N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

კამერის მეორე მხარეს- ინტერვიუ სკარლეტ იოჰანსონთან

მარტი 9, 2026
A A
კამერის მეორე მხარეს- ინტერვიუ სკარლეტ იოჰანსონთან
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობის, ვუდი ალენისა და ბრაიან დე პალმას მუზის, სკარლეტ იოჰანსონის სარეჟისორო დებიუტი კანის 78-ე კინოფესტივალზე შედგა. ფილმი „დიდებული ელენორი“ (Eleanor the Great, 2025) მოგვითხრობს 94 წლის ელეანორ მორგენშტერნის ამბავს, რომელიც შემთხვევით ჰოლოკოსტს გადარჩენილთა წრეში მოხვდება და გარდაცვლილი ახლო მეგობრის ბიოგრაფიას საკუთარ თავზე მიიწერს. იგი მოულოდნელად აღმოჩნდება ადგილობრივი საზოგადოების, მედიისა და პოპულარული სატელევიზიო შოუს ყურადღების ცენტრში. უწყინარი ტყუილი იწვევს შედეგების ჯაჭვს, რომლისგან თავის დაღწევა სულ უფრო და უფრო რთულდება… „დიდებული ელენორი“ უკვე განიხილება, როგორც პოტენციური პრეტენდენტი „ოსკარის“ ნომინაციებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ პოპულარულმა მსახიობმა თამამი ნაბიჯი გადადგა კარიერის ახალ გზაზე – მორიგი შემოქმედებითი იდენტობის ძიებაში იგი კამერის მეორე მხარეს აღმოჩნდა.


როდის მიხვდით, რომ დრო იყო, რეჟისორობაც გეცადათ?

რეჟისორობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. 12 წლის ასაკში, ფილმის „ცხენების მომთვინიერებელი“ (The Horse Whisperer, 1998) გადაღებებზე მივხვდი, რას ნიშნავს, იყო რეჟისორი. მახსოვს, როგორი ინტერესით შევცქეროდი რობერტ რედფორდს სცენების დადგმისას. სწორედ მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს: „ეს ის არის, რის კეთებაც მინდა“. მოგვიანებით, როცა მთელი გულისყური სამსახიობო კარიერაზე გადავიტანე, რეჟისორობის იდეა გვერდზე გადავდე – ჩემთვის პრიორიტეტული აღარ იყო. დაახლოებით ექვსი წლის წინ საკუთარი საპროდიუსერო კომპანია დავაფუძნე და უფრო აქტიურად ჩავერთე პროდიუსინგში. გარკვეულ პერიოდში თავს ვარიდებდი რეჟისორობას, ზედმეტად საპასუხისმგებლო პროფესიაა, მუდმივად სხვების პრობლემების მოგვარება გიწევს-მეთქი… მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში იმედი მქონდა, რომ ერთ დღესაც ხელში ჩამივარდებოდა ისეთი სრულყოფილი პროექტი, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. „ელენორის“ სცენარი რომ მივიღე, ნამდვილად არ იყო იდეალური დრო ახალ პროფესიაში ძალების მოსასინჯად, მაგრამ ვიგრძენი, რომ უკვე მზად ვიყავი. პასუხისმგებლობის ასაღებად ემოციური სიმწიფე მქონდა და თავდაჯერებაც. ალბათ იმანაც გამამამაცა, რომ ჰოლივუდში უკვე ბევრი ქალი რეჟისორია. მათ სხვა ქალ რეჟისორებსაც გაუკვალეს გზა. შესაბამისად, თუკი „ელენორზე“ ვიმუშავებდი, უხილავი ბარიერების ჩამონგრევა თავად, მარტოხელას არ მომიწევდა.


რით მიგიზიდათ სცენარმა?

