N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

როჯერ ვივიეს მემკვიდრეობა Dior-ში

დეკემბერი 15, 2025
A A
როჯერ ვივიეს მემკვიდრეობა Dior-ში
330
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ფეხსაცმელი არასდროს არის მხოლოდ დეტალი. Dior-ის სამყაროში ის საფუძველია, რომელზეც მთელი სილუეტი დგას. 1947–1957 წლები მაღალი მოდის ისტორიაში „Couture-ის ოქროს ხანად“ ითვლება. ეს იყო დრო, როდესაც მოდის სახლები სამოსთან ერთად ქმნიდნენ განცდას, რომელსაც ქალბატონები ატარებდნენ. Dior- ის სილუეტები, რომლებსაც იმდროინდელი პრესა „საოცრების გუმბათებს“ უწოდებდა, საჭიროებდა ფეხსაცმელს, რომელიც ამ სილამაზეს უფრო გამოკვეთდა, გააძლიერებდა: ფორმითაც, ენერგიითაც და ემოციურადაც.


სწორედ ამ კონტექსტში გამოჩნდა როჯერ ვივიე, ფრანგი დიზაინერი, რომელსაც Christian Dior-ი ერთადერთ ხელოვანს უწოდებდა და ვისთანაც ავტორობის გაზიარება ისურვა – პატივი, რომელიც ისტორიაში მხოლოდ ერთ დიზაინერს ერგო. Dior-ისა და როჯერ ვივიეს თანამშრომლობა უბრალო პარტნიორობა არ ყოფილა, ეს იყო კულტურული დიალოგი, სადაც სამოსი და ფეხსაცმელი ერთ მთლიანობად იქცა. მიზეზი კი ცხადი იყო- ვივიემ ფეხსაცმელს დეკორატიული აქსესუარის სტატუსი ჩამოართვა და მას ხელოვნების მნიშვნელობა მიანიჭა.


Dior-ის სახელოსნოში შექმნილი Vivier-ის თითოეული წყვილი არ იყო სეზონური ტენდენციის შედეგი. ეს იყო ფორმის, ხელოვნების და მოძრაობის გააზრებული კვლევა, ფეხსაცმელი, რომელიც ქალის ნაბიჯს ახალ მნიშვნელობას ანიჭებდა- ფეხსაცმელი აღარ ემორჩილებოდა კაბას; ის მასთან ერთად ქმნიდა სრულყოფილ სილუეტს. Dior-ის ფეხსაცმლის ისტორია არ არის მხოლოდ სტილის ჩანახატი, ეს არის კულტურული ევოლუციის ქრონიკა, სადაც მოდის სახლი საუკუნეების გემოვნებას აკვირდება და შემდეგ მას საკუთარ ხელწერად გარდაქმნის.


როჯერ ვივიესთვის ფეხსაცმელი არასდროს ყოფილა მხოლოდ პრაქტიკული დეტალი. 1954 წელს შექმნილმა ფოლადის ბირთვზე აგებულმა სტილეტო-ქუსლმა ქალის სიარული შეცვალა როგორც ვიზუალურად, ასევე სიმბოლურადაც- ეს იყო ძალის, ელეგანტურობის და თავდაჯერებულობის გამოხატულება იმ ეპოქაში, როცა ქალის სხეული მკაცრ ესთეტიკურ წესებს ემორჩილებოდა.


Dior-ისთვის შექმნილი მოდელები გამოირჩეოდა სკულპტურული ქუსლებით, Virgule- ისა და კომა ქუსლის დახვეწილი ხაზებით, ძვირფასი მასალებით, მარგალიტებით, ოქროს ძაფებითა და ნაქარგებით, სილუეტით, რომელსაც საკუთარი ვიზუალური ენა ჰქონდა: მკაფიო, ორიგინალური და ელეგანტური. დღეს, როცა Dior-ის თანამედროვე კოლექციებში კვლავ ვხედავთ სკულპტურულ ქუსლებს, სტილეტო სილუეტებსა ეს პირდაპირი დიალოგია ვივიეს ეპოქასთან. მისმა ხედვამ დაამკვიდრა იდეა, რომ ფეხსაცმელი არასდროს უნდა იყოს მეორეხარისხოვანი დეტალი. ვივიეს გავლენა სცდება კონკრეტულ ათწლეულს და დღემდე განსაზღვრავს ელეგანტურობის, ქალის მოძრაობისა და ფეხსაცმლის როლის აღქმას მოდაში.


როჯერ ვივიეს მემკვიდრეობა გვახსენებს, რომ მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის- ეს არის კულტურა, რომელიც მოძრაობს, იცვლება და თან ატარებს წარსულის იდეებს. Dior-ის ფეხსაცმელში გადადგმული ყოველი ნაბიჯი ამ ისტორიის გაგრძელებაა, დახვეწილი, ძლიერი და უკომპრომისოდ ელეგანტური.

ტექსტი: ნინია ოქრომჭედლიშვილი

Tags: DiorNargis Magazineროჯერ ვივიე
წინა პოსტი

⁠პრინცესა დაიანას საათების კოლექცია და აქსესუარებით გადმოცემული ელეგანტური სტილი

შემდეგი პოსტი

მოემზადე ახალი წლისთვის – როგორ შევარჩიოთ საჩუქარი PSP-ში

შემდეგი პოსტი
მთავარი

მოემზადე ახალი წლისთვის - როგორ შევარჩიოთ საჩუქარი PSP-ში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN