დავიწყოთ კითხვით- ვინ არის თქვენთვის ელეგანტური სტილის სიმბოლო?- ალბათ იშვიათია ადამიანი, ვისთვისაც ეს ასოციაცია პრინცესა დაიანას არ უკავშირდება, ქალს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებდა შეენარჩუნებინა ის ბუნებრივი ელეგანტურობა, რომელიც თითქოს საჩუქრად მიიღო სამყაროსგან. და მაინც, სად იმალება იმ დახვეწილობის საიდუმლო, რომელსაც დაიანა მუდამ ასხივებდა?- გეტყვით, რომ მას ყოველთვის შეეძლო შერჩეული სამოსით და აქსესუარებით გამოეხატა საკუთარი პიროვნება: სადა, თუმცა სამეფო ხასიათი, მშვიდი ბუნება და თითქოს, ჩუმი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მკაფიოდ გამოხატული შარმი.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით პრინცესა დაიანას საათების კოლექციაზე და დეტალებზე, რომლებიც მის დახვეწილ სტილს სრულყოფილად უსვამდნენ ხაზს.

როდესაც ლედი დის საათების კოლექციას ვიხსენებთ, რთულია პირველ ადგილზე არ დავაყენოთ Cartier Tank Louis- ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელი კლასიკური დიზაინით, რომელიც იდეალურად გამოხატავდა უელსის პრინცესას მინიმალისტურ ესთეტიკას. Tank Louis-ის ფორმა ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად ამოსაცნობი დიზაინია- მართხკუთხა, ყვითელი ოქროს კორპუსი და შავი ტყავის სამაჯური. უნიკალური ვიზუალიდან გამომდინარე, დაიანა Tank Louis-ს ირჩევდა, როგორც ოფიციალური ღონისძიებებისთვის, ასევე ყოველდღიური შეხვედრებისთვის.

დაიანას საათების კოლექციიდან შემდეგი და მისთვის გამორჩეულად საყვარელი იყო Patek Philippe Calatrava ოქროს მოდელი,რომელიც მან პრინცი ჩარლზისგან მიიღო საჩუქრად. აღნიშნულ საათს ლედი დი ხშირად ატარებდა ისეთ სპორტულ ღონისძიებებზე, როგორიცაა მაგალითად პოლოს მატჩები. ალბათ Patek Philippe Calatrava იყო ის საათი, რომელიც ყველაზე უკეთ უსვამდა ხაზს იმ ფაქტს რომ დაინას მუდმივად შეეძლო პრაქტიკულობა და ელეგანტურობა ერთ სტილში გაეერთიანებინა.

დაიანას სტილში ხშირად ვხედავდით Cartier-ს Tank Française-ს. დარწმუნებული ვართ, ყველა ადამიანისთვის ცხადი იყო ის ფაქტი, რომ დაიანას ოქროსფერი განსაკუთრებულად უყვარდა და სწორედ ამას ამტკიცებს Tank Française-ც – Cartier- ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საათი, რომელიც შექმნილია ყვითელი ოქროს სამაჯურისა და კორპუსისგან.

პრინცესას კოლექციიდან განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მქონე საათი იყო Vacheron Constantin, რომელიც დედოფალმა ელიზაბეტმა 1947 წელს მიიღო საჩუქრად შვეიცარიის ფედერაციისგან, მოგვიანებით კი ელიზაბეტმა ბრილიანტის თვლებით მოჭედილი აქსესუარი პრინცესას გადასცა. Vacheron Constantin-ის საათით დაიანა ხშირად ჩნდებოდა ოფიციალურ ღონისძიებებზე და მათ შორის იყო 1997 წელს, ვანშინგტონში გამართული Red Cross-ის გალა ვახშამი.

ჩამონათვალს ლედი დის გამორჩეულად საყვარელი საათით დავასრულებთ- მორიგი ლეგენდარული მოდელი Cartier კოლექციიდან- Panthère de Cartier, რომელიც პრინცესამ დოდი ალ-ფაიედისგან მიიღო საჩუქრად, მამაკაცისგან, ვისთან ერთადაც სიცოცხლის ბოლო წამები გაატარა. Panthère de Cartier იდეალურად ერწყმოდა დაიანას გლამურულ სტილს. საათი ნამდვილად გამოირჩეოდა უნიკალური მახასიათებლებით: ოქროს კორპუსი, ოქროს ჯაჭვის სამაჯური, კვარცის მექანიზმი და თეთრი ციფერბლატი, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ აქსესუარი უნიკალური იყო არა მისი ვიზუალური მახასიათებლებით, არამედ იმ სიმბოლური მნიშვნელობით, რომელსაც 1997 წელს პრესა და საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ადევნებდა თვალს- სიყვარულის ტრაგიკული ისტორია და აქსესუარად შემორჩენილი სიმბოლო.

