თუკი ესპანეთს სტუმრობთ, ალბათ, ყველანი შევთანხმდებით ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე – მისი დატოვება ფლამენკოს შოუს გარეშე შეუძლებელია.
ყოველ შემთხვევაში, რეკომენდებული არაა, ისე დატოვოთ ესპანეთის საზღვარი, რომ ამ დაუვიწყარ, ემოციებით და ვნებებით სავსე სანახაობას არ ეზიაროთ თავად…
ჩვენც, რასაკვირველია, ეს სიამოვნება არ მოვიკელით. „ნარგისისთვის“ 2023 წელი ამითაც არის გამორჩეული, რომ მადრიდს ვესტუმრეთ, სადაც პირველ რიგში, Teatro Flamenco Madrid-ის ბილეთები შევიძინეთ…
მოლოდინი, რასაკვირველია, ძალიან მაღალი იყო, თუმცა თამასა კიდევ ზევით დაფიქსირდა, როდესაც თეატრის ჩაბნელებული სცენა აინთო და ცეცხლოვანი შოუს ნაწილი ჩვენც გავხდით.
წითელი მძიმე ფარდის მიღმა საოცარი მსახიობები და მოცეკვავეები იმალებიან – ფლამენკოს შესასრულებლად შინაგანი ტემპერამენტიც უნდა გიწყობდეს ხელს, გენეტიკური კოდიც, პლასტიკაც და სამსახიობო ოსტატობაც, რადგან ფლამენკო არის ცეკვა, რომელიც ადამიანებს ვნებებით სავსე ისტორიას უყვება.
ოსტატობა აქ მნიშვნელოვანი სიტყვაა, რადგან შესაბამისი პროფესიონალიზმის და მონდომების გარეშე ფლამენკო, რა თქმა უნდა, ისეთი ეფექტური ვერ იქნება, როგორიც ჩვენ ვიხილეთ მადრიდის ფლამენკოს თეატრის სცენაზე…
ანდალუსია ფლამენკოთი სახელგანთქმულია. სიმღერის, ცეკვისა და მუსიკის სტილი, რომელიც იქ დაიბადა და განვითარდა, დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც ესპანეთის კულტურის მთავარი დესპანი.
სიტყვა ფლამენკო ითარგმნება, როგორც „ბოშების მსგავსი“ – ცეკვისა და მუსიკის ეს სტილი ანდალუსიაში მცხოვრებ ბოშებს უკავშირდებათ.
ამ სიტყვის სხვა წარმოშობაზეც საუბრობენ, მაგალითად, მე-19 საუკუნეში ქალების მისამართით გამოიყენებოდა „პროვოკაციულად მიმზიდველის“ აღსანიშნავად, ხოლო სხვა თარგმანში თავხედსა და ამპარტავანსაც ნიშნავდა…
ამ ყველა სიტყვას ნამდვილ ფლამენკომდე მივყავართ – ის ხომ თავხედიცაა, პროვოკაციულად მიმზიდველიც და ამპარტავანიც…
მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