უამრავ ადამიანს მიაჩნია, რომ სიყვარულს კონკრეტული დღე არ სჭირდება და ყოველი ახალი დღე შეგვიძლია დავმუხტოთ ამ გრძნობით, თუმცა ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად მაინც განსაკუთრებული ემოციები გვიპყრობს. თუ ყოველდღიურობაში ვერ ვახერხებთ რომანტიკული გარემოს შექმნას, კინოში წასვლას, ან უბრალოდ ვახშამს საყვარელ ადამიანთან ერთად, 14 თებერვალს მზად ვართ გადავდოთ ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე და დრო ჩვენს პარტნიორებს დავუთმოთ. სწორედ ამიტომ თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია როგორ გაატარო ვალენტინობის დღე, გთავაზობთ იმ ფილმების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად აგავსებთ დადებითი ემოციებით და შთაგაგონებთ სასიყვარულო თავგადასავლების საოცარი იდეებით.
1. რომელი ფილმით შეიძლება დავიწყოთ ჩამონათვალი, თუ არა “ტიტანიკით”? რეალურ ისტორიაზე შექმნილი, უპირობო სიყვარული გამორჩეული თავგადასავალი, რომელმაც ყველა ადამიანი მოხიბლა, ლეონარდო დიკაპრიოს და ქეით უინსლეტის პერსონაჟები კი კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ წყვილად აქცია. სწორედ ამიტომ, თუ ვალენტინობისთვის ფილმების საღამოს გეგმავთ, ალბათ “ტიტანიკია” ის ფილმი, რომელიც თქვენს სიაში აუცილებლად უნდა იყოს.
2. შემდეგი ფილმი, რომელიც თქვენი ვალენტინობის განწყობას აუცილებლად აამაღლებს არის “ლამაზმანი”. ჯულია რობერტსის და რიჩარდ გირის დაუვიწყარი პერსონაჟები და სიყვარულის ისტორია, რომელმაც ცალსახად გვაჩვენა, რომ მნიშვნელობა არ აქვს წარსულს, ცხოვრებისეულ შეცდომებს და სტერეოტიპებში გამომწყვდეულ შეხედულების, სადაც გრძნობა არსებობს, სხვა დანარჩენი უბრალოდ უკანა პლანზე გადადის.
3. სიყვარულის რეალურ ძალას გვაჩვენებს მაიკლ კურტისის ოსკაროსანი ფილმი “კასაბლანკა”, რომელიც ეკრანებზე 1942 წელს გამოჩნდა. მივიწყებული გრძნობის გამოღვიძება, გულის და გონების ბრძოლა და სიყვარული, რომელიც თურმე არასდროს კვდება ადამიანების გულში. შავ-თეთრი ფილმის მელანქოლიურმა განწყობამ და მეორე მსოფლიო ომის ფონმა “კასაბლანკა” მელოდრამის ჟანრში, უკვდავ კლასიკად აქცია.
4. როდესაც ვალენტინობაზე ვსაუბრობთ, ეს სია წარმოუდგენელი იქნებოდა “უბის წიგნაკის” გარეშე. ნიკოლა სპარქსის ამავე სახელწოდების წიგნის გამორჩეული ეკრანიზაცია და რომანტიკული დრამის ყველაზე ემოციური სანახაობა. სოციალური სტატუსით გამოწვეული ბარიერები, განშორება და დაბრუნება საწყის წერტილში, იმის ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ ნამდვილი გრძნობა უკვალოდ არასდროს ქრება.
5. ხომ გსმენიათ ფრაზა, რომლის მიხედვითაც “სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია”? სწორედ ამ ფრაზის იდეალური გამოხატულებაა ჯო რაიტის “სიამაყე და ცრურწმენა”, რომელიც არაჩვეულებრივად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება სიყვარულმა დაგათმობინოს არასწორი შეხედულებები და “ჯიუტი” სიამაყე ყველაზე დიდ გრძნობად აქციოს.
6. ადამიანური ბუნების მკაფიო გამოვლინებას და წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორიას გვიყვება ტიმ ბარტონის ფილმი “ედვარდ მაკრატელხელება”, სადაც მთავარ პერსონაჟებს ყველასთვის საყვარელი ჯონი დეპი და ვაინონა რაიდერი განასახიერებენ. მაშინ როდესაც გარშემომყოფები ედვარდს მონსტრად აღიქვამენ, კიმი მის დასაცავად ყველაფერს აკეთებს. ალბათ ფილმის ზღაპრულმა სიყვარულმა განაპირობა რეალურ ცხოვრებაში ჯონი დეპის და ვაინონა რაიდერის ურთიერთობა, რომელიც დაშორების მიუხედავად, დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წყვილად რჩება საზოგადოებისთვის.
