მოდის სამყაროში არსებობენ დიზაინერები, რომლებიც მხოლოდ ტენდენციებს არ ქმნიან – ისინი ამბებს ჰყვებიან. ჩვენი დღევანდელი სტუმარი, ქეთევან მაისაია, სწორედ მათ რიგს მიეკუთვნება. „ნარგისისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქეთევანმა გაიხსენა განვლილი გზა თბილისიდან პარიზის წამყვან მოდის სახლებამდე (McQueen, Margiela, Hermès)…
როგორ იქცევა საბჭოთა არქიტექტურა შთაგონების წყაროდ მაშინაც კი, თუ დიზაინს შინაგანი თავისუფლება ქმნის? რატომ არის ხარისხი „უხილავი დიალოგი“ მოდის გულშემატკივრებთან? ანდა სად გადის ზღვარი ფუნქციურ დიზაინსა და წმინდა ხელოვნებას შორის? ვსაუბრობთ ინდივიდუალობის ძიებაზე, პარიზულ გარდატეხასა და ელვიან მოკასინებზე…

თუ გაიხსენებთ იმ პირველ ნაპერწკალს ან ვიზუალურ შთაბეჭდილებას, რომელმაც მიგახვედრათ, რომ მოდა თქვენთვის მხოლოდ სამოსი კი არა, თვითგამოხატვის ენა იქნებოდა?
დედაჩემის ჟურნალებში გადავაწყდი ჰელმუტ ნიუტონის მომაჯადოებელი ქალების შავ-თეთრ ფოტოებს. ივ სენ-ლორანის ულამაზესი ტანსაცმელი ეცვათ. ამ ფოტოებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ალბათ სწორედ მაშინ გაჩნდა მოდის სფეროს მიმართ ინტერესი. ასევე დავძენ, რომ ჩემთვის სწორედ დედაა ის ორიენტირი და მაგალითი, რომელიც ჩემ მსოფლმხედველობას განსაზღვრავს, შთაგონებას და ძალას მაძლევს.
საფრანგეთი მოდის ეპიცენტრია. სტუდენტობისას მიღებული ტექნიკური ცოდნის მიღმა, რა იყო ის მთავარი მენტალური გარდატეხა, რომელიც პარიზულმა გარემომ გამოიწვია თქვენში?
მთავარი გარდატეხა ჩემთვის საკუთარი ინდივიდუალობის აღმოჩენა იყო. საკმაოდ ჩაკეტილ წრეში გავიზარდე, ამიტომ დიდხანს ოჯახისა და მეგობრების განუყოფელ ნაწილად აღვიქვამდი თავს. სტუდენტობის პერიოდში კი დავიწყე ჩემი იდენტობის ძიება – ვინ ვიყავი მათგან დამოუკიდებლად და რა შემეძლო, როგორც ცალკეულ, დამოუკიდებელ პიროვნებას.

McQueen-ი და Chalayan-ი მოდის სამყაროს რადიკალურად განსხვავებული პოლუსებია: ერთი – დრამატული და ემოციური, მეორე კი – კონცეპტუალური და ინოვაციური. რა იყო ის „გადაკვეთის წერტილი“, რომელიც ამ ორ გენიოსთან მუშაობისას (სტაჟირებისას) აღმოაჩინეთ?
ის, რაც ალბათ ბევრ ნიჭიერ ადამიანს აერთიანებს, უსაზღვრო კრეატიულობაა. სტაჟირების პერიოდში მათთან ურთიერთობისას ვისწავლე განსხვავებულად ფიქრი, დაუღალავად შრომა და საკუთარი თავისა და იდეების რწმენა.
Margiela, Hermes, Loewe – ამ მოდის სახლებს რადიკალურად განსხვავებული დნმ აქვთ – ავანგარდიდან დაწყებული, ულტრალუქს კლასიკამდე. რამდენად რთული იყო თქვენი შემოქმედებითი „მე“-ს შენარჩუნება ასეთი ძლიერი იდენტობების მქონე ბრენდებთან მუშაობისას?
ბრენდთან მუშაობისას, გამოცდილებასთან ერთად, მისი იდენტობის ნაწილს ითავისებ; რასაც შენ გასცემ, მის იდენტობაზე ახდენს გავლენას – ეს ორმხრივი, ურთიერთმოქმედი პროცესია.

