მარიკა ბაკურაძე კანის კინოფესტივალზე იმყოფებოდა და „ნარგისისთვის“ ექსკლუზიური ინფორმაცია გაგვიზიარა ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალის საინტერესო კულუარებიდან.
მარიკა კანის კინოფესტივალზე შვიდი წლის წინ დაუგეგმავად მოხვდა. უამრავი წესი, რომელიც ჟურნალისტმა ზედმიწევნით უნდა დაიცვას, მარიკასთვის თავიდან ძალიან დამაბნეველი აღმოჩნდა: „ეს იყო ნამდვილი საგიჟეთი, მაგრამ მას მერე ვეღარ გავჩერდი… მართლა არავინ დარჩა მსოფლიო ვარსკვლავებიდან, ვისაც არ გავსაუბრებივარ. ძვირფასი და ჯადოსნურია ის დღეები, რასაც კინოფესტივალებზე ვატარებ… ეს არ არის ერთი დღე, ეს არის რამდენიმედღიანი, ზოგჯერ ერთკვირიანი პროცესი, რომლის ნაწილადაც გრძნობ თავს…“
მარტინ სკორსეზე და რობერტ დე ნი რო
მსოფლიო ვარსკვლავების პრესკონფერენციებზე დასწრება და მათთვის კითხვის დასმის უფლების მოპოვება ნამდვილი ლატარიაა, მაგრამ აქაც, იღბალთან ერთად, ჟურნალისტური მოხერხებაა საჭირო:
„პრესკონფერენციებზე ყოფნა ლატარიაა. ყველას სურს დასწრება, მაგრამ უამრავი დეტალია გასათვლელი. მარტინ სკორსეზეს პრესკონფერენციას დავესწარი, სადაც რობერტ დე ნირო და ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობდნენ. ორის ნახევარზე იწყებოდა პრესკონფერენცია, თუმცა ათიდან დავიკავე რიგი, რომ იქ მოვხვედრილიყავი.
ლეონარდო დიკაპრიო
წინა წელს, ტარანტინოს პრესკონფერენციაზე, სადაც ასევე დიკაპრიო ესწრებოდა, ისეთი ამბავი მოხდა, რომ დილის ცხრიდან ვიდექი დარბაზთან, თორმეტზე იქ მოხვედრა რომ შემძლებოდა… დარბაზში შესვლისას ისეთი ადგილი უნდა მოძებნო, რომ მოდერატორმა დაგინახოს და გქონდეს კითხვის დასმის შესაძლებლობა. ძალიან ხშირია იმედგაცრუებები და გულის დაწყვეტა… ყოველთვის ის არ გამოდის, რაც ჩაფიქრებული გაქვს…“
სკარლეტ იოჰანსონი
პრესკონფერენციებზე, სადაც ჟურნალისტების მთავარი შეხვედრის ადგილია ვარსკვლავებთან, პოპულარულ რეჟისორებსა თუ მსახიობებს ძალიან ადვილად ეტყობათ საკუთარი ხასიათი: „პრესკონფერენციები ნახევარი საათი ან მეტი გრძელდება. ადამიანებს ეტყობათ, ვინ რა ტიპაჟია. მაგალითად, ლეონარდო დიკაპრიო ძალიან ჩაკეტილი ადამიანია, არ ამჟღავნებს ემოციებს, არ შემოდის დიდად კონტაქტში და არ ხუმრობს, საკუთარ თავზე ორიენტირებული ტიპია. ხოაკინ ფენიქსს ბერლინში შევხვდით, სანამ „ჯოკერში“ ითამაშებდა და მთელი ღონისძიების განმავლობაში ჟურნალისტებთან ფაქტობრივად, ზურგშექცევით იჯდა. ვინც ისედაც ალალი, უშუალო და გახსნილია, მას ეს ჟურნალისტებთან შეხვედრისასაც ეტყობა, მაგალითად, რობერტო ბენინი არის ასეთი ადამიანი, ემა ტომსპონი, ბრედ პიტი…
ჯონი დეპი
ჯონი დეპი არის ძალიან თბილი, თუ შანსი აქვს, ავტოგრაფის და ფოტოს გარეშე არ დაგტოვებს, პასუხის დროს კი საკმაოდ დამაბნევლად იქცევა. ყველას თავისი სახასიათო ნიშან-თვისება აქვს. რობერტ პატინსონი ორჯერ ვნახე ზედიზედ და სულ უცნაურ სასმელს დაატარებდა თან, პრესკონფერენციების დროს სულ სვამდა“.
ჯუდ ლოუ
წლევანდელი კანის ფესტივალი, როგორც მარიკა გვეუბნება, არის „განსაკუთრებულად ჰოლივუდური“: „ეს მაინც ევროპული კინოფესტივალია და ბერლინშიც, მაგალითად, სულ ევროპულ კინოზე კეთდება ხოლმე აქცენტი, მაგრამ წელს ძალიან ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი მოგროვდა, მონაწილეებიც და დაპატიჟებული სტუმრებიც. მაიკლ დუგლასი, ჰარისონ ფორდი, რობერტ დე ნირო, ლეონარდო დიკაპრიო, ქეით ბლანშეტი ნატალი პორტმანი, კირსტენ დანსტი, ტობი მაგუაიერი – წელს კანში უამრავი ამერიკელი ვარსკვლავი ჩამოვიდა. ეს დიდი ტალღა იგრძნობა…“
მარიკა ბაკურაძე ფოტოგრაფთან, რომელსაც კანის კინოფესტივალზე მუშაობის 31 წლიანი სტაჟი აქვს.
ჰოლივუდის ვარსკვლავებთან დასასმელი კითხვის შერჩევა არ არის მარტივი პროცესი: „თან უნდა იყოს საინტერესო, თან არ იყოს ძალიან ამოვარდნილი და აცდენილი რეალობას. ყველა ვარსკვლავი ხვდება, რომ შეიძლება ჟურნალისტმა კონტექსტიდან ამოვარდნილი კითხვა დასვას, რომელიც ფილმს საერთოდ არ ეხება, მაგრამ ამის გამო შეიძლება, შენიშვნაც მიიღოს. ძნელია, კითხვის უფლება მოიპოვო, შემდეგ კი ისიც რთულია, ვარსკვლავს ის კითხვა დაუსვა, რომელიც გაამართლებს და მისგან ნორმალურ პასუხს მიიღებ. ჩემ წინ ჰარისონ ფორდს კითხვა დაუსვა ავსტრალიელმა ქალბატონმა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ 80 წლის ასაკშიც კი ჰარისონ ფორდი „ძალიან ცხელი მამაკაცია“. ამას მოჰყვა ფაქტობრივად, მონოსპექტაკლი და არაჩვეულებრივი პასუხი მსახიობისგან. ყველა სააგენტომ წაიღო ეს შეკითხვა. რობერტ დე ნირო რომ მოვიდა პრესკონფერენციაზე, მოდერატორმა იმავე ქალბატონს ჰკითხა, აპირებდა თუ არა, რომ დე ნიროსთვისაც დაესვა იგივე კითხვა… ამიტომ კითხვის მოფიქრება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია…“
მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