უამრავი ცვლილების, სიურპრიზის და დაუვიწყარი მომენტის ფონზე 2024 წელი მოდის ინდუსტრიისთვის გამორჩეული აღმოჩნდა. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ისტორიას დარჩება და შეუცვლელ ადგილს დაიკავებს მოდის უზარმაზარ ინდუსტრიაში.
Photo:CHANEL, Courtesy Of Chanel
1. Maison Margiela Artisanal 2024
ჯონ გალიანოს ისტორია ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, Maison Margiela-ს მოდის სახლში კრეატიული დირექტორის სტატუსი მისთვის თავიდან დაბადებას და დაკარგული რეპუტაციის აღდგენას ნიშნავდა. მოდის სფეროში მეორე შანსის მიღება მარტივი არ არის, თუმცა გალიანომ განსაკუთრებული ნიჭით ეს მოახერხა და 2014 წლიდან ხელახლა დაიბადა. თამამი და ექსტრავაგანტური შოუების მოყვარული დიზაინერის დაბრუნება მოდის სამყაროში ყველაზე მეტად Maison Margiela Artisanal 2024-ის ჩვენებაზე იგრძნო საზოგადოებამ, აქ თითქოს Dior-ის და Givenchy-ის გალიანომ გაიღვიძა, რომელიც არასდროს ერიდებოდა თამამი ნაბიჯების გადადგმას და ყველას გასაგონად “ყვიროდა”, რომ საუკეთესო იყო.
Photo: Steven Meisel / artandcommerce
Artisanal 2024 თავიდან ბოლომდე ხელოვნების ნიმუშად იქცა: გარემო, კოლექცია, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ყველა დეტალი ზუსტად იყო გათვლილი და საბოლოო ჯამში წლის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენება შედგა, მოდის მოყვარულებს კი დიდების მწვერვალზე მყოფი ჯონ გალიანო გაახსენა. გარდა დიდებული სანახაობისა, აღსანიშნავია რომ ბრენდისთვის გალიანოს ეს კოლექცია უკანასკნელი იყო, 2024 წლის მიწურულს დიზაინერმა Maison Margiela-ს მოდის სახლი დატოვა.
Photo: Steven Meisel / artandcommerce
2. Victoria’s Secret-ის დაბრუნება
2024 წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო Victoria’s Secret-ის შოუ, რომელიც 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და რომელსაც საზოგადოება განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელოდა. ძველი შარმის და თანამედროვე დეტალების კომბინაციით ჩვენება შედგა. “ყოფილი ანგელოზების” გაერთიანებამ ნამდვილად ნოსტალგიური ფონი შექმნა, რადგან მაყურებელი განსაკუთრებით ელოდა მათ ისევ ერთად, ერთ პოდიუმზე. თუმცა აქვე ხაზგასასმელია ის, რომ შოუმ ნამდვილი კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა, რადგან საზოგადოებაც, კრიტიკოსებიც და მედიაც მეტ- ნაკლებად იმედგაცრუებული დარჩა და დატოვა კითხვის ნიშანი, იყო ეს ის შოუ რომელსაც ამდენ ხანს ველოდით?
Photo: Getty Images
ქართველი მაყურებლისთვის წლევანდელი ჩვენება განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ისტორიაში პირველად Victoria’s Secret-ის 2024 წლის შოუში ყველასთვის საყვარელი ქართველი მოდელის, მატილდა გვარლიანის დებიუტი შედგა.
Photo: Victoria’s Secret
3. მეთიუ ბლაზი- შანელის კრეატიული დირექტორი
მას შემდეგ, რაც ვირჯინია ვიარდმა შანელის კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა, ბრენდი ოფიციალურად დირექტორის გარეშე დარჩა. ამ მოვლენებმა შანელის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია და ბრენდი მიკროსკოპში გაატარა. არსებობის მანძილზე პირველად შანელის ბოლო კოლექციები კრეატიული გუნდის მიერ იქმნებოდა, თუმცა საზოგადოება აქტიურად განიხილავდა თუ ვინ იქნებოდა ბრენდის მომავალი კრეატიული დირექტორი. განხილვაში იყვნენ ისეთი დიზაინერები, როგორებიც არიან: მარკ ჯეიკობსი, ჯონ გალიანო, სიმონ პორტე ჟაკმუსი და სარა ბარტონი, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად ბრენდმა კრეატიული დირექტორის პოსტზე მეთიუ ბლაზი წარადგინა, რომელიც ამ თანამდებობისთვის Bottega Veneta-ს დაემშვიდობა.
Photo: Victor Virgile / Gamma- Rapho / Getty Images
4. ბელა ჰადიდის გამოჩენა Saint Laurent-ის ჩვენებაზე
პარიზის მოდის კვირეულზე ენტონი ვაკარელომ Saint Laurent-ის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ბრენდის ესთეტიკა ფანტასტიურად იგრძნობოდა. Saint Laurent-ის ტრადიციული ხედვები და კრეატიული დირექტორის მიერ დამატებული ახალი ელემენტები არაჩვეულებრივად გაერთიანდა კოლექციაში და მაყურებლის აღფრთოვანებაც დაიმსახურა, თუმცა შოუს განსაკუთრებული ნაწილი, ცნობილი ამერიკელი მოდელის, ბელა ჰადიდის გამოჩენა იყო, რომელიც თითქმის 2 წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა დიდ პოდიუმს.
