მარგო რობი ჰოლივუდში აღიარებულია. იცნობენ სამსახიობო უნარების ფართო სპექტრით – როგორც დრამატული ჟანრის კინოსურათებში, ისე კომედიებში შესრულებული როლებით. მან ითამაშა ისეთი ცნობილი კინორეჟისორების ფილმებში, როგორებიც არიან: მარტინ სკორსეზე, კვენტინ ტარანტინო და ჯეი როუჩი. მარგომ თავისი მრავალრიცხოვანი ნომინაციითა და ჯილდოთი რეკორდები დაამყარა. იგი ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, ხუთჯერ – „ბაფტაზე“, ოთხჯერ – „ოქროს გლობუსზე“; გარდა ამისა, იყო MTV-ს დაჯილდოების ნომინანტი ფილმ „უოლ-სტრიტის მგელში“ შესრულებული როლისთვის. გვქონდა სიამოვნება, მარგოსთან გვესაუბრა მისი როლებისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
როდის იგრძენით კინოს მიმართ სიყვარული?
ერთი კონკრეტული ფილმი, რომელიც ვნახე და გავიფიქრე: „მორჩა, ჰოლივუდში მივდივარ!“
რამ გადაგაწყვეტინათ სხვა კონტინენტზე გადასვლა?
ლონდონში ცხოვრება მომწონდა. ეს ის ქალაქია, რომელიც ყოველთვის ჩემს გულშია და რომელსაც ხშირად ვსტუმრობ, მაგრამ ჩემი სამუშაოს დიდი ნაწილი აშშ-ს უკავშირდება. სასტუმროს ოთახებში, ჩემოდნებზე მიწევდა ცხოვრება, ამიტომ ლოს-ანჯელესში გადასვლას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ სწორად მოვიქეცი.
ხედავთ რამე მსგავსებას თქვენს პიროვნებასა და თქვენ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს შორის?
ჰარლი ქუინი მძაფრი შეგრძნებების მაძიებელია და ვფიქრობ, რომ ეს მე ვარ, თუმცა იგი აშკარად უფრო არაპროგნოზირებადია და, ალბათ, სწორედ ამიტომ მომეწონა მისი როლის შესრულება.
Photo: Warner Bros. / Courtesy Everett Collection
რომელია ის მთავარი გაკვეთილები, რომლებიც კარიერის დაწყების შემდეგ მიიღეთ?
არასოდეს შეწყვიტო მთელი ძალით მუშაობა და კარგი რამეები მოხდება. ხალხი მეკითხება: „როგორი იყო „უოლ-სტრიტის მგელის“ შემდეგ ერთ ღამეში მოსული წარმატება?“ თუმცა წარმატება ერთ ღამეში არ მოსულა – ის წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო. შეიძლება ამ ფილმმა გამხადა ცნობილი, მაგრამ მას წინ თავდაუზოგავი მუშაობა უძღოდა.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?
როდესაც შენ, როგორც მსახიობი, კარიერის მწვერვალზე ადიხარ, გეწყება შიში, რომ აი, უკვე სიმაღლეზე ხარ და ხომ არ დაიწყება დაღმართი? ვთვლი, რომ ასე ფიქრი ბუნებრივია. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ბევრი რამეა, რისი მიღწევაც მსურს.
ვინ და რა გაძლევთ შთაგონებას?
პროფესიის მხრივ, ბევრი ხალხია, რომლებიც შთაგონებას მაძლევენ. საბედნიეროდ, ბევრ მათგანთან ერთად თამაშის შესაძლებლობა უკვე მქონდა.
რა არის ვარსკვლავად ყოფნის უარყოფითი მხარე?
იმ ჩვეულებრივი რამეების კეთებისას, რასაც შეჩვეული იყავით, ახლა ფოტოებს გიღებენ. ვერასოდეს გავიგებ, რატომ სურთ ჩემთვის ფოტოს გადაღება, როცა ყავას ვყიდულობ ან საკვების საყიდლად მივდივარ. ასე რომ, ჩემი აზრით, ეს არის იმ პირადი ცხოვრების უფლების დაკარგვა, რომელიც ოდესღაც გქონდა. მასთან შეგუება გიწევს და სწავლობ, თუ როგორ გაართვა ამ ყველაფერს თავი… თუმცა ამისთვის დრო დამჭირდა.
მიგაჩნიათ საკუთარი თავი სიმბოლოდ? რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
საკუთარ თავს ასე არასოდეს დავახასიათებდი. ბედნიერი ვარ, როცა სიმბოლოდ ქცეულ პიროვნებებს ვთამაშობ, იმის ნაცვლად, რომ თავად ვტკბებოდე სიმბოლოდ ყოფნით!
რას ნიშნავს – იყო ვარსკვლავი?
ასე ჩემს თავს არასოდეს ვუწოდებდი, თუმცა ვფიქრობ, რომ შეიძლება სხვა ადამიანებმა გიწოდონ, როდესაც პოპულარობის გარკვეულ ზღვარს აღწევ. მე მხოლოდ იმ პროექტებზე მუშაობის გაგრძელება მსურს, რომლებიც ჩემთვის სასიამოვნოა და რომლებიც მაყურებელს ახალისებენ.
ბოლო დღეებში რაზე ოცნებობთ?
ჩემი ოცნებაა – კვლავ მივიღო ის როლები, რომლებიც სიამოვნებას მგვრიან. ჯერ კიდევ არსებობს ბევრი რეჟისორი, რომლებთანაც მსურს მუშაობა.
ინტერვიუ: ნიგარ მაჰარამოვა