“ოტ-კუტიური” კოლექციების ჩვენება მოდის სამყაროს ახალი წლის პირველი დღესავითაა — მოვლენა, რომელსაც ყველა განსაკუთრებული მოლოდინითა და ემოციით ელოდება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ ჯადოსნური დღე — მოდის ინდუსტრიის „მეორე ახალი წელი“, და ეს, რა თქმა უნდა, ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი Met Gala-ა. ყოველწლიურად, მაისის პირველ ორშაბათს, მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელოდება ვარსკვლავების გრანდიოზულ გამოჩენას ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის წითელ ხალიჩაზე — იქ, სადაც მოდა, ხელოვნება და კულტურა შთამაგონებელ სინთეზს ქმნის.
2025 წლის ყველაზე მაგიური დღეც დადგა — მომენტი, რომელსაც უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს პლანეტის სხვადასხვა წერტილიდან. წლევანდელი თემატიკა, ტრადიციისამებრ, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის მთავარი გამოფენის კონცეფციიდან განისაზღვრა: “SUPERFINE: TAILORING BLACK STYLE”, რომელიც დაკავშირებულია ფერადკანიანი მამაკაცების სტილის ისტორიულ თუ კულტურულ ევოლუციასთან. საღამოს მთავარი ორგანიზატორი, რა თქმა უნდა, ანა ვინტური იყო, თანაორგანიზატორების ამპლუაში კი ვიხილეთ: ამერიკელი მომღერალი ფარელ უილიამსი, ბრიტანელი მრბოლელი ლუის ჰამილტონი, რეპერი ეისაპ როკი, ყველასთვის საყვარელი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი კოლმან დომინგო.
Met Gala-ის სტუმრები მოდის, კინოს, მუსიკის, ხელოვნებისა თუ პოლიტიკის სამყაროს ყველაზე გავლენიანი ფიგურები არიან — დიზაინერები, მოდელები, არტისტები და ა.შ. წლევანდელი საღამო არც ამ მხრივ ყოფილა გამონაკლისი: წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: ჯიჯი ჰადიდი, კენდალ ჯენერი, ზენდეია, კაილი ჯენერი, დემი მური, ნიკოლ კიდმანი, რიანა, მადონა, დაიანა როსი, ენ ჰეთეუეი და ა,შ . ჩვენ კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ იმ გამორჩეული კოსტიუმების სიას, რომელიც მომავალი წლის მაისის პირველ ორშაბათამდე განხილვის მთავარი საგანი იქნება და წლების განმავლობაში არ დაკარგავს აქტუალობას.
ჯიჯი ჰადიდმა Met Gala-ს წითელი ხალიჩისთვის Miu Miu-ს კაბა შეარჩია და წლევანდელი საღამოს ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი შემოგვთავაზა, რომელიც ჟოზეფინ ბეიკერს მიეძღვნა, პირველ შავკანიან მსახიობ ქალს ევროპული კინემატოგრაფიის ისტორიაში.
ალბათ, ყველას გაგვიხარდა წითელ ხალიჩაზე რიანას დანახვა. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა გასულ წელს Met Gala გამოტოვა. დღევანდელი საღამოსთვის მან Marc Jacobs -ის კოსტიუმი შეარჩია, რომელიც ნამდვილად განსაკუთრებულად მოიხდინა. აღსანიშნავია, რომ სწორედ Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩენამდე რამდენიმე საათით ადრე რიანას ორსულობა ოფიციალურად დადასტურდა.
Wales Bonner -ის სამოსი ამშვენებდა ერთ-ერთ თანაორგანიზატორს და გამორჩეულად ქარიზმატულ მრბოლელს ლუის ჰამილტონს.
საკუთარ კრეატიულ სააგენტოს, AWGE-ს მიერ შექმნილი ექსკლუზიური ლუქით გამოჩნდა რეპერი და საღამოს თანაორგანიზატორი ეისაპ როკი.