ამ ისტორიამ შემძრა. ის ფილმები მომაგონა, ახალგაზრდობაში რომ მიყვარდა – გულწრფელი და ღიად პირადი, 90-იანებისა და 2000-იანი წლების კინონამუშევრები. მომეწონა იდეა იმისა, რომ ნიუ-იორკი ცალკე პერსონაჟად წარმოჩინდა. ამ ქალაქთან არაერთგვაროვანი ურთიერთობა მაქვს: დიდხანს ვერ ვჩერდები იქ, მაგრამ ყოველთვის მენატრება, როცა შორს ვარ. მიყვარს მისი ენერგია, რიტმი და შეგრძნება იმისა, რომ რაღაც მუდმივად მოძრავის ნაწილი ხარ. მისი მობილურობა მაკლია ხოლმე – ზოგჯერ აქ ცხოვრება ძალიან ხელსაყრელი და კომფორტულია, რადგან ყველაფერი ხელმისაწვდომია. ნიუ-იორკული ცხოვრების სტილი თითქოს განებივრებს. შესაძლებლობა მომეცა, 80-90 წლის მსახიობებთან მემუშავა. დიდ პატივს ვცემ მოხუცებს – მათ მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, შთამბეჭდავი სიბრძნე და სამყაროს აღქმის უნიკალური გზა აქვთ. მათი სურვილი, ეს ყველაფერი გაგიზიარონ, მართლაც დასაფასებელია. წლების განმავლობაში ასობით სცენარი წამიკითხავს, იშვიათად თუ წავწყდები ისეთ თანმიმდევრულ სცენარს, როგორიც „ელენორია“. მას ჰქონდა მკაფიო სტრუქტურა, უნიკალური კონცეფცია და ნამდვილი ემოციური სიღრმე. ვიგრძენი, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათი შემთხვევებიდან, როცა ისტორია თავად გირჩევს შენ – რეჟისორს.


როგორც რეჟისორმა, რა აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

რეჟისორობა ჩემი 30-წლიანი სამსახიობო კარიერისა და პროდიუსერობის ბუნებრივ გაგრძელებად მეჩვენა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა მემართა მსახიობები… ჩემდა გასაკვირად, გადასაღებ მოედანზე პირველივე დღეს მივხვდი, რომ ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ეს დიდი შვება იყო ჩემთვის, რამაც საშუალება მომცა, გუნდი სწორი მიმართულებით წამეყვანა პატივისცემითა და ფაქიზი მიდგომით…


პროდიუსერის როლში როგორ აღმოჩნდით?

თავდაპირველად ძალები აღმასრულებელ პროდიუსერად მოვსინჯე. გასულ ზაფხულს კი ჩემი პირველი სრულფასოვანი საპროდიუსერო პროექტი – რომანტიკული კომედია, „წამიყვანე მთვარეზე“ (Fly Me to the Moon, 2024) – წარვუდგინე მაყურებელს. ფილმი მოგვითხრობს კრიზისზე, რომელიც NASA 1960-იან წლებში აღმოჩნდა – მაშინ, როდესაც აშშ გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ადამიანი მთვარეზე გაგზავნა. ამ ფილმში მეც ვითამაშე, მარკეტინგის სპეციალისტის როლი შევასრულე. ჩენინგ ტატუმმა კი პარტნიორობა გამიწია. ჩენინგი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოიდგინა. უწინ მეგონა, რომ ცოტა პირქუში, თავშეკავებული და სერიოზული ტიპი იყო, მაგრამ გადასაღებ მოედანზე თავი წარმოაჩინა, როგორც იუმორით სავსე, არაპროგნოზირებადმა ადამიანმა. ხან საიდან გამოხტებოდა ჩემს შესაშინებლად, ხან საიდან; ზოგჯერ უცნაურ ხმებს გამოსცემდა, პირდაპირ ყურში ჩამძახებდა, ან პარიკის ქვეშ თითს მიყოფდა… მოკლედ, მასთან ერთად ვერ მოიწყენდი. ჩემმა საპროდიუსერო კომპანიამ ინვესტორები მოიზიდა, მაგრამ მათი დარწმუნება, პროექტი დაეფინანსებინათ, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მაშინაც კი, როცა ცნობილი მსახიობი ხარ, ეს გამოწვევა კვლავაც აქტუალური რჩება. ამ თვალსაზრისით, ყოველდღე ვყიდი იდეებს და გამუდმებით ვარწმუნებ ადამიანებს.


ვფიქრობ, არც კი ღირს იმის კითხვა, გააგრძელებთ თუ არა სამსახიობო კარიერას – მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ფილმში „ფინიკიური სქემით“ (Phoenician Scheme) გიხილეთ… რა არის ის, რაც რეჟისორ უეს ანდერსონს ესოდენ განსაკუთრებულს ხდის?

