სოციალურ ქსელებში უამრავ ტრენდსა და სწრაფად ცვალებად ესთეტიკას შორის, საკუთარი, ინდივიდუალური ხელწერის პოვნა ალბათ ყველაზე რთული პროცესია. ბლოგერ და ინფლუენსერ თამი ლოლიშვილის სოციალური ქსელების დათვალიერებისას კი პირველი, რაც თვალში გვხვდება, სწორედ ეს გამორჩეული, შემდგარი ვიზუალური იდენტობაა – მინიმალიზმი, რომელიც არასოდესაა მოსაწყენი, მასკულინური და ფემინური ფორმების იდეალური ბალანსი და ნეიტრალური ფერთა პალიტრა.

N13-თან ინტერვიუში თამიმ საკუთარ საზაფხულო სტილზე ისაუბრა. მან გაგვიზიარა, თუ როგორ უხამებს ერთმანეთს მასკულინურ და ფემინურ ფორმებს, როგორ ირგებს შავ ფერს მზიან დღეებში და რა კრიტერიუმებით არჩევს საყვარელ აქსესუარებსა თუ საზაფხულო სურნელს.

თამი, გაგვიზიარე როგორ ჩამოყალიბდა შენი პერსონალური სტილი, რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა და როგორ დაახასიათებდი მას სამი სიტყვით?
ჩემი სტილი წლების განმავლობაში, აბსოლუტურად ბუნებრივად ჩამოყალიბდა. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ თავს ყველაზე კომფორტულად მინიმალისტურ, ზოგჯერ კი მასკულინურ სამოსში ვგრძნობ. ჩემზე უდიდესი გავლენა მოახდინა მოდის მიმართ ინტერესმა და სიყვარულმა. დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რა მიხდება და სიახლეების ქაოტურ ძიებაში აღარ ვარ. ჩემს სტილს კი სამი სიტყვით ასე დავახასიათებდი: მინიმალისტური, დახვეწილი და ავთენტური.
როგორ ფიქრობ, რამდენად გამოხატავს შენი ყოველდღიური ჩაცმულობა შენს ხასიათს და განწყობას?
ვფიქრობ, ძალიან. მიყვარს მშვიდი ფერები და ისეთი სამოსი, რომლებშიც თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად ვგრძნობ. არ მხიბლავს ზედმეტი დეტალები და უპირატესობას მარტივ, მაგრამ კარგად შერჩეულ კომბინაციებს ვანიჭებ. ჩემთვის სტილი მხოლოდ ვიზუალი არ არის – ეს საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა, ამიტომ ყოველდღიურად სამოსს ზუსტად იმ განწყობის მიხედვით ვარჩევ, როგორზეც იმ კონკრეტულ დღეს ვარ.

შენს სტილში ხშირად ვხედავთ როგორს სტრუქტურულ, მასკულინურ და ფართო ზომის სამოსს, ასევე ფემინურ და ნაზ ფორმებს- საინტერესოა, როგორ პოულობ ბალანსს მათ შორის და როგორ სილუეტებს ირჩევ ზაფხულში ყველაზე ხშირად?
ძალიან მიყვარს მასკულინური და ფემინური ელემენტების შერწყმა. ხშირად ვირჩევ ოვერსაიზ, დიდი მხრების მქონე პიჯაკებს, ფართო შარვლებს და მათ უფრო ფემინურ, ნაზ დეტალებს ვუხდენ. ვფიქრობ, სწორედ ეს კონტრასტი ქმნის დაბალანსებულ და საინტერესო იერსახეს. ჩემთვის მთავარია, სარკეში ჩახედვისას ვგრძნობდე, რომ ეს ზუსტად ისაა, რაც მინდოდა – ანუ ნამდვილად მე ვარ. ზაფხულში უპირატესობას თავისუფალ სილუეტებს ვანიჭებ, თუმცა დიდი ზომის პიჯაკებს არც ამ სეზონზე ვღალატობ; ხშირად ვირგებ მათ შორტებთან და ქუსლიან ფეხსაცმელთან – ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სტილია.
შენი სოციალური ქსელებიდან ცალსახად იგრძნობა, რომ შავი ფერის სამოსს ხშირად იყენებ. ბევრი ადამიანი ზაფხულის მზიან ამინდებში ამ ტონალობებს ერიდება, შენი აზრით, როგორ უნდა მოვარგოთ შავი სამოსი ზაფხულის სტილს ისე, რომ ის მსუბუქად და სეზონის შესაფერისად გამოიყურებოდეს?
მართალია, შავი ჩემი საყვარელი ფერია და ვფიქრობ, ის ყველა სეზონზე აქტუალურია. ზაფხულში მთავარია ქსოვილისა და სილუეტის სწორად შერჩევა. თუ სამოსი მსუბუქი, გრილი მასალისგანაა დამზადებული და თავისუფალი ფორმა აქვს, შავი ფერიც ძალიან ჰაეროვანი და სეზონისთვის შესაფერისი ხდება. ასევე, ძალიან მიყვარს მისი შერწყმა ოქროსფერ აქსესუარებთან.

