ზუსტად 5 წელი დასჭირდა ბექა ცერცვაძეს, რომ საფრანგეთის ფლორისტების სამყაროში საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა. პარიზის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში ყვავილების მაღაზია აქვს და საკუთარი ხელწერით გამოირჩევა…
ბექა ცერცვაძე თავის პარიზულ ამბავს „ნარგისს“ უყვება…
პარიზში ხუთი წლის ფრანგული ენის სასწავლებლად ჩამოვედი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ აქ დავრჩენილიყავი. სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ფლორისტთა სკოლაში, პარიზში. მანამდე ამ სფეროს მიმართ არანაირი ინტერესი არ მქონია. საქართველოში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე და შემდეგ საფრანგეთში გამოვემგზავრე. ფლორისტების სასწავლებლის დასრულების შემდეგ მალევე გავხდი ერთ-ერთი ყვავილების მაღაზიის დირექტორი, რომელიც შემდეგ თავად შევიძინე. ახლა საკუთარი მაღაზიის მფლობელი ვარ.
როდესაც ამ სფეროში აღმოვჩნდი, ძალიან დიდი პერსპექტივები გადამეშალა. სხვათა შორის, მაღაზიის შეძენა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი მიზანი და ამას უფრო გამართლებას მივაწერდი… საფრანგეთის ფლორისტთა სამყარო ძალიან დიდია, აქ დაახლოებით 8000 კომპანია არსებობს ამ მიმართულებით, მე კი ადგილი საკმაოდ ადვილად დავიმკვიდრე. ჩემი უფროსი ასაკში გახლდათ და პენსიაზე გადიოდა, სურდა კომპანიის გაყიდვა, რადგან ფეხი მქონდა მოკიდებული ამ სფეროში, შემომთავაზა კომპანიის შეძენა და მეც სიამოვნებით დავთანხმდი.
როგორ დაიმკვიდრეთ თავი, თქვენი ხელწერით?
რა თქმა უნდა, მე თავის დამკვიდრებაში დამეხმარა ის, რომ ქართველი ვარ – ეს უკვე განსხვავებული იყო და სხვებისგან გამომარჩევდა. საქართველოში რომ ფრანგი გაგვიკვირდეს, დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს. რასაკვირველია, მაქვს სხვა ხედვა – ჩემს თაიგულებში შეიძლება იპოვოთ ყურძნის მტევნები ან სხვა დეტალი, რომელსაც საფრანგეთში სხვა თაიგულებში ვერ ნახავთ. სწავლა, ძალიან დიდი შრომა, ნიჭი და გამართლება – ეს ყველაფერი დამეხმარა ამ მიზნამდე მოსაღწევად. ამ სფერომ ძალიან ბევრ კარგ ადამიანს შემახვედრა. თუ პარიზში ნამყოფი ხართ, მაღაზია ძალიან კარგ უბანში მდებარეობს, სადაც ცხოვრობს ყველა ცნობილი ადამიანი, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, ბევრი ცნობილი ადამიანი ჩემი მომხმარებელია. ეს დამეხმარა სხვა საინტერესო წინადადებების მოზიდვაში. მანამდე მითანამშრომლია „შანელთან“, რომლის შოურუმებსაც ვაფორმებ და სხვა ბრენდებთანაც.
რას ითხოვენ მსგავსი ბრენდები თუ თქვენ აწვდით თქვენს ხედვას?
ახლა ვთანამშრომლობ ერთ-ერთ იტალიურ ბრენდთან და მათ მაღაზიას ვაფორმებთ. თავდაპირველად მათ სურვილებს ვითვალისწინებთ, შემდეგ, როცა საკუთარ ფლორისტად გაღიარებენ, შენს ხედვასაც სთავაზობ. როცა პრესის დღე აქვთ ან ახალ კოლექციას აჩვენებენ, გვიგზავნიან ფოტოებს და ჩვენ ვთავაზობთ იმავენაირი სტრუქტურის, ტექსტილის ყვავილებს შოურუმების გასაფორმებლად.
„შანელთან“ თანამშრომლობაზე ჩვეულებრივად ისაუბრეთ, განსაკუთრებული ემოციები არ გქონდათ, როცა პირველად მიგიწვიეს?
„შანელთან“ ჩვენი მაღაზია 15 წელი თანამშრომლობდა, როდესაც მე მივედი, ეს თანამშრომლობა უკვე არსებობდა.
თქვენს სფეროში დიდი კონკურენციაა?
ძალიან. პატარა მაღაზიაა, მაგრამ ოთხი თანამშრომელი მყავს, რომელიც შეკვეთების შესაბამისად დილიდან საღამომდე მუშაობს. როცა ღონისძიებებია, ჩვენი ჯგუფი უფრო იზრდება. კონკურენცია კი არის დიდი, მაგრამ მოთხოვნაც დიდია.
რომელია ყველაზე მოდური ყვავილი საფრანგეთში?
რა თქმა უნდა, პიონები. ვარდი საფრანგეთში გაუფასურებულია. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა სეზონურ ყვავილებს და იმას, რომ ყვავილები არ იყოს იმპორტირებული. პრიორიტეტი ენიჭება იმ ყვავილებს, რომლებიც საფრანგეთის ტერიტორიაზეა მოყვანილი. ჩემი მაღაზია ყიდის 90% საფრანგეთში წარმოებულ ყვავილებს. Made in France აქაც მნიშვნელოვანია. რადგან ჩვენ კენიიდან თუ ავსტრალიიდან არ ჩამოგვაქვს ყვავილები, ხალხი უფრო აფასებს ამ მომენტს, ვეხმარებით მათ, ვინც ყვავილებს საფრანგეთში აწარმოებს.
ბექა, თუ გაქვთ დაგეგმილი, რა იქნება მაგალითად, 5-10 წლის შემდეგ? რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
სიმართლე გითხრათ, 5 წლის წინ საერთოდ არ წარმომედგინა, რომ პარიზში ჩემი მაღაზია მექნებოდა. მართლა სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ამ სფეროში. 5 წლის შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ მინდა, რომ მალე თბილისშიც მქონდეს ჩემი გამოცდილების გაზიარების საშუალება. შეიძლება, ეს არ იყოს ყვავილების მაღაზია, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე ფლორისტთან ერთად გავხსნათ ფლორისტიკის სკოლა, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს. მხოლოდ თაიგულებზე არ ვსაუბრობ, მცენარის დარგვაზე, მებაღეობასა და ფლორისტობაზე…
ინტერვიუ: ნინო მურღულია