2026 წლის შემოდგომა ახალი ტენდენციებითაა სავსე და მოდის მოყვარულებს მრავალფეროვან ვარიაციებს სთავაზობს – განსხვავებულ სილუეტებს, ფერებს, პრინტებსა და ფაქტურებს, რომლებიც სეზონის გარდერობს ახალ ხასიათს სძენს. თუმცა ამ მრავალფეროვნებაში განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი აქსესუარი იქცევს, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ 2026 წლის შემოდგომის მთავარი ტრენდი – Cummerbund. ტაქსედოს განუყოფელმა აბრეშუმის სარტყელმა დიზაინერების ხედვაში სრულიად ახალი ფორმა და ფუნქცია შეიძინა და დღეს მხოლოდ ფორმალური დრესკოდით აღარ შემოიფარგლება.

ამ დეტალის ისტორია მე-19 საუკუნის ინდოეთიდან იწყება, როდესაც ბრიტანელმა ოფიცრებმა ადგილობრივი Cummerbund აღმოაჩინეს. ცხელი კლიმატის პირობებში მძიმე ჟილეტების ნაცვლად ინდოელი ოფიცრები მსუბუქ აბრეშუმის სარტყელს ირჩევდნენ. მოგვიანებით მან დასავლურ მოდაშიც გადაინაცვლა და ოფიციალური დრესკოდის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილად იქცა.

მიმდინარე წელს კი დიზაინერებმა აბრეშუმის სარტყელი კლასიკური ჩარჩოებიდან გაათავისუფლეს და ყოველდღიურ გარდერობში გადაიტანეს. Celine-ში მაიკლ რაიდერმა ის შინდისფერ და ვარდისფერ ტონებში წარმოადგინა და ფართო შარვლებსა და ჯაზის სტილის ფეხსაცმელს შეუხამა. Valentino-ში ალესანდრო მიკელემ Cummerbund-ი ტოპებთან, მოკლე კაბებსა და ვიწრო ჯინსებთანაც კი გამოიყენა. Issey Miyake-მ მას სპორტული ხასიათი შესძინა, Colleen Allen-მა კი სრულიად სხვა ფუნქცია მოუძებნა და პერანგის შესაკრავად გამოიყენა.

უნდა აღინიშნოს, რომ აბრეშუმის სარტყელი იდეალურად ერგება „არასწორი ნივთის თეორიის“ (Wrong Item Theory) იდეას, რომელიც ლუქში ერთი შეხედვით უჩვეულო ელემენტის დამატებას გულისხმობს. ტრადიციული თვალსაზრისით, Cummerbund მხოლოდ მკაცრ, ფორმალურ კოსტიუმს უხდება, თუმცა როდესაც ამ კლასიკურ დეტალს უბრალო ჯინსს, სპორტულ მაისურს ან თუნდაც სადა პერანგს ვუხამებთ, მოულოდნელი კონტრასტი იქმნება. სწორედ ეს აძლევს ლუქს უფრო თავისუფალ, იმპროვიზაციულ და საინტერესო ხასიათს.