გაგვიზიარე, რომელი მოდის სახლების ან დიზაინერების ხედვაა შენს პერსონალურ სტილთან ყველაზე ახლოს და, ყველაზე ხშირად, ვის კოლექციებს ადევნებ თვალს ინსპირაციისთვის?
რომ გითხრათ, ყოველთვის აქტიურად ვადევნებ თვალს-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ, თუმცა ჩემს სტილთან ყველაზე ახლოს Saint Laurent-ის, The Row-სა და Balenciaga-ს ხედვაა. მათ კოლექციებს ხშირად ვათვალიერებ და თითქმის ყოველთვის ვპოულობ რაღაც ისეთს, რაც ძალიან მომწონს და ჩემს ესთეტიკაში ჯდება.
შავი ფერის სიყვარულზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ზოგადად, შენი პალიტრა ნეიტრალური და მონოქრომულია (თეთრი, კრემისფერი, მიწისფერი ტონები). ზაფხულში თუ აძლევ თავს უფლებას, ექსპერიმენტები ჩაატარო და უფრო მკვეთრ ტონალობებს მისცე შანსი, თუ ამ სეზონზეც შენი ფავორიტი ფერების ერთგული რჩები?
ზაფხულშიც ძირითადად ჩემი საყვარელი ნეიტრალური ფერების ერთგული ვრჩები. მიმაჩნია, რომ თეთრი, კრემისფერი, ყავისფერი და შავი ნებისმიერ სეზონზე იდეალურია. თუ ექსპერიმენტებს ვაკეთებ, უფრო აქსესუარებით ან სხვადასხვა ტექსტურების თამაშით, ვიდრე მკვეთრი ფერებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გარდერობი ერთმანეთთან მარტივად კომბინირებადი და თავსებადი იყოს.

ალბათ ზაფხული ის სეზონია, რომელიც აქსესუარების მხრივ უფრო მეტ თავისუფლებას გვაძლევს- ამ სეზონზე თუ იყენებ ისეთ დეტალებს, რომლებსაც სხვა დროს, ყოველდღიურ სტილში არ ატარებ?
კი, ზაფხულში აქსესუარები განსაკუთრებით მიყვარს. ამ დროს უფრო აქტიურად ვიყენებ გამოკვეთილ ოქროსფერ სამკაულებს, აბრეშუმის თავსაფრებსა და სხვადასხვა ფორმის სათვალეებს. თუმცა, აქაც ვცდილობ, რომ ყველაფერი მინიმალისტური და დახვეწილი იყოს. ჩემთვის აქსესუარი სტილის შემავსებელი უნდა იყოს და არა მთელი ყურადღების მიმზიდველი ცენტრი.
ალბათ აქსესუარებზე საუბრისას აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ სათვალეს, რომელიც თქვენი ყოველდღიური სტილის განუყოფელი ნაწილია- გაგვიზიარეთ, როგორ ფორმებს ანიჭებთ უპირატესობას და იცვლება თუ არა სათვალეების ვიზუალი სეზონების მიხედვით?
სათვალე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია, რომელიც ხშირად მთლიან ლუქსაც კი ცვლის. ყველაზე მეტად Balenciaga-ს სათვალეების ფორმები მომწონს, რადგან ჩემს სტილს ყველაზე კარგად ერგება. სეზონის მიხედვით ფორმებს იშვიათად ვცვლი. ჩემთვის მთავარია, სათვალე ზუსტად ერგებოდეს ჩემს სტილსა და სახის პროპორციებს.

როგორია შენი საყვარელი საზაფხულო სურნელი – ცხელ დღეებში უპირატესობას უფრო მსუბუქ, გრილ და ციტრუსოვან ნოტებს ანიჭებ, თუ შედარებით მძიმე და ნიშურ არომატებს?
აუცილებლად ნიშური არომატები – ძალიან მიყვარს ისინი. ჩემთვის სუნამოს შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სურნელი ზუსტად შეესაბამებოდეს ჩემს ხასიათსა და განწყობას, სეზონის მიუხედავად.
დაბოლოს, რა იქნება შენი მთავარი რჩევა მათთვის, ვინც ახლა ცდილობს საკუთარ პერსონალურ სტილის ჩამოყალიბებს და უნდა, რომ ამ ზაფხულს თავი ყველაზე თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნოს?
პირველ რიგში, ვურჩევდი რომ საკუთარ გემოვნებას მოუსმინონ და არ ეცადონ ყველა ტრენდის ბრმად აყოლას. პერსონალური სტილი დროთა განმავლობაში ყალიბდება და ყველაზე მთავარია, ის შენს შინაგან ხასიათს ასახავდეს. ზაფხულში კი ხარისხიანი, კომფორტული და კარგად შერჩეული საბაზისო ნივთები ხშირად ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე გადატვირთული დეტალები. როდესაც გაცვია სამოსი, რომელშიც თავს ნამდვილად კარგად გრძნობ, ეს შენს თავდაჯერებულობაზეც აისახება.

ინტერვიუ: მარიამ ბექაური
