არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც არასდროს კარგავენ აქტუალობას და ვის გარშემოც არასდროს ნელდება ინტერესის ტალღა, ერთ-ერთი მათგანია ანჯელინა ჯოლი, რომელიც დროსთან ერთად იქცა ძლიერი ქალის თვალსაჩინო მაგალითად და ეს განაპირობა არა მხოლოდ მისმა კარიერულმა მიღწევებმა კინოინდუსტრიაში, არამედ მისმა პიროვნებამ ჰოლივუდის მიღმა. მსახიობის გამოჩენა ნებისმიერ ეთერში, ფილმში, თუ წითელ ხალიჩაზე მუდმივად მთავარი ინტერესის ობიექტია საზოგადოებისთვის და მედიისთვის.
Photo: Backgrid
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ჯოლი აქტიურად ჩანდა ისეთ ღონისძიებებზე, როგორებიცაა: ვენეციის კინოფესტივალი, Governors Awards 2024, AFI ფესტივალი ლოს-ანჯელესში. მისი ასეთი ხშირი გამოჩენა დაკავშირებულია პაბლო ლარაინის ახალ ფილმთან “MARIA”, სადაც მსახიობი ცნობილი ბერძენი ოპერის მომღერლის, მარია კალასის როლს ასრულებს. ფილმის პრემიერა 2024 წლის აგვისტოში, ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, 27 ნოემბერს კი აშშ-ში, შერჩეულ კინოთეატრებში გაეშვა, ფართო აუდიტორიას “მარიას” ნახვა 11 დეკემბრიდან შეეძლება ნეთფლიქსზე.
Photo: Thealbertan.com
ვოგის ბოლო ინტერვიუში, რეჟისორი პაბლო ლარაინი და ანჯელინა ჯოლი განიხილავენ გადაღების პროცესს, სირთულეებს, მსახიობის და მისი პერსონაჟის კავშირს. როგორც რეჟისორი აღნიშნავს ანჯელინასთვის ეს როლი ნამდვილი გამოწვევა იყო, რადგან გარდა პერსონაჟის პიროვნების ჩვენებისა, ჯოლის სამუშაო პროცესი უშუალოდ მის ვოკალურ მონაცემებზეც მიმდინარეობდა და ფილმში შესრულებული მუსიკა ჯოლის და კალასის ხმების სინთეზია. ხმაზე მუშაობის პროცესზე საუბრისას ანჯელინა აღნიშნავს , რომ ადამიანებმა რეალურად არასდროს იციან რას მალავენ საკუთარ სხეულში, მაგალითად მან გადაღების პროცესში აღმოაჩინა რომ სოპრანოა:
“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ სოპრანო ვიყავი, რადგან მეგონა, რომ ჩემი ხმა ყოველთვის უფრო დაბალი და ძლიერი იყო. ვუთხარი: „არა, ჩემი ხმა…“ მაგრამ მწვრთნელმა მიპასუხა: „ეს შენი ნამდვილი ხმა არ არის. შენი ბუნებრივი ხმა ბევრად უფრო მაღალი და ნაზი ტემბრისაა, ვიდრე ის, როგორც საუბრობ.”
Photo: Hollywood Reporter
ფილმის გადაღების პროცესმა და ანჯელინას შესრულებულმა როლმა ზეგავლენა მოახდინა მსახიობის ოპერისადმი დამოკიდებულებაზე, ის მკაფიოდ აღნიშნავს რომ ფილმის გადაღების შემდეგ ოპერაზეა შეყვარებული და ამ ჟანრს ყველაზე აქტიურად უსმენს: „ საოცრად მამშვიდებს და მაძლევს სულიერ სიმშვიდეს, ამიტომ როცა ფიქრსა და გონების დალაგებას ვცდილობ, მას ყოველთვის ვრთავ”. მსახიობის თქმით კალასის როლზე მუშაობამ პერსონაჟთან უფრო დაახლოვა და აღნიშნა რომ მთავარი განსხვავება მასა და ოპერის მომღერალს შორის არის ის, რომ მას ყავს შვილები: „ჩემი შვილების გარეშე მე და ის (მარია კალასი) ძალიან, ძალიან ვგავართ ერთმანეთს“.
Photo: Getty
როგორც უკვე აღვნიშნეთ წლის ერთ-ერთი მთავარი ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა. წითელ ხალიჩაზე ჯოლი Tamara Ralph-ის კაბით წარსდგა, რომლის ელეგანტური ვიზუალი ძველ ჰოლივუდურ გლამურულ სტილთან ასოცირდებოდა. უკვე არავისთვის არის უცხო ის ფაქტი, რომ ჯოლის სტილი მინიმალისტური და ნაკლებად თვალშისაცემია, თუმცა აღსანიშნავია რომ მსახიობი ის გამონაკლისია რომელიც რეალურად ყველა სამოსში ანათებს, იქნება ეს სადა და ნაკლებად თვალშისაცემი, თუ პირიქით ექსტრავაგანტური, რასაც ანჯელინას შემთხვევაში იშვიათად ვხვდებით.
Photo: Getty
მსახიობი ასევე სადა, თუმცა ელეგანტური ლუქით დააფიქსირეს პაპარაცებმა ნიუ-იორკში, ერთ-ერთ კინოთეატრში, სადაც “მარიას” ჩვენებას დაესწრო.
Photo: Getty
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოჩენა 2024 წელს იყო “Governors Awards”, რომელსაც ჯოლი შვილთან, ნოქს ჯოლი- პიტთან ერთად დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა შვილებთან დიდ დროს ატარებს, ნოქსს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებზე იშვიათად ვხვდებით. აღნიშნულ ღონისძიებას მსახიობი ოქროსფერი ტონალობის, ვინტაჟური კაბით დაესწრო, რომელიც როგორც გაირკვა არცერთ ცნობილ მოდის სახლს არ ეკუთვნის, ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მსახიობი ნაკლებად მიყვება ტენდენციებს და ცდილობს ნებისმიერ სამოსში გამოაჩინოს ის ინდივიდუალიზმი და უნიკალურობა, რომელიც მის პერსონას ქმნის.
Photo: Backgrid
ტექსტი: მარიამ ბექაური