N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

კლასიკური ესთეტიკა და თანამედროვე ინტერპრეტაციები – პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

მარტი 11, 2026
A A
კლასიკური ესთეტიკა და თანამედროვე ინტერპრეტაციები – პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები
331
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

პარიზის მოდის კვირეული ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მოდა ხელოვნების განუყოფელი ნაწილია, მის მიღმა კი ის გენიალური შემოქმედები დგანან, რომლებიც სეზონიდან სეზონამდე არ წყვეტენ ჩვენს გაოცებას. 2026 წელი კიდევ ერთხელ გახდა იმის დასტური, რომ საფრანგეთის დედაქალაქი მყარად ინარჩუნებს ინდუსტრიის ეპიცენტრის სტატუსს – აქ წარსულის ნოსტალგია მომავლის ხედვებთან იდეალურ სინთეზს ქმნის და ჩვენამდე სრულყოფილი სახით მოდის.


კვირეულის ფარგლებში 2026-2027 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარადგინეს ისეთმა საერთაშორისო მოდის სახლებმა, როგორებიცაა: Saint Laurent, Tom Ford, Dior, Schiaparelli, Chanel, Elie Saab და სხვა. თითოეულმა ჩვენებამ მკაფიოდ გამოკვეთა სეზონის მთავარი ტენდენციები და შემოგვთავაზა საკულტო არქივების თანამედროვე, შთამბეჭდავი ინტერპრეტაციები.

Saint Laurent

ენტონი ვაკარელო რომ არასდროს ღალატობს Saint Laurent-ის ესთეტიკას, ეს უკვე არავისთვისაა უცხო და, ცხადია, უახლესი კოლექციაც კლასიკური პარიზული ელეგანტურობის ერთგვარ გაგრძელებად იქცა. ჩვენებაზე ტრადიციულად იგრძნობოდა მკაცრი სილუეტების დომინირება, რაც ბრენდის უცვლელ ხელწერად ჩამოყალიბდა. დიზაინერმა არც ფერთა პალიტრაში დაარღვია ტრადიცია და უპირატესობა კვლავ მუქ ტონალობებს მიანიჭა. ტექსტურების მხრივ ვაკარელომ მკვეთრი კონტრასტი შემოგვთავაზა, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა შალი, ბეწვი, ნაზი აბრეშუმი და მაქმანები. მასიური აქსესუარებისა და მინიმალისტური, თუმცა სტრუქტურული ფორმების იდეალურმა სინთეზმა კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ Saint Laurent-ის ესთეტიკა მუდმივად აქტუალურია.


Tom Ford

ჰაიდერ აკერმანმა უკვე დაუმტკიცა აუდიტორიას, რომ ტომ ფორდის მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელია, თუმცა უახლეს კოლექციაში მათი შემოქმედებითი ხედვის მსგავსება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. დიზაინერმა ბრენდი კლასიკურ, მკაცრ ელეგანტურობას დაუბრუნა და უარი თქვა ზედმეტ აქსესუარებსა თუ დეკორატიულ ელემენტებზე. წარმოდგენილ ლუქებში დომინირებდა მუქი კოსტიუმები, სტრუქტურული პალტოები და მაღალწელიანი ჯინსები. რაც შეეხება ფერთა პალიტრას – კოლექციის მთავარ ღერძს მუქი ტონალობები წარმოადგენდა, რომლებთანაც იდეალურ ბალანსს ქმნიდა თეთრი პერანგები და ეფექტური პრინტები.


Dior

ჯონათან ანდერსონის Dior-ი კვლავ ფართო განხილვის საგნად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სამოსის დეტალებში მკაფიოდ იგრძნობა კრისტიან დიორისა და ჯონ გალიანოს მემკვიდრეობა, დიზაინერი მაინც საკუთარი, მკვეთრი ინტერპრეტაციების გზას ირჩევს. ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა უახლეს კოლექციაში, რომელშიც ანდერსონმა მე-18 საუკუნის სტილი გააცოცხლა და ძველი ფრანგული არისტოკრატიული ესთეტიკა თანამედროვე კომფორტს იდეალურად შეუხამა. აბრეშუმის თავისუფალმა შარვლებმა და ნაქარგებით გაფორმებულმა ჯინსებმა ბრენდს უფრო ახალგაზრდული იერი შესძინა. ფერთა პალიტრაში ნაზი, ღია ტონალობები ჭარბობდა, მასალებში კი აქცენტი რბილ ბეწვზე, აბრეშუმსა და ნაზ მაქმანზე გაკეთდა, რაც, საბოლოო ჯამში, საოცარი სიმსუბუქის განცდას ქმნიდა.


Schiaparelli

სიურეალიზმს არ ღალატობს დენიელ როუზბერი, რომელმაც Schiaparelli-ს უახლეს კოლექციაში კვლავ შემოგვთავაზა თავისი ხელწერისთვის დამახასიათებელი სკულპტურული ფორმები და ილუზიებით გაჯერებული ესთეტიკა. სტრუქტურულ სილუეტებთან ერთად, ჩვენებაზე ტრადიციულად მუქი ტონალობები დომინირებდა, რომლებთანაც იდეალურ ბალანსს ქმნიდა ოქროსფერი და ვერცხლისფერი ელემენტები. ექსტრავაგანტურმა და მასიურმა აქსესუარებმა კი, სამოსის თამამი და დრამატული ხასიათი კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა.


Chanel

მეთიუ ბლაზი Chanel-ის კრეატიული დირექტორის პოსტის დაკავების დღიდან არ წყვეტს აუდიტორიის გაოცებას. მისი ყოველი კოლექცია იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გააცოცხლო არქივი და მას თანამედროვე ინტერპრეტაციით სრულიად ახალი სიცოცხლე შესძინო. დიზაინერის უახლესი ნამუშევარი გაბრიელ კოკო შანელის ცნობილ ფრაზას – „Be a caterpillar by day and a butterfly by night“ -ეხმიანებოდა, რომელიც ჩვენების მთავარ იდეურ ხაზს წარმოადგენდა. პოდიუმზე ერთმანეთს ჰარმონიულად ენაცვლებოდა პრაქტიკული სამოსი და ჰაეროვანი საღამოს კაბები. ფერთა პალიტრაში კი იდეალურ ბალანსს ქმნიდა მუქი და ღია ტონალობების სინთეზი. ბლაზიმ ბრენდისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა ოსტატურად მოარგო საკუთარ ხედვას და Chanel-ი ახალგაზრდა სეგმენტისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.


Elie Saab

Elie Saab-ი ამჯერად სრულიად ახალი ესთეტიკით წარსდგა აუდიტორიის წინაშე. თუ აქამდე დიზაინერი მკვეთრ ფერებსა და ორნამენტებით დატვირთულ ქსოვილებს ანიჭებდა უპირატესობას, ახალი კოლექცია ბევრად უფრო მინიმალისტურ ჭრილში წარმოგვიდგინა. ფერთა პალიტრაში ნეიტრალური, მუქი ტონალობები – შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი და ბურგუნდიული ღვინისფერი დომინირებდა. ტექსტურების მხრივაც დიზაინერმა მრავალფეროვანი სინთეზი შემოგვთავაზა, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდა უხეში ტყავი, გამჭვირვალე მასალები, ბეწვი, და ნაზი მაქმანები. ამ ცვლილებამ ბრენდს მეტი სიმკაცრე შესძინა, თუმცა სილუეტები კვლავინდებურად უსვამდა ხაზს ქალურობას და პოდიუმზე ნამდვილ გლამურს აფრქვევდა.

Tags: ChanelDiorპარიზის მოდის კვირეულიშემოდგომა/ზამთარი 2026
წინა პოსტი

კამერის მეორე მხარეს- ინტერვიუ სკარლეტ იოჰანსონთან

შემდეგი პოსტი

HYPER-SKIN-ის ეპოქა იწყება

შემდეგი პოსტი
HYPER-SKIN-ის ეპოქა იწყება

HYPER-SKIN-ის ეპოქა იწყება

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN