გსმენიათ თეორია იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებიც წლებს ერთად ატარებენ, დროთა განმავლობაში სახის ნაკვთებით, მიმიკებითა და ჟესტებითაც კი ემსგავსებიან ერთმანეთს. თუმცა სინამდვილეში, ეს მსგავსება მაშინ ხდება ყველაზე თვალსაჩინო და ღრმა, როდესაც ის ესთეტიკურ დონეზე გადადის. სწორედ ასეთ ჰარმონიაზე გვინდა გიამბობთ დღევანდელ სტატიაში, რომლის მთავარი გმირებიც ბელგიელი წყვილი – ლორა და ნიკოლას ჰერბერტები არიან.

წყვილი, რომელიც ინტერნეტსივრცეში თავისი გამორჩეული, ვინტაჟური და დახვეწილი სტილით გახდა ცნობილი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის იქცა შთაგონების წყაროდ და თუ გვკითხავთ რა არის პირველი ასოციაცია, რომელიც მათი ფოტოებიდან მოდის ეს აუცილებლად იქნება: საფრანგეთის მზიანი სანაპიროები, ძველი ევროპული ქალაქების ქუჩები და კლასიკური ესთეტიკა, რომელიც ყველა ეპოქას უხდება.

ლორას და ნიკოლასის ისტორია 9 წლის წინ ერთ-ერთ ღვინის ბარში დაიწყო, თუმცა ყველაფერი გაცნობიდან ორი წლის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ორივე მათგანმა სტაბილური სამსახური დატოვა და მხოლოდ ერთი მიმართულების ბილეთი იყიდა ავსტრალისა და აზიისკენ. აქედან დაიწყო პერსონალური ბლოგის ისტორიაც. ამჟამად წყვილი ნიუ-იორკში ცხოვრობს და საკუთარ დროს ამერიკასა და ევროპას შორის ანაწილებს. მათი მუდმივი მოგზაურობა და კინემატოგრაფიული ცხოვრების წესი კი იდეალურად მოერგო ახალ პროფესიას- სასტუმროების ფოტოგრაფიას, რაც პერსონალურ კადრებსაც კიდევ უფრო მეტ ესთეტიკასა და გემოვნებიან ვიზუალს სძენს. როგორც ლორა და ნიკოლასი აღნიშნავენ, მათი ყოველდღიურობა სავსეა უბრალო, მაგრამ ესთეტიური რიტუალებით, როგორებიცაა: დილის ყავა, ცოცხალი ჯაზი, მოგზაურობა, წითელი ღვინო და ნოსტალგიური ზაფხული საფრანგეთში.

ცხადია, ყოველდღიური რიტუალები და განწყობა პირდაპირ აისახება ლორას და ნიკოლასის სტილზე და გარდერობზე, რომელიც კლასიკურ, ელეგანტურ სტილზეა აგებული და იდეალურად ერგება ორივე მათგანის პერსონას. სამოსში წამყვან როლს ნატურალური ტექსტურები და ბუნებრივი, ნეიტრალური ტონალობები თამაშობენ. თეთრი, კრემისფერი, სპილოსძვლისფერი, ხაკის და შოკოლადისფერი ტონალობები მათ გარშემო მუდმივად მშვიდი ზაფხულის ილუზიას ქმნის.

ლორას ინდივიდუალური სტილი მინიმალიზმში და ფემინურობაში ვლინდება, რომელშიც ხშირად ვხედავთ იდეალური ჭრილის კაბებს, თავისუფალ შარვლებს და ელეგანტურ მაისურებს. მის სტილში კიდევ უფრო დახვეწილი სწორად შერჩეული აქსესუარებია, რაც ცალსახად ამტკიცებს, რომ ლორამ ზუსტად იცის როგორ არ გადატვირთოს ვიზუალი. ნიკოლასის გარდერობი კი ერდროულად მასკულინური, ელეგანტური და პრაქტიკულია, სადაც ერთმანეთთან იდეალურ ბალანს ქმნის, როგორც კლასიკური სმოკინგები, ორბორტიანი პიჯაკები და თეთრი პერანგები, ასევე ტილოს ფართე შარვლები, პოლო მაისურები, ზამშის და ტყავის ლოფერები და ა.შ.

ლორას და ნიკოლასის ვიზუალური ჰარმონიის ყველაზე მომხიბვლელი ნაწილი ისაა, რომ წყვილი არასდროს ცდილობს ერთმანეთის მსგავი, ან სრულიად იდენტური სამოსის მორგებას, რაც ხშირ შემთხვევაში ხელოვნურ შთაბეჭდილება ქმნის. მათი ვიზუალური ესთეტიკა ერთმანეთს ფაქტურებით, ფერთა პალიტრით და ენერგეტიკით ავსებს და საბოლოო ჯამში იქმნება ის ავთენტურობა, რომელიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას.

