27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე იტალიაში კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და გამორჩეული ღონისძიება – ვენეციის კინოფესტივალი მიმდინარეობს. კუნძული ლიდო კვლავ იქცა ჯადოსნურ სცენად, სადაც ხელოვნება და მაღალი მოდა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.
გამონაკლისი არც 2025 წლის წითელი ხალიჩა აღმოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ ჰოლივუდის და არა მხოლოდ ჰოლივუდის ვარსკვლავების ბრწყინვალე გამოსვლები, თუმცა ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ვენეციის წითელი ხალიჩა მხოლოდ ლუქების დემონსტრაცია კი არა, მოდის ისტორიაში ახალი ჩანაწერია – სადაც თითოეული ჩაცმულობა უნიკალურია, პერსონაჟის და თეატრალური წარმოდგენის ნაწილი. ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ საუკეთესოდ ჩაცმულ ვარსკვლავებს, რომლებმაც ნამდვილად დაიმსახურეს მოდის მოყვარულების თუ კრიტიკოსების აღფრთოვანება.
ჩამონათვალს აუცილებლად ამალ კლუნით დავიწყებთ. მსახიობ ჯორჯ კლუნის ახალი ფილმის “Jay Kelly”-ის პრემიერაზე წყვილის გამოჩენა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი აღმოჩნდა ფესტივალზე. საღამოსთვის ამალ კლუნმა Jean-Louis Scherrer-ის ულამაზესი ვინტაჟური კაბა მოირგო.
Emma Stone-მა არჩევანი Louis Vuitton-ზე შეაჩერა და „Bugonia“-ს პრემიერაზე საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დიზაინის, ბრჭყვიალა დეტალებით გაწყობილი კაბით წარსდგა.
წლევანდელი წითელი ხალიჩისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი შემოგვთავაზა ქეით ბლანშეტმა. მსახიობმა, რა თქმა უნდა, Armani Prive-ის ელეგანტური შავი კაბა მოირგო.
შეილინ ვუდლმა არჩევანი მინიმალიზმზე გააკეთა და “Jay Kelly”-ის პრემიერისთვის Kallmeyer Eloise-ის შავი ატლასის კაბა შეარჩია, რომელსაც Bvlgari -ს დახვეწილი სამკაულები შეუხამა.
ყველასთვის გამორჩეულად საყვარელმა ჯულია რობერტსმა ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალის წითელ ხალიჩისთვის Versace-ს ახალი კრეატიული დირექტორის- დარიო ვიტალეს სადებიუტო კაბა მოირგო.
კინოფესტივალზე საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ჯეიკობ ელორდიმ, რომელიც კინოფესტივალზე თავისი ახალი ფილმის “Frankenstein”-ის პრემიერას დაესწრო. ავსტრალიელმა მსახიობმა საღამოსთვის არჩევანი Bottega Veneta-ს ელეგანტურ სმოკინგზე შეაჩერა.
ვენეციაში ძველი ჰოლივუდის ესთეტიკა დააბრუნა როზი ჰანტინგტონ უიტლიმ, რომელიც “Frankenstein”- ის პრემიერას დაესწრო. მოდელი წითელ ხალიჩაზე Armani Privé-ს ელეგანტური თეთრი კაბით გამოჩნდა.
“Jay Kelly”-ის პრემიერას ესწრებოდა ბრიტანელ-ავსტრალიელი მსახიობი ნაომი უოტსი, რომელიც საღამოზე Valentino-ს ყვავილებით გაფორმებულ კაბაში და Aquazzura-ს ფეხსაცმელში გამოჩნდა.
კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ბრწყინვალედ გამოჩნდა ბარბარა პალვინი, რომელმაც Intimissimi-ს შავი კაბა მოირგო. მოდელი ვენეციაში „La Grazia“-ს პრემიერას დაესწრო.
Roberto Cavalli -ის ვინტაჟურ კაბაზე შეაჩერა არჩევანი ესპანელმა მოდელმა და მსახიობმა- ჯორჯინა როდრიგესმა.
მუდამ მომხიბვლელი ჯუდ ლოუ 2025 წლის ვენეციის კინოფესტივალზე “Wizard of the Kremlin”-ის პრემიერას დაესწრო, სადაც ვლადიმირ პუტინის როლს ასრულებს. ამჯერად მსახიობი წითელ ხალიჩაზე Brunello Cucinelli-ს ელეგანტურ ლუქში გამოჩნდა: თეთრი პიჯაკი და პერანგი, ლურჯი შარვალი და შავი ბაფთა სრულყოფილად უსვამდა ხაზს მის დახვეწილ სტილსა და კლასიკურ გემოვნებას.
დაბოლოს, ალბათ არავის გაგიკვირდებათ ტილდა სუინტონის არჩევანი. რა თქმა უნდა, შოტლანდიელმა მსახიობმა ვენეციის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე Chanel-ის ელეგანტური, შავ-თეთრი კაბა მოირგო.