7. უსამართლობა იქნება ამ ჩამონათვალში “ნათელი გონების მარადიულ ბრწყინვალებას” თუ არ ვახსენებთ. ერთ-ერთი ყველაზე არატრადიციული და ამღელვებელი სიყვარულის ისტორია, რომელსაც თან ახლავს უამრავი დაბრკოლება, ტკივილი და იმედგაცრუება, თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად ძლიერი გრძნობა და იდეა, რომ ნამდვილი სიყვარული მარტივად არ ქრება. აქვე აღსანიშნავია ჯიმ ქერის და ქეით უინსლეტის არაჩვეულებრივი ტანდემი, რომელიც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ფილმს.
8. ვალენტინობის დღისთვის ასევე მშვენიერი არჩევანია “ნაკიანი წელიწადი”, რომანტიკული კომედია, რომელიც მაყურებელს არასდროს ტოვებს გულგრილს. მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე ისტორია, რომელიც გვაჩვენებს რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს არის წინასწარ დაგეგმილი და ზოგიერთ შემთხვევაში ყველაზე ლამაზი ისტორია გულის კარნახით და გამბედაობით იწერება.
9. კიდევ ერთი ფილმი განსაკუთრებული სიყვარულის ისტორიით “ტკბილი ნოემბერია”. შარლიზ ტერონის და კიანუ რივზის ეკრანული წყვილი მალევე იქცა კინო მოყვარულებისთვის გამორჩეულ წყვილად. ფილმი შესანიშნავი მაგალითია იმის საჩვენებლად, რომ ერთი თვე სრულიად საკმარისა, რათა შეცვალო არა მხოლოდ ცხოვრება, არამედ დაინახო, რომ სიყვარული და ადამიანებთან კავშირი ამ ცხოვრებაში ყველაზე ღირებულია.
10. ზოგჯერ სიყვარული სწორედ იქ არის, სადაც ყველაზე ნაკლებად ველით. ამის ნათელი მაგალითია ფილმი “სიყვარულით, როზი”. და დიახ, ცხოვრება სავსეა შემთხვევითობებით, თუმცა თუ გრძნობა ნამდვილად არსებობს, ის აუცილებლად იპოვის თავის გზას.
11. არაპროგნოზირებადი სიყვარულის ისტორიას გვიყვება ფილმი “როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში”. 2003 წლის რომანტიული კომედია თქვენი ვალენტინობის საღამოს აუცილებლად აავსებს დადებითი ემოციებით.
12. სიაში აუცილებლად დავამატებდით ფილმს “მისტერ და მისის სმიტები”, რომლის გადასაღებ მოედანზეც დაიწყო ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის სიყვარულის ისტორია. გარდა იმისა, რომ ფილმი ნამდვილად სასიამოვნო სანახავია, მსახიობების შესრულება შეგვიძლია იდეალურ პერფორმანსად ჩავთვალოთ. რეალობაში გადმოსულმა გრძნობებმა, ნამდვილად შესანიშნავი სიყვარულის ისტორია გვაჩუქა “მისტერ და მისის სმიტების” სახით.
13. და როგორ წარმოგიდგენიათ ვალენტინობის ფილმების საღამო “ჩემი სიძულვილის 10 მიზეზის” გარეშე? თუ თინეიჯერული სასიყვარულო დრამები და ისტორიები გიყვართ, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ კეტის და პატრიკის გამორჩეული წყვილი და ჰიტ ლეჯერის შესანიშნავი პერფორმანსი- “I LOVE YOU BABY”.
14. ჩამონათვალს დავასრულებთ ფილმით “წერილები ჯულიეტას”, რომელიც პირველი სიყვარულის გამორჩეულ ხიბლს გვაჩვენებს. მაშინაც კი თუ გზები იყოფა და წლები ისე გადის, რომ ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები საკუთარ ცხოვრებას უერთმანეთოდ აშენებენ, გრძნობა არსად ქრება, თუ ის ჭეშმარიტია. ამიტომ, თუ ვალენტინობას განსაკუთრებულ და ლამაზ სიყვარულის ისტორიას გინდათ უყუროთ “წერილები ჯულიეტას” ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება.
ტექსტი: მარიამ ბექაური