თქვენი ელვაშესაკრავიანი მოკასინები ერთგვარი „მეამბოხე კლასიკაა“. როგორ მოახერხეთ ისეთი ტრადიციული ნივთის რეინტერპრეტაცია, როგორიც მოკასინია? როდესაც ამ მოდელზე ვსაუბრობთ, სად გადის ზღვარი ფუნქციურ დიზაინსა და წმინდა ხელოვნებას შორის?
ვფიქრობ, რომ შეკრულ მდგომარეობაში „მოკასინ ზიპე“ კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშს ჰგავს, ხოლო ელვაშესაკრავის გახსნისთანავე კლასიკურ ფეხსაცმლად გადაიქცევა. ალბათ ეს არის მისი საინტერესო და სახალისო გამოვლინება.
ევროპული მასშტაბის გამოცდილების ფონზე, საქართველოში წარმოების დაწყება სარისკო და ამბიციური ნაბიჯია. ეს უფრო პატრიოტიზმის გამოძახილი იყო თუ რაციონალური გათვლა – აქ დაინახეთ უნიკალური პოტენციალი?
ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი გამოცდილება ძლიერ ქართულ კულტურულ იდენტობას დავუკავშირო. საქართველოში ნიჭი და დიდი შემოქმედებითი რესურსია. გვაქვს უნიკალური ხელობები, რაც ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა. ამ ყველაფერს დიდი პერსპექტივა აქვს არა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც, თუმცა ინვესტიცია და განვითარება ნამდვილად სჭირდება.

საბჭოთა წარსული ხშირად ასოცირდება სიმკაცრესა და შეზღუდვებთან. თქვენს შემოქმედებაში ეს გადმონაშთი ვლინდება, როგორც ნოსტალგიური რომანტიზმი, თუ როგორც პროტესტი და სურვილი, შექმნათ ისეთი რამ, რაც წარსულისგან სრულიად თავისუფალია?
ევროპაში საცხოვრებლად რომ წავედი, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა სხვა თვალით დავინახე და სხვაგვარად დავაფასე. ჩემი შთაგონების წყარო ხშირად სწორედ საბჭოთა პერიოდის არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა იყო. თუმცა ამას ნოსტალგიას ვერ დავარქმევ. რაც შეეხება საბჭოთა პერიოდის სიმკაცრეს, ის ჩემთვის მიუღებელია. სილაღე და თავისუფლება მხიბლავს.
ხშირად დიზაინერებს ქაღალდზე გადმოაქვთ იდეა და შემდეგ მას არგებენ კონკრეტულ მასალას. თქვენს შემთხვევაში როგორ ხდება: ქსოვილი მიგანიშნებთ ფორმაზე, თუ ფორმა – ქსოვილზე?
შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის დიალოგია. ჯერ ჩნდება ემოცია, შემდეგ ეძებ ფორმებს, ფაქტურას… ხშირად მასალა თავად გკარნახობს, როგორი უნდა იყოს ნივთი. დღეს ბევრს ვფიქრობ ეკოლოგიურ გამოწვევებზე და ვცდილობ, სწორედ ეკოლოგიური და გამძლე მასალებით შევქმნა პროდუქტი.

დღეს მოდა დიდწილად ორიენტირებულია „ინსტაგრამის ეფექტზე“ – იმაზე, რაც კადრში კარგად ჩანს. თქვენს დიზაინში რამდენად მნიშვნელოვანია ის უხილავი დეტალები, რომლებსაც მხოლოდ მფლობელი გრძნობს?
ხარისხი ბრენდის ფუნდამენტია – ეს არის უხილავი დიალოგი დიზაინერსა და მომხმარებელს შორის. შიდა ნაკერი, სარჩულის ფაქტურა თუ ქსოვილის სიმკვრივე ის დეტალებია, რაც სამოსს „აცოცხლებს“. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს არა მხოლოდ ვიზუალურად სრულყოფილი პროდუქტი, არამედ განსაკუთრებული გამოცდილება კომუნიკაციის პირველივე ეტაპიდან – ნივთის ტარების ყოველდღიურ პროცესამდე.
ყველა დიზაინერს აქვს ნივთი ან იდეა, რომელიც ჯერ კიდევ გონებაშია და ფიზიკური ფორმა არ მიუღია. რა არის თქვენი ჯერაც აუხდენელი შემოქმედებითი ამბიცია?
შემოქმედებითი გზა თავად არის მიზანი!

თქვენ გაიარეთ გზა მსოფლიო მოდის ეპიცენტრიდან საკუთარ წარმოებამდე. რა არის ის მთავარი გაკვეთილი, რომელსაც ახალბედა დიზაინერებს გაუზიარებდით?
მნიშვნელოვანია, უყვარდეთ თავიანთი საქმე და ის ბედნიერებას ანიჭებდეთ. მიზნის მისაღწევად დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ. ვუსურვებდი საკუთარი თავის რწმენას, მკაფიო პოზიციის ქონას, მუდმივი განვითარების სურვილს და, რა თქმა უნდა, დაუღალავი შრომის უნარს.
გაგვიზიარეთ მომავლის გეგმები…
ძალიან მინდა, რომ გავზარდო ჩემი ბრენდი და ფეხსაცმლების გარდა სხვა აქსესუარებიც შევქმნა. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ!

ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე
