რომ გკითხოთ, რომელი სფერო შეგვიძლია დავუკავშიროთ მოდის სამყაროს, რას გვიპასუხებთ? ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ პირველ რიგში ეს კინოინდუსტრიაა. თუ ჩვენი გონების არქივებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ რამხელა გავლენა აქვს ამ ორ სამყაროს ერთმანეთზე. რამდენი პერსონაჟი გამხდარა შთაგონება დიზაინერისთვის? ან რამდენი სამოსი გასცდა ეკრანს და ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა? და იმ პერსონაჟების დათვლას თუ შეძლებთ, რომლებიც ყოველდღიურად ასობით, ათასობით თუ ათიათასობით ადამიანის სტილის ინსპირაციაა? ეს რიცხვი ძალიან დიდია და ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება.
დღეს კი სწორედ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის “თეთრი ლოტუსის” პერსონაჟების სტილზე მოგიყვებით, რომელიც უამრავი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. თუმცა გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის ფაქტი, თუ რამდენად სწორად გამოხატავს ჩაცმულობა, თითოეული პერსონაჟის ხასიათს.
ემის მფლობელი, HBO/Max-ის სერიალის კოსტიუმების დიზაინერი პირველი სეზონიდან დღემდე ალექს ბოვაირდია, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სტილზე მუშაობისას მისი ფავორიტი მომენტი გოგონების დუეტებია: პირველ სეზონში ოლივია და პაულა, მეორე სეზონში მია და ლუჩია, მესამე სეზონში კი ქლოი და ჩელსი! სერიალის პერსონაჟების უმეტესობის სტილში მარტივად ამოვიკითხავთ ისეთი საერთაშორისო მოდის სახლების ხელწერას, როგორებიცაა: Valentino, Chanel, Hermes, Jacquemus და ა.შ. „ჩვენ ვიყენებთ ფავორიტ ბრენდებს, რომლებიც იდეალურად ერგება ‘თეთრი ლოტუსის’ ატმოსფეროს — Valentino, Poupette St Barth, Lunaflo London,“ ამბობს ბოვაირდი.
სერიალის პირველი სეზონი 2021 წელს გამოვიდა, სიუჟეტი კი ჰავაის კუნძულებზე გადაიღეს. მეორე სეზონის მთავარი ადგილი სიცილია იყო, ხოლო მესამე სეზონი, რომლის პრემიერაც მიმდინარე წლის თებერვალში შედგა ტაილანდშია გადაღებული. ყოველი სეზონი თავისი უნიკალური სტილით გამოირჩევა, თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მესამე სეზონმა ნამდვილად დაიპყრო მოდის მოყვარულების გული.
ულამაზესი ქსოვილები, მრავალფეროვანი პრინტები და კაშკაშა ფერები ტაილანდის გარემოს შესანიშნავად მოერგო, ამ იდეალურმა კომბინაციამ კი ზაფხულის ლუქების საუკეთესო ვარიანტები შემოგვთავაზა.
მაგალითად ქლოეს პერსონაჟის ესთეტიკა იდეალურად ერგება ზღვის და აუზის სეზონს. ფერების გამორჩეული სინთესი, საცურაო კოსტიუმების მრავალფეროვნება, მზის სათვალეების უნიკალური დიზაინები, ზაფხულის კაბები თუ აქსესუარები მკაფიოდ ასახავს მისი პერსონაჟის ხასიათს და იმ საინსპირაციო სტილს, რომელიც თავისუფლად შეგვიძლია ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოვიტანოთ.
ვისაც ბოჰო სტილი მოსწონს, დაგვეთანხმებით ჩელსის პერსონაჟი ნამდვილად არის ბოჰოს დედოფალი, რომლის გარდერობიც სავსეა ამ სტილის ესთეტიკისთვის დამახასიათებელი სამკაულებით, კაბებით, პერანგებით, მაისურებით, სათვალეებით, თუ ჩანთებით.
ვინტაჟის მოყვარულებს ფაიფერ რათლიფის სტილი გამორჩეულად უყვართ. კოსტუმების დიზაინერი მისი სამოსის შერჩევისას ხშირად იყენებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Ralph Lauren-ს, Ciao Lucia და ავსტრალიური Zimmermann.
ფუფუნების მოყვარული ვიქტორია რათლიფის სტილში კი ხშირად ვხვდებით: Valentino, Gucci, Yves Saint Laurent, Jim Thompson-ის კოლექციებს.
ასევე დახვეწილ, ელეგანტურ სეზონურ სტილს ვხვდებით ლორი დაფის სტილში, რომელსაც ხშირად აცვია: Zimmermann, Giambattista Valli და Loewe-ს კაბები.
View this post on Instagram
ჩელსის მსგავსად ბოჰო სტილის მოყვარულია ჟაკლინის პერსონაჟი, რომლის გარდერობიც ასევე მრავალფეროვანი ბოჰო აქსესუარებით თუ სამოსით გამოირჩევა.
საინტერესოა, თქვენთვის რომელი პერსონაჟის სტილია ყველაზე გამორჩეული და რას ფიქრობთ რამდენად ერგება მათი სამოსი მათ ხასიათს? ან რომელ მსახიობს დაამატებდით ჩვენს სიაში?