ალბათ არცერთ დღესასწაულს ისე არ ველოდებით, როგორც ახალი წლის ღამეს. ჯადოსნური ატმოსფერო, გარშემო ძვირფასი ადამიანები, საჩუქრები, ახალი ხედვები და მიზნები და ყველაფერი ის, რაც უბრალოდ ბედნიერს გვხდის. ახალი წელი, რომ განსაკუთრებულია ამაზე ყველა ვთანხმდებით, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალ წელს ისეთი სამოსით შევხვდეთ, რომელიც ჯადოსნურ დღესასწაულს კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის. დაგვეთანხმებით, ლამაზი ჩაცმულობა თქვენს სადღესასწაულო განწყობას უფრო აამაღლებს და გააფერადებს.
როგორ შევარჩიოთ საახალწლო სამოსი სწორად?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ფერთა კომბინაციები, ქსოვილები თუ ფორმები, რომლებიც ჩვენს სხეულს უხდება. შემოგთავაზებთ რამდენიმე საბაზისო კომბინაციას, რომელიც საქმეს გაგიმარტივებთ და თქვენს სადღესასწაულო ჩაცმულობას უნაკლო იერს შესძენს.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, სად აღვნიშნავთ ახალი წლის დღესასწაულს, თუ ჩვენ ვირჩევთ რესტორნებს, გალა საღამოს, ან თუნდაც კოქტეილ ბარებს ბრჭყვიალა დეტალები საუკეთესო არჩევანია, რადგან ახალი წელი სიბრჭყვიალის გარეშე წარმოუდგენელია. ეს შეიძლება იყოს ბრჭყვიალა ტანსაცმელი, სამკაული და თმის აქსესუარი, ან უბრალოდ კაშკაშა ელემენტებით შექმნილი მაკიაჟი, რომელიც თქვენს სადღესასწაულო განწყობას გაუსვამს ხაზს.
თუ თქვენ უფრო სადა ადგილი გაქვთ შერჩეული, მაშინ მნიშვნელოვანია სტილშიც შეინარჩუნოთ მინიმალიზმი და ელეგანტურობა, მაგალითად შავი ფერი ყოველთვის ელეგანტურობასთან ასოცირდება. მინიმალისტური სტილში შეგიძლიათ შეარჩიოთ ისეთი ნეიტრალური ფერებიც, როგორებიცაა: თეთრი, კრემისფერი, შოკოლადისფერი, რომელიც ამ სეზონის ნამდვილი ტრენდია, ან თუნდაც ყველასთვის საყვარელი ბურგუნდიული ღვინის ფერი.
ახალი წლის ღამის გატარებას შედარებით ხალხმრავალ ადგილას თუ გეგმავთ, მნიშვნელოვანია რომ თქვენი სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულად იგრძნობოდეს და გარშემომყოფებზეც ვრცელდებოდეს, ამიტომ აქ მეტად თამამი ფერები შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი ჩაცმულობისთვის, მაგალითად: მწვანე და წითელი, რომელიც ყველაზე მეტად უხდება ახალ წელს. სეზონზე ასევე აქტუალურია ოქროსფერი და ვერცხლისფერი ტონალობები, რომლებიც თქვენს სამოსს ნამდვილად განსაკუთრებულ ბრწყინვალებას მიანიჭებს.
ოფიციალური საღამოებისთვის და უფრო მეტად ბიზნეს გარემოსთვის, კლასიკური ორეულები ყველაზე კარგი გამოსავალია. ის ხაზს უსვამს, როგორც თქვენს დახვეწილ და ელეგანტურ სტილს, ასევე თქვენს სერიოზულ დამოკიდებულებას მსგავსი ტიპის ღონისძიებების მიმართ.
გარდა სამოსისა, მნიშვნელოვანია აქსესუარების, მაკიაჟის და ვარცხნილობის სწორად შერჩევაც, მაგალითად თუ თქვენი სამოსი ბრჭყვიალა დეტალებისგან შედგება, ეცადეთ მაკიაჟი უფრო სადა იყოს და აქცენტი მთლიანად ტანისამოსზე გადაიტანეთ. თუ გადაწყვეტთ, რომ სადა ფერი ჩაიცვათ, ის აუცილებლად დააბალანსეთ აქსესუარებით.
რეალურად, თქვენს სადღესასწაულო ჩაცმულობას იმაზე დიდი გავლენა აქვს განწყობაზე ვიდრე წარმოგიდგენიათ. სწორად შერჩეული სამოსი, აქსესუარი თუ მაკიაჟის დეტალები აუცილებლად აამაღლებს თქვენს განწყობას, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალში იგრძნობოდეს თქვენი ენთუზიაზმი და ენერგია.
ტექსტი: მარიამ ბექაური