მაგალითად ჯანის გარდაცვალების შემდეგ მისი პირველი ჩვენება, რომელმაც დაამტკიცა, რომ Versace-ს მემკვიდრეობა ხელუხლებელი დარჩებოდა. მისი სადებიუტო ნამუშევარი წარმოადგენდა ჯანის დიზაინის კოდების გაგრძელებას – თამამი სილუეტები, ფემინური კოსტიუმები მამაკაცურ ტონებში და სექსუალურობა, რომელიც ბრენდის განუყოფელი ნაწილი იყო.
2000 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია იყო გლამურისა და სექსუალური ენერგიის ჰარმონიული სინთეზი. გამორჩეული სტილის კაბები, ჰავაის კუნძულების ინსპირაციით შექმნილი პრინტები, აბრეშუმის ტოპები და ელეგანტური საღამოს კაბები – ყველაფერი, რაზეც მოდის მოყვარულები ოცნებობენ. სწორედ ამ კოლექციიდან იყო ჯენიფერ ლოპესის ყველასთვის ცნობილი კაბაც.
2004 წლის გაზაფხულის “ოტ კუტიურ” კოლექცია მაღალი მოდის რეალური დღესასწაული იყო, სადაც დონატელამ წარმოადგინა ატლასის კოსტიუმების და ფართო შარვლების კომბინაციები, მძივებითა და ბრჭყვიალა დეტალებით გაწყობილი ქვედაბოლოები, პასტელური ფერები, თამამი ჭრილები და ბროლის ელემენტები. ამ კოლექციამ ნამდვილად წარუშლელი კვალი დატოვა მოდის ისტორიაში.
განსაკუთრებული იყო მამაკაცის ხაზის ჩვენებები. მაგალითად 2006 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, სადაც დონატელამ ჯანი ვერსაჩეს 90-იანი წლები მდიდრული სტილი დააბრუნა. ან თუნდაც 2013 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია, რომელშიც ერთმანეთს ერწყმოდა სხვადასხვა სტილი და ხედვა.
თუ დონატელას გამორჩეულ ჩვენებებზე ვისაუბრებთ ეს აუცილებლად იქნება 2018 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლეექცია. ჯანი ვერსაჩეს მკვლელობიდან 20 წლის შემდეგ, დონატელამ ეს კოლექცია ძმას მიუძღვნა. ემოციური მუსიკალური ფონი, ძველი და ახალი თაობის მოდელების გაერთიანება, ვერსაჩეს ოქროსფერის დომინირება, ბევრი ცრემლი და ჯანი ვერსაჩეს ნოსტალგია. ალბათ ეს იყო ჩვენება, რომელზეც თაობები ილაპარაკებენ, რომელიც ეცოდინება ყველას, როგორც ვერსაჩეს ისტორიის გამორჩეული სანახაობა.
და მაინც, რა იქნება ახლა? ალბათ ეს კითხვა არცერთ ჩვენგანს არ ასვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ცვლილებები არსებითად მნიშვნელოვანია, მაინც რთულია დაემშვიდობო ისტორიას, რომელიც შენს თვალწინ შეიქმნა და მიიღო სიახლე ისე, თითქოს ამან შენს გონებაში ნამდვილი რევოლუცია არ მოახდინა. თუმცა, დონატელამ აღნიშნა რომ ის და ვერსაჩე ერთმანეთთან სამუდამოდ არიან დაკავშირებულები, ამიტომ ჩვენთვის გამორჩეული დიზაინერი ბრენდის ამბასადორად რჩება და ეს ალბათ ისტორიის დასასრულის ის ნაწილია, რომელსაც “Happy End” ჰქვია.
“Versace ყოველთვის იქნება ჩემს დნმ-ში და გულში” -დონატელა ვერსაჩე.
ტექსტი: მარიამ ბექაური