ახალი წელი ალბათ ყველაზე მაგიური დღესასწაულია, რომელსაც ყოველი ჩვენგანი მოუთმენლად ველოდებით. თუმცა საინტერესოა რა ქმნის საახალწლო განწყობას ყველაზე მეტად? ამ კითხვის პასუხი უპირობოდ ფილმებია. რა შეიძლება იყოს უფრო სასიამოვნო ვიდრე საყვარელ ადამიანებთან ერთად საახალწლო ფილმების ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ საშობაო და საახალწლო თემატიკაზე გადაღებული ფილმები კინოინდუსტრიაში მრავლადაა, მაინც შეგვიძლია გამოვარჩიოთ მათ შორის საუკეთესოები. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ 7 ფილმს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ წინა საახალწლოდ
1. მარტო სახლში/ Home Alone
ალბათ არავის გაუკვირდება ჩამონათვალს კრის კოლუმბუსის ფილმით “მარტო სახლში”-თ (Home Alone) თუ დავიწყებთ. ფილმი 1990 წელს გამოვიდა და მას შემდეგ კევინ მაკალისტერის საშობაო თავგადასავალი შეიყვარა ყველამ. კომედიური ელემენტებით გაჟღენთილმა საშობაო ისტორიამ, “მარტო სახლში” უამრავი ადამიანის საყვარელ ფილმად აქცია, მსახიობი მაკოლეი კალკინი კი, 34 წლის შემდეგაც კევინ მაკალისტერად დარჩა საზოგადოებისთვის.
2. შვებულება/ The Holiday
შემდეგი და უამრავი ადამიანისთვის გამორჩეული საახალწლო ფილმია “შვებულება” (The Holiday) . საინტერესო სიუჟეტის და ულამაზესი კადრების გარდა, ფილმს განსაკუთრებულს ხდის ბრწყინვალე მსახიობებით შექმნილი გუნდი. ჯუდ ლოუ, კამერონ დიასი, ქეით უინსლეტი და ჯეკ ბლექი ნამდვილად გამორჩეულად საინტერესო ისტორიას უყვებიან მაყურებელს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ფილმის გამოსვლიდან დღემდე ვარსკვლავურ გუნდში გამორჩეულად კაშკაშებს ჯუდ ლოუ და მისი პერსონაჟი, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს.
3. ნოელი/ Noel
კიდევ ერთი ყველასთვის საყვარელი საახალწლო ფილმია ნოელი (Noel). პენელოპე კრუზის და პოლ უოკერის გამორჩეული ტანდემი, რომელიც მაყურებელმა ფილმის გამოსვლის დღიდან შეიყვარა. ნოელის სიუჟეტში არაჩვეულებრივადაა გადმოცემული შობის დღესასწაულის მაგიურ ძალა და სიყვარულის დაუვიწყარი ისტორია, რომელმაც ფილმს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. გარდა საახალწლო განწყობისა და საინტერესო სიუჟეტისა, ნოელი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ნოსტალგიური ფილმია მაყურებლისთვის, რადგან როგორც ვიცით მთავარი პერსონაჟის შემსრულებელი, პოლ უოკერი 2013 წელს ავტო- კატასტროფას ემსხვერპლა.
4. როგორ მოიპარა გრინჩმა შობა/ How the Grinch stole Christmas
რა უნდა იყოს შემდეგი თუ არა “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” (How the Grinch stole christmas), კლასიკა, რომელიც ერთნაირად უყვარს ბავშვებს და უფროსებს. რონ ჰოვარდის ფილმი 2000 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე, მთავარი როლის შემსრულებელი კი ყველასთვის საყვარელი მსახიობი ჯიმ ქერია, სწორედ ჯიმ ქერის პროფესიონალიზმმა და საინტერესო სცენარმა აქცია გრინჩი მაყურებლისთვის გამორჩეულ ფილმად, რომელიც არაჩვეულებრივად გვაჩვენებს შობის დღესასწაულის მნიშვნელობას და მაგიას.
5. რეალური სიყვარული/ Love Actually
რომკომების მოყვარულთათვის საუკეთესო საახალწლო ფილმი “რეალური სიყვარულია” (Love Actually). “რეალური სიყვარული” 2003 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე და მალევე დაიმსახურა მაყურებლის სიმპათია. ფილმი სიყვარულის მრავალფეროვნებაზე გვიყვება და გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მისი სხვადასხვა ფორმით გამოხატვა. გარდა სიუჟეტის მრავალფეროვნებისა, პერსონაჟებს ყველასთვის საყვარელი მსახიობები განასახიერებენ, ისეთები როგორებიც არიან: ალან რიკმანი, ჰიუ გრანტი, ლიამ ნისონი, კირა ნაითლი და ა.შ.
6. შობის გადატანა/ SURVIVING CHRISTMAS
ვისაც ახალი წლის დღესასწაული და ბენ აფლეკი ერთნაირად უყვარს, მაშინ საახალწლო ფილმების სიაში აუცილებლად უნდა ჩასვამს “შობის გადატანა” (SURVIVING CHRISTMAS). მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების მხრიდან ფილმს არც თუ ისე დადებითი შეფასება მოჰყვა, მაყურებლისთვის ის ერთ-ერთ საუკეთესო საშობაო ფილმად იქცა. თუმცა ეს არის ფილმი რომელზეც ალბათ არ არსებობს შუალედური დამოკიდებულება, ის ან ძალიან მოწონთ, ან პირიქით, არ მოწონთ.
7. საშობაო სიმღერა/ A Christmas Carol
ჩამონათვალს დავასრულებთ ანიმაციური ფილმით “საშობაო სიმღერა” (A Christmas Carol), ჩარლზ დიკენსის ლეგენდარული ნოველის საუკეთესო ეკრანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ “საშობაო სიმღერის” ეკრანიზაციის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, 2009 წელს გამოსულმა ანიმაციურმა ფილმმა მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზეც. “საშობაო სიმღერა” გვიყვება ისტორიას, იმაზე თუ რა ძალა აქვს სიყვარულს, გულწრფელობას და სიკეთეს ადამიანის გულში და გვაჩვენებს, რომ შეცდომების მონანიება არასდროსაა გვიანი, ადამიანს კი ყოველთვის შეუძლია აირჩიოს სწორი გზა, იმ შემთხვევაშიც თუ ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული.
თუ ჩამოთვლილი ფილმებიდან, რომელიმე ჯერ კიდევ არ გინახავს ისღა დაგვრჩენია მოგილოცოთ, რადგან მათი პირველად ნახვა ნამდვილად დიდი სიამოვნება. ჩვენ კი გვაინტერესებს, რომელია თქვენი საყვარელი საახალწლო თუ საშობაო ფილმი და რომელ მათგანს დაამატებდით ჩვენს სიაში?
ტექსტი: მარიამ ბექაური