სიყვარული ყველაზე ხშირად მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იბადება, თუმცა იშვიათია შემთხვევები, როდესაც გრძნობა ჰარმონიულად ერწყმის წყვილის ხედვებსა და საქმიანობას. სწორედ ასეთ გამორჩეულ ტანდემთან გვაქვს საქმე, როდესაც ლაშაო გაბუნიასა და თეონა მეტრეველზე ვსაუბრობთ. მათი ისტორია იმის დასტურია, რომ საერთო ინტერესებმა და შემოქმედებითმა ხედვამ შესაძლოა შექმნას კავშირი, რომელიც გარშემომყოფთა ყურადღებას მუდმივად იქცევს.

სიყვარული და შემოქმედება: იდეალური ტანდემი
ლაშაოსა და თეონას შემოქმედებითი კავშირი არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი; ეს ბუნებრივი პროცესი გახლდათ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ ბრენდს, არამედ მათ ურთიერთობასაც. წყვილი აღნიშნავს, რომ რთულია იმის განსაზღვრა, რეალურად საიდან დაიწყო ყველაფერი – “ორივე ერთად იყო, თავდაპირველად ინტერესი და მოწონება გადაიზარდა საერთო საქმიანობაში, შემდეგ კი – უფრო დიდ სიყვარულში.”

საერთო საქმემ და ყოველდღიურმა კომუნიკაციამ მათ საშუალება მისცა, ერთმანეთი უფრო ღრმად გაეცნოთ. “ლაშაო ძალიან მიზანდასახული და შრომისმოყვარეა. არ მახსენდება რამე, რაც არ გამოსდის ან არ შეუძლია. ეს თვისება ყველაზე მეტად მომწონს, ვაფასებ და მეამაყება.” თავის მხრივ, ლაშაო თეონას განსაკუთრებულ მზრუნველობასა და მრავალმხრივ ნიჭს უსვამს ხაზს: “თეონას ბევრი უნარი აქვს, რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია, არის მზრუნველი, შრომისმოყვარე და საიმედო ადამიანი, თუმცა ამავდროულად ძალიან ბავშვური და ემოციური.”
Photo: Levan Tchkonia

ფუნდამენტური ღირებულებები და კომპრომისები
წყვილისთვის მთავარი ოჯახია და სწორედ ეს ღირებულება ქმნის მყარ საფუძველს, რომელშიც პირადი ცხოვრება და შემოქმედებითი საქმიანობა ერთ მიზანს ემსახურება: “ამ გადმოსახედიდან ვიტყოდით, რომ ოჯახი ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია,” – აღნიშნავს ლაშაო. სწორედ ამ პრიორიტეტის დასაცავად, წყვილი მუდამ მზადაა კომპრომისებისთვის, რაც, მათი აზრით, მტკიცე ურთიერთობის მთავარი წინაპირობაა: “ალბათ ყველა ურთიერთობას თან სდევს დათმობა. ერთმანეთს მუდამ ვითვალისწინებთ და ხშირად რაღაცებზე უარს ვამბობთ, ვფიქრობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის ასაშენებლად და გასამყარებლად”– გვეუბნება თეონა.
Photo: Tatia Chkhartishvili

“House of Jesus Star”: კრეატიული პროცესი და როლების გადანაწილება
“House of Jesus Star”-ის კოლექციების შექმნა სრულიად კოლაბორაციული პროცესი, სადაც იდეალურ სინთეზს ქმნის ლაშაოს კრეატიული ხედვა და თეონას გამოცდილება: “კოლექციის კონცეფციის შექმნა ემოციით ან საკითხით იწყება, რომელზეც იმ პერიოდში ვფიქრობ და ვგრძნობ. ვაკეთებთ კვლევას, სადაც იკვეთება კოლექციის ატმოსფერო, ფერები და სილუეტები. შემდეგი ეტაპი ესკიზები და ფითინგებია. კონცეფციაც ხშირად ფითინგების პროცესში ღრმავდება,” – განმარტავს ლაშაო. ის განსაკუთრებით აფასებს თეონას წვლილს: “თეონას ყველაფერს ვუზიარებ, რადგან ძალიან საჭირო რჩევებს მაძლევს. გარდა იმისა, რომ ის ძალიან ნიჭიერია, მინდა აღვნიშნო, რომ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს, რომელსაც მუდმივად მიზიარებს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.”

თეონა აღნიშნავს, რომ საქმიანობაში როლები მკაცრად გადანაწილებული არ ხდება, თუმცა საბოლოო სიტყვა კრეატიულ ხელმძღვანელს ეკუთვნის: “პროცესში ორივე ჩართული ვართ, მაგრამ რადგან ბრენდის კრეატიულ მხარეს ლაშაო ხელმძღვანელობს, საბოლოო სიტყვა მისია.”

ბრენდის ესთეტიკა, მისია და ხედვა
“House of Jesus Star” არ არის მხოლოდ სამოსი ან უბრალოდ ბრენდი – ეს არის მოდის სახლი, რომელიც მუდმივ დინამიკაშია და იდეალურად ირეკლავს თბილისის რიტმს: “ჩვენ ამ ქალაქის ნაწილი ვართ და მის ენერგეტიკას ვიზიარებთ. House Of Jesus Star-ში მიმდინარეობს ცოცხალი პროცესები… თითოეული კლიენტი ახალ მიმართულებას გვაძლევს და ეს ჩვენს განვითარებას განაპირობებს” – ხაზს უსვამს ლაშაო.
Photo: Levan Tchkonia

სამუშაო პროცესში თეონა უფრო მკაცრი შემფასებელია, თუმცა ერთმანეთთან ჰარმონიული ურთიერთობა მათ პიროვნულად ზრდის: “გაცნობის დღიდან ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ვფიქრობ, ყოველდღე ახალ გაკვეთილს ვიღებთ. ერთმანეთის არსებობით და ერთად მიღებული გადაწყვეტილებებით ორივე ძალიან გავიზარდეთ” – გვეუბნება თეონა.

ინდივიდუალური ოცნებები და მხარდაჭერა
მიუხედავად იმისა, რომ თეონასა და ლაშაოს შემოქმედებითი ხედვა აერთიანებთ, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთმანეთის ინდივიდუალურ განვითარებას. წყვილისთვის პირადი მიზნები და საერთო ბედნიერება ურთიერთდაკავშირებულია. “ჩვენი მთავარი მისია საერთოა. ერთმანეთის ბედნიერება, შესაბამისად, ეს არის ის, რაზეც დგას ჩვენი ურთიერთობა.”
Photo: Levan Tchkonia

ინტერვიუ: მარიამ ბექაური