ამჯერად მცირე როლი შევასრულე: იდუმალი პერსონაჟი – „ნათესავი“ – განვასახიერე. მთელი კინოსურათი გროტესკული იუმორითაა გაჯერებული, რაც განსაკუთრებულად მომწონს უესის ნამუშევრებში. ასევე, ვაფასებ მის უნარს, შექმნას სივრცე და მომენტი, რომელშიც სრულად იძირები. მიუხედავად იმისა, რომ მისი პროფესიული მიდგომა უკიდურესად დეტალური და ზედმიწევნითია – იქნება ეს კამერის მოძრაობა, ტექსტი თუ მიზანსცენა – თავისუფლების შეგრძნებას მაინც გიჩენს. ზოგჯერ ეს პარადოქსულიც კია: გგონია, რომ იდეალურად აწყობილი მექანიზმის ნაწილი ხარ, შემდეგ კი უცებ აღმოაჩენ, რომ ამ მექანიზმის შიგნით იმპროვიზაციას მიმართავ. ეს თავისებურება გადაღების პროცესს შესანიშნავად დინამიკურს ხდის. მაგალითად, იყო სცენა, სადაც ვიღაცას წყვილი ფეხსაცმელი თოკზე უნდა ჩამოეკიდა. თავიდან ვიფიქრე, რა უცნაური იდეაა-მეთქი… მაგრამ შემდეგ, როცა რეკვიზიტორმა სიტუაციისთვის შესაფერისი თოკი მოიტანა, ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა ჩემს გონებაშიც. დავრწმუნდი, რომ უესი ხედავს იმას, რაც სხვებისთვის შესაძლოა შეუმჩნეველი იყოს. ჩვენ ვიყავით ქვიშის ორმოში, შუა უდაბნოში… და მაინც, უესს ყველაფერი მზად ჰქონდა… და ეს მართლაც ჯადოსნური გამოცდილება იყო.


თქვენს ყველაზე სასაცილო გადაღებას ხომ არ გაიხსენებთ?

ჯონათან გლეიზერის ნამუშევარი უნდა დავასახელო – „კანის ქვეშ“ (Under the Skin, 2013). ფილმის გადაღებისას ფარულ კამერებს ვიყენებდით – კადრში შემთხვევითი გამვლელები ხვდებოდნენ. ამის შესახებ კი არაფერი იცოდნენ. თავიდან, როცა რეჟისორმა შემომთავაზა, ქუჩაში გაიარ-გამოიარე და ხალხს გამოელაპარაკეო, გიჟად მივიჩნიე. როგორ უნდა გამება საუბარი უცნობებთან ?! ჩემი ეჭვები გავუზიარე და ხუმრობით დავამატე, ამას მხოლოდ მაშინ გავაკეთებ, თუ სხვა პლანეტაზე მოვხვდებით-მეთქი… მან კი მიპასუხა: „უკვე იქ ხარ“. კიდევ ერთი სასაცილო ამბავი გლაზგოში გადახდა. როგორც ჩანს, იქ კინოთეატრებს იშვიათად სტუმრობენ და ჰოლივუდის სიახლეებითაც არ ინტერესდებიან. ერთხელ, როდესაც ტროტუარზე უნდა დავცემულიყავი, გამვლელები შემომეშველნენ და ვერ მიცნეს. არც კი უფიქრიათ, რომ გადაღება მიმდინარეობდა. რამდენიმემ ეჭვის თვალით კი შემომხედა და ჩამეძია, მსახიობი ხომ არ ხართო, მაგრამ სულ ეს იყო.


ცნობილ რეჟისორებთან მუშაობისას წნეხს თუ განიცდით?

რა თქმა უნდა… მაგრამ ეს ადრენალინსაც იწვევს ჩემში! როდესაც ვუდი ალენთან პირველად მომიწია მუშაობა, წარმოუდგენლად ვნერვიულობდი. მახსოვს, როგორ წავბორძიკდი „მატჩ პოინტის“ (Match Point, 2005) პირველ სცენებში, მან კი შემომძახა: „რას აკეთებ?! თავი ხელში აიყვანე!“ ამ სიტყვებმა მაშინვე გამომაფხიზლა და გადაღებებიც შეუფერხებლად წარიმართა. დღეს ჩემი მთავარი წნეხი დილით ადგომა და სამსახურში დროულად გამოცხადებაა. მე არც ხატება ვარ, არც სიმბოლო ან ვარსკვლავი – ვარ უბრალო ადამიანი, რომელსაც მუშაობა უყვარს.


რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობთ ხოლმე. ეს არ გფიტავთ?

რა თქმა უნდა, კინოში მუშაობა დიდი ემოციური და ფიზიკური დატვირთვაა მსახიობისთვის. გადაღება შეიძლება 14 საათსაც გაგრძელდეს, ზოგჯერ კი სპეციალური მომზადებაა საჭირო. მაგალითად, ფილმისთვის „კუნძული“ (The Island, 2005) მძლეოსნობა დავიწყე და 30 კმ გავირბინე. მიუხედავად ამისა, მუშაობა უსაქმურობისა და საკუთარი ეგოსგან მიცავს. მართალია, ჩემს პროფესიას დიდი ენერგია სჭირდება, მაგრამ, ამავდროულად, ნარკოტიკივითაა – თავის დანებება გიჭირს. ყველაზე ბედნიერად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა მესმის რეჟისორის ნათქვამი: „Cut. That’s a Wrap. Excellent!“ („გათიშე. მორჩა. შესანიშნავია!“


გაქვთ რაიმე განსაკუთრებული რიტუალი – მაგალითად, როგორ იწყება თქვენი დილა?

საკმაოდ ადრე ვიღვიძებ. ორი შვილი მყავს; ჩემი ქალიშვილი სკოლაში დადის. სამწუხაროდ, როგორც კი თვალებს ვახელ, მაშინვე ტელეფონს ვამოწმებ. ვიცი, რომ მობილურზე დამოკიდებული არ უნდა ვიყო, მაგრამ ვერაფრით ვარღვევ ამ ჩვევას. შემდეგ პირს ვიბან, კბილებს ვიხეხავ, ვვარჯიშობ ან ვიწელები (დილის ვარჯიშის გარდა, კვირაში დაახლოებით ოთხჯერ ვვარჯიშობ – ადრე ძალოსნობით ვიყავი გატაცებული, ახლა კი პილატესი). ქალიშვილის სკოლაში წაყვანამდე ყავის დალევას ვასწრებ.


ხშირად გიწოდებენ სექსსიმბოლოს და მერილინ მონროს გამსგავსებენ – ეს სასიამოვნოა თქვენთვის?

მისიამოვნებს, როცა სარკეში ვიყურები და საკუთარი გამოსახულება მომწონს. ვაკვირდები ვარცხნილობასა თუ ტანზე ლამაზად მომდგარ კაბას და ვფიქრობ, რომ ყველაფერი რიგზეა. ვერ ვიტყვი, რომ თავს მერილინ მონროს, გრეტა გარბოს ან მარლენ დიტრიხის რანგის ქალად მივიჩნევ. სანამ სოფია კოპოლას ფილმში „თარგმანში დაკარგულები“ (Lost in Translation) მთავარ როლს შევასრულებდი, ძირითადად მცირე, ეპიზოდურ სცენებში მიღებდნენ – მაშინ არავინ მამსგავსებდა კინოინდუსტრიის ლეგენდას. საზოგადოებამ ყურადღება მოგვიანებით მომაპყრო… მიუხედავად იმისა, რომ ვაფასებ ჩემდამი არსებულ სიმპათიასა და წარმოდგენებს, ვთვლი, რომ ეს ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი არ არის.


ინტერვიუ: ტატიანა როზენშტეინი

Tags: Eleanor the Greatინტერვიუმსახიობისკარლეტ იოჰანსონი
წინა პოსტი

13 ქალი, რომელმაც 21-ე საუკუნის სამყარო შეცვალა

შემდეგი პოსტი

კლასიკური ესთეტიკა და თანამედროვე ინტერპრეტაციები – პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

შემდეგი პოსტი
კლასიკური ესთეტიკა და თანამედროვე ინტერპრეტაციები – პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

კლასიკური ესთეტიკა და თანამედროვე ინტერპრეტაციები - პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN