პარიზში მამაკაცის მოდის კვირეული დასრულდა, სადაც კოლექციები წარადგინეს ისეთმა საერთაშორისო მოდის სახლებმა, როგორებიცაა: DIOR, LOUIS VUITTON, SAINT LAURENT, WALES BONNER და ა.შ. დიზაინერებმა მოდის მოყვარულებს სეზონის ახალი ტენდენციები გააცნეს, ჩვენ კი წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან კოლექციებს, როლებიც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგრჩეთ.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ უამრავი ადამიანი განსაკუთრებულად ელოდა Dior-ის ჩვენებას და ჯონათან ანდერსონის დებიუტს. ანდერსონმა ბრენდის კლასიკური ესთეტიკა და თანამედროვე ხედვები იდეალურად დააბალანსა ახალ კოლექციაში, რომელშიც ვიხილეთ: ფერთა გამორჩეული პალიტრა, გამოკვეთილი სილუეტები, ჯინსის და აბრეშუმის ქსოვილები და ელეგანტური დიზაინით შექმნილი აქსესუარები.
ჯონათან ანდერსონის დახვეწილ კოლექციასთან ერთად, Dior-ის ჩვენებაზე სტუმართა ამპლუაშიც გამორჩეული ვარსკვლავები ვიხილეთ: რიანა, ეისაპ როკი, რობერტ პატინსონი, დენიელ კრეიგი, ფარელ უილიამსი და ა.შ.
თუ გვკითხავთ რომელი იყო 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის განსაკუთრებული კოლექცია, ჩვენი პასუხი ერთმნიშვნელოვნად იქნება- SAINT LAURENT. ენტონი ვაკარელო კვლავ განაგრძობს მოდის მწვერვალების დაპყრობას და ეს მიმდინარე სეზონზეც დაგვიმტკიცა. ვაკარელოს უახლესი კოლექცია აერთიანებდა: მოკლე თავისუფალ შორტებს, გრძელ თრენჩებს, ფართო მხრებიან, ბაფთიან პერანგებს. კოლექციაში დომინირებდა აბრეშუმის ქსოვილები და ისეთი ფერთა პალიტრა, რომელიც მოიცავს: ქვიშის, ხავსის და წყლის ტონებს.
Louis Vuitton -ის უახლეს კოლექციას კვლავ განსაკუთრებულად ეტყობოდა ფარელ უილიამსის გამორჩეული ხედვები. 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულისთვის ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა აუდიტორიას ინდური კულტურის გავლენით შექმნილი კოლექცია შესთავაზა, სადაც ცალსახად დომინირებდა: მსუბუქი ქსოვილები, ღია ფერები და კომფორტული სილუეტები. რა თქმა უნდა ჩვენებაზე ვიხილეთ ბრენდის გამორჩეული ჩანთები და ჩემოდნები, რომლის გარეშეც Louis Vuitton -ის კოლექციები წარმოუდგენელია.
Wales Bonner-მა უახლესი კოლექცია ბრენდის 10 წლის იუბილეს მიუძღვნა და „Jewel“ უწოდა. ამჯერად კოლექცია აერთიანებდა: ბრიტანულ კლასიკას, 50-იანების ელეგანტურობას და აფრიკული მოტივებს. ბრენდის ტრადიციული ესთეტიკიდან გამომდინარე ჩვენებაზე ვიხილეთ: განსხვავებული ფორმის პიჯაკები, გამჭვირვალე ქსოვილებისგან შექმნილი პერანგები, ხელით დამუშავებული დეტალები და უნიკალური აქსესუარები, როგორებიცაა: ბაობაბის ყვავილის ბროშები, აბრეშუმის ბაფთები და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ კოლექცია ზუსტად გამოხატავდა ბრენდის ესთეტიკას: ძლიერი და ინტელექტუალური.
საინტერესოა რომელმა მოდის სახლმა მოახერხა თქვენი მოხიბვლა ყველაზე მეტად და რომელი დიზაინერის ნამუშევარს გამოარჩევდით პარიზის მოდის კვირეულიდან?