წითელი ფერი თითქმის ყველა კულტურაში განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი იყო. მაგალითად ჩინეთში ის იღბლის და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლებოდა, ინდოეთში სიყვარულს და ქორწინებას აღნიშნავდა, ეგვიპტელები წითელთან აკავშირებდნენ სიცოცხლეს და ძალას, იაპონიაში კი ის ბედნიერების მთავარ ფერად აღიქმებოდა. მიუხედავად განსხვავებული დატვირთვისა, ნებისმიერი კულტურისთვის წითელი განსაკუთრებული ფერი იყო, დროსთან ერთად კი ის სიყვარულის, ვნების და სიძლიერის მთავარ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც მოდის ისტორიაში განსაკუთრებული დატვირთვა მიანიჭა იტალიელმა დიზაინერმა ვალენტინო გარავანიმ.
ვალენტინოს და წითელი ფერის ისტორია ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან იწყება, როდესაც დიზაინერი სტუდენტი იყო. ერთ საღამოს ბარსელონაში, ოპერიდან გამოსულმა ახალგაზრდა ვალენტინომ თვალი მოჰკრა ქალს, რომელსაც წითელი კაბა ამშვენებდა და გაიფიქრა, რომ ის სრულყოფილებას ასხივებდა „ყველა სხვა ქალის სამოსის ფონზე, ის ჩემთვის განსაკუთრებული იყო. არასდროს დამავიწყდება. ვფიქრობ, ქალი წითელში ყოველთვის გამორჩეული და შესანიშნავია,“ – აღნიშნა დიზაინერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ვალენტინომ პირველი ატელიე 1959 წელს გახსნა რომში და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ისტორია ყველასთვის საყვარელ წითელ ფერზე, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. პირველი წითელი კაბა 1959 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში გამოჩნდა და მას დიზაინერმა უწოდა “La Fiesta”. მოშიშვლებული მხრების მქონე, არც თუ ისე მოკლე კაბამ მალევე დაიმსახურა მოდის მოყვარულების განსაკუთრებული ყურადღება, ვალენტინო კი ერთ-ერთ გამორჩეულ დიზაინერად აქცია საზოგადოებისთვის. ამ დღის მერე გარავანი წითელ ფერს აქტიურად იყენებდა საკუთარ კოლექციებში. დიზაინერი კი მუდმივად ახალი იდეებით ბრუნდებოდა და ყოველ სეზონზე თავიდან აცოცხლებდა მისთვის განსაკუთრებულ ფერს: ხავერდის ელეგანტური ქსოვილები, კორსეტები, მაქმანები, ძვირფასი თვლები, ვარდები, ბუმბული და ა.შ.
მოდის ინდუსტრიაში რთულია ისეთი სუპერმოდელის ნახვა, რომელსაც ჩვენებებზე ვალენტინოს წითელი კაბა არ წარუდგენია. დიზაინერის შემოქმედებას ასევე არაერთხელ დაუმშვენებია ჰოლივუდის წითელი ხალიჩა: პენელოპე კრუსი, სკარლეტ იოჰანსონი, ენ ჰეთეუეი, ჯენიფერ ენისტონი, ნიკოლ კიდმანი, რიანა, ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვლავების, რომლებმაც განსაკუთრებული საღამოებისთვის არჩევანი ვალენტინოს წითელ ფერზე შეაჩერეს.
მალევე “ვალენტინოს წითელი” იმდენად ცნობილი ფენომენი გახდა, რომ Pantone- მა ის ოფიციალური ფერების სიაში შეიყვანა, თუმცა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოდის სახლის არქივებში წითელი ფერის 550-ზე მეტი განსხვავებული ტონი არსებობს. 2008 წელს გარავანიმ კარიერა დაასრულა და გამოსამშვიდობებელ ჩვენებაში სწორედ მისი საყვარელი წითელი დომინირებდა, რამაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ვალენტინოს მთავარი ინსპირაცია სწორედ ამ ფერიდან მოდიოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვალენტინო საკუთარი ბრენდის დიზაინებს აღარ ქმნიდა, მისი მემკვიდრეობა და ბრენდის მთავარი ნიშა მკაფიოდ იგრძნობოდა შემდგომი კრეატიული დირექტორების კოლექციებშიც. 2014 წელს პიერპაოლო პიჩოლიმ და მარია გრაცია კიურიმ NO SEASON კოლექცია წარადგინეს, რომელიც ბრენდის ისტორიისა და ჩინურ კულტურას მიეძღვნა. სამოსში წითლის ათასგვარი ელფერი და ტექსტურა ერთმანეთს ერწყმოდა, საზოგადოებას კი ვალენტინო გარავანს ახსენებდა.
2022 წელს ვალენტინომ გამოსცა წიგნი,სახელწოდებით “Valentino Rosso”, რომელიც მისთვის უნიკალურ წითელ ფერს მიეძღვნა, 304-გვერდიანი წიგნი მოგვითხრობს ბრენდის ისტორიაში არსებულ 180 წითელ კაბაზე და აქსესუარებზე.
ტექსტი: მარიამ ბექაური