წითელ ხალიჩაზე ბრწყინვალედ გამოჩნდა ენ ჰეთეუეი, მსახიობმა გალა საღამოსთვის Carolina Herrera-ს კაბა შეარჩია, რომელიც ვეს გორდონის დიზაინით შეიქმნა, როგორც დიზაინერმა აღნიშნა, კაბის ინსპირაცია ანდრე ლეონ ტალის ხედვებიდან აიღო, რაც ნამდვილად ეხმიანება წლევანდელი Met Gala-ს თემატიკას, ანდრე ლეონ ტალი ხომ ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც “ერთადერთი შავკანიანი მამაკაცი მოდის კვირეულების წინა რიგებში”.
ასევე თვალისმომჭრელი სტილით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე სიდნი სვინი , რომელსაც Miu Miu -ს შავი ბრჭყვიალა კაბა ამშვენებდა.
ჩვეული ელეგანტურობით შემოანათა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში ზენდეიამ, რომელსაც Louis Vuitton-ის თეთრი კოსტიუმი ამშვენებდა.
Louis Vuitton-ზე შეაჩერა არჩევანი მომღერალმა საბრინა კარპენტერმაც.
Valentino-ს კაბა მოირგო ამერიკელმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ წლის ყველაზე მნშვნელოვან ღონისძიებაზე.
Azzedine Alaïa-ს შავი კოსტიუმით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე 32 წლის მომღერალი მაილი საირუსი.
2003 წლის შემდეგ, დაიანა როსი პირველად გამოჩნდა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე. 81 წლის ვარსკვლავი წლის მთავარ ღონისძიებაზე Elevensixteen-ის ულამაზესი თეთრი კაბით წარსდგა, რომლის წონაა დაახლოებით 27 კილოგრამს, სიგრძე კი 5.5 მეტრს აღწევდა, კაბის შლეიფზე კი მისი შვილების და შვილიშვილების სახელები იყო ამოქარგული.
რა თქმა უნდა Louis Vuitton-ზე შეაჩერა არჩევანი ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა და საღამოს თანაორგანიზატორმა ფარელ უილიამსმა. კოსტიუმი 15 000 მარგალიტისგან შედგებოდა და მის შესაქმნელად დაახლოებით 400 საათი დასჭირდათ.
Met Gala 2025-ის საღამოსთვის Thom Browne -ის შავ-თეთრი კაბა მოირგო 62 წლის მსახიობმა, დემი მურმა.
ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში Tom Ford-ის თეთრი კოსტიუმით გამოჩნდა 66 წლის ამერიკელი მომღერალი მადონა.
Burberry -ს მწვანე ველვეტის კოსტიუმით წარსდგა წითელ ხალიჩაზე ქარდი ბი.
კაილი ჯენერმა წლის ყველაზე ჯადოსნური საღამოსთვის Ferragamo-ს კაბა შეარჩია, რომელიც მაქსიმილიან დევისის დიზაინით შეიქმნა. აღსანიშნავია რომ Met Gala 2025-ს არ დაესწრო კაილის შეყვარებული, მსახიობი ტომოთი შალამე.
გამორჩეული სიკაშკაშით შემოანათა წითელ ხალიჩაზე ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა ალტონ მეისონმა, რომელმაც ამ დღისთვის Boss-ის ბრჭყვიალა კოსტიუმი მოირგო.
K-pop ვარსკვლავი ლისა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა. 28 წლის ტაილანდელმა მომღერალმა გალა საღამოზე Louis Vuitton-ის კოსტიუმი მოირგო.
Thom Browne- ის გრძელი პიჯაკით და კაბით წარსდგა ღონისძიებაზე სერიალ “თეთრი ლოტუსის” ვარსკვლავი უოლტონ გოგინსი.
განსაკუთრებულად რომანტიკული ატმოსფერო შემოიტანა მეტროპოლიტენის მუზეუმში კალუმ ტერნერის და დუა ლიპას ვარსკვლავურმა წყვილმა. დუამ წლის ყველაზე გამორჩეული საღამოსთვის Chanel-ის შავი კაბა მოირგო, კალუმს კი Louis Vuitton -ის კოსტიუმი ამშვენებდა.