Photo: Stephane Cardinale / Getty Images
5. ჩემენა კამალის დაბრუნება Chloé-ში
2024 წელს შეიცვალა Chloé-ს კრეატიული დირექტორი, გაბრიელა ჰერსტის ადგილიჩემენა კამალიმ დაიკავა. ჩემენა კარიერის დასაწყისში Chloé-ს დიზაინის გუნდში მუშაობდა, მოგვიანებით, 2013 წელს ის კვლავ დაუბრუნდა ბრენდს და იმდროინდელი კრეატიული დირექტორის, კლერ უეითის გუნდს შეუერთდა. 2024 წელს კი Chloé-ში კრეატიული დირექტორის სტატუსით დაბრუნდა. “გული ყოველთვის Chloé-სკენ მიმიწევდა” – აღნიშნა დიზაინერმა.
Photo: Jody Rogac / Coutesy of Chloe
6. ალექს კონსანის ჯილდო- “წლის ტოპ მოდელი”
2024 წელს ტრადიციულად გაიმართა დაჯილდოება მოდის სფეროში, რომელსაც ყოველწლიურად აორგანიზებს ბრიტანეთის მოდის საბჭო. წლევანდელ დაჯილდოებაზე, მაყურებლისთვის მოულოდნელად, ნომინაციაში “წლის ტოპ მოდელი” გაიმარჯვა ალექს კონსანიმ. ალექსი გახდა პირველი ტრანსგენდერი მოდელი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.
Photo: Peter White / Getty Images
7. ჯონათან ანდერსონის “I TOLD YA” მაისური
2024 წელს ნამდვილი ფურორი მოახდინა LOEWE-ს კრეატიული დირექტორის, ჯონათან ანდერსონის მაისურმა “I TOLD YA”, რომლის ინსპირაცია უმცროსი კენედი იყო და რომელიც ფილმ “Challengers” ისთვის შექმნა, მოგვიანებით კი ბრენდის კოლექციის ნაწილად იქცა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ Lyst-ის 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით LOEWE ყველაზე აქტუალურ ბრენდად დასახელდა.
Photo: Gotham / GC Images
8. გოლდბერგის გოგონები
2024 წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ყველასთვის ცნობილმა სტილისტმა დანიელ გოლდბერგმა და მის მიერ შექმნილმა ლუქებმა, რომლებიც წითელ ხალიჩაზე ამშვენებდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: აიო ედებირი, გრეტა ლი, სოლანჟ ნოულსი. მიმდინარე წელს “გოლდბერგის გოგონების” სიას შეუერთდა ამერიკელ-ირლანდიელი მსახიობი სირშა რონანი, რომლის სტილიც გოლდბერგმა თავიდან შექმნა, თუმცა მსახიობისთვის დამახასიათებელი დეტალები ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია.
Photo:Darren Gerrish / Getty images
9. 2024 წლის ქუჩის მოდის ჰიტი
წელს ქუჩის მოდის მთავარ ჰიტად იქცა M&S-ის ჯინსი ლეოპარდის პრინტით, რომლის ღირებულება 45 ფუნტს შეადგენდა. გასაოცარი იყო ჯინსის შეძენის მსურველთა რიგი, რომელიც 12 000-მდე ადამიანს მოიცავდა. ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ 2024 წელს ლეოპარდის პრინტი კვლავ აქტუალური იყო.
Photo: M&S
10. შედარებით ბიუჯეტური ბრენდების პოპულარიზაცია
2024 წელს განსაკუთრებულად წამოიწია წინ შედარებით ბიუჯეტური ბრენდების პოპულარიზაციის პროცესმა, რამაც საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სტილი უშუალოდ მაღალ ფასთა კატეგორიებთან არ არის დაკავშირებული. მაგალითად წელს ლედი ვიქტორია სტარმერი ME+ME-ის წითელ კაბაში გამოჩნდა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა, კაბის მარაგები კი ძალიან მოკლე პერიოდში ამოიწურა. აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდის მომხმარებელია უელსის პრინცესა ქეით მიდლტონიც.
Photo: Chris Furlong
11. ვარსკვლავები პოდიუმზე
2024 წელი განსაკუთრებული იყო, რადგან სხვადასხვა ბრენდის პოდიუმზე მსოფლიო ვარსკვლავები ვიხილეთ. მაგალითად Miu Miu-ს პოდიუმზე გამოჩნდნენ: ტროი სივანი, ჰილარი სუონკი და უილიამ დეფო. Balenciaga-ს ჩვენებაზე გამოჩნდა რომეო ბექჰემი. Coperni-ის შოუს დახურვაზე კი, Disneyland Paris-ის სცენაზე კაილი ჯენერის დებიუტი ვიხილეთ.
Photo:Getty Images
ეს იმ მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე ჩამონათვალია, რომელმაც 2024 წელი მოდის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ წლად აქცია, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად იყო განსაკუთრებული ჩვენებები, ასევე განსაკუთრებული მოდელებით და სტუმრებით. გამორჩეული წითელი ხალიჩები დაუვიწყარი ლუქებით. ბრწყინვალე Catwalk-ები, რომლებსაც ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე იხილავთ და ნამდვილად დაუვიწყარი კოლექციები, რომლებმაც შექმნა წლის სტილი.
ტექსტი: მარიამ ბექაური