ნამდვილად გამორჩეულად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე პუერტორიკოელი რეპერი ბედ ბანი, რომელსაც Prada-ს შოკოლადისფერი კოსტიუმი ამშვენებდა.
კორეული ჯგუფის “blackpink” -ის ვარსკვლავი ჯენი წლის მთავარ წითელ ხალიჩაზე Chanel-ის კოსტიუმით გამოჩნდა და მოდის მოყვარულების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
Louis Vuitton-ის ცისფერ კაბაზე შეაჩერა არჩევანი საღამოს მთავარმა ორგანიზატორმა და ჟურნალი “VOGUE”-ს მთავარმა რედაქტორმა, ანა ვინტურმა.
Moncler X EE72 -ის კაბით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე ულამაზესი იტალიელი სუპერმოდელი, ვიქტორია ჩერეტი.
რა თქმა უნდა Saint Laurent -ის სამოსი მოირგო ჰეილი ბიბერმა 2025 წლის Met Gala -ზე.
TORISHÉJU -ს ნაცრისფერი კოსტიუმით გამოჩნდა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში 29 წლის ამერიკელი სუპერმოდელი, კენდალ ჯენერი.
თვალისმომჭრელად შემოანათა წითელ ხალიჩაზე 21 წლის ამერიკელმა მოდელმა ალექს კონსანმა, რომლის რძისფერი კაბაც 32,900 სვაროვსკის კრისტალით იყო მოჭედილი. როგორც მოდელმა აღნიშნა, კაბის დიზაინის შექმნაში თავადაც მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე Balenciaga -ს შავი კაბა მოირგო 57 წლის ავსტრალიელმა მსახიობმა ნიკოლ კიდმანმა.
ნამდვილად ელეგანტურად გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე მონიკა ბარბარო, რომელმაც არჩევანი Dior-ზე შეაჩერა.
2025 წლის Met Gala-ს გამორჩეულ კოსტიუმებს შორის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა იმაან ჰამამის ჩაცმულობამ. მოდელს Magda Butrym -ის კოსტიუმი ამშვენებდა.
რუთ კარტერის დიზაინით შექმნილი თეთრი კოსტიუმი მოირგო ამერიკელმა მოდელმა ჟასმინ ტუკსმა.
Balmain -ის მეტალის კოსტიუმზე შეაჩერა არჩევანი 22 წლის მსახიობმა, ჯენა ორტეგამ.
2025 წლის Met Gala-ს წითელი ხალიჩისთვის სამხრეთ აფრიკელმა მუსიკოსმა ტაილა დიჩმა Jacquemus -ის შავ-თეთრი კაბა მოირგო.
Chanel -ის კოსტიუმი მორიგო ახალგაზრდა მსახიობმა უიტნი პიკმა.
THOM BROWNE -ის შავ-თეთრი კაბით გაიბრწყინა წითელ ხალიჩაზე 27 წლის სუპერმოდელმა ანოკ იაიმ.
Met Gala-მ კვლავ გვაჩუქა საღამო, რომელიც სავსე იყო: მაგიით, ემოციებით და შთაგონებით. წითელი ხალიჩა კიდევ ერთხელ იქცა თეატრალურ სცენად — სივრცედ, სადაც ჩვენმა საყვარელმა ვარსკვლავებმა გვაჩვენეს, როგორ შეგვიძლია სამოსით გამოვხატოთ ინდივიდუალიზმი და უსიტყვოდ ვისაუბროთ ჩვენს პიროვნებაზე. წლის მთავარი ზღაპარი დასრულდა: კარი დაიხურა, განათებები ჩაქრა, მაგრამ ერთი რამ ცხადია — ამ დღემ კვლავ შეგვახსენა, რომ მოდა, საბოლოო ჯამში, საკუთარი თავის გამოხატვის ყველაზე ლამაზი გზაა.
ტექსტი: მარიამ ბექაური