ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ტელეწამყვანი გვანცა დარასელია, დღეს საკუთარ გზას ციფრულ სამყაროში, პოდკასტის ფორმატში აგრძელებს. თუმცა, საჯარო იმიჯის მიღმა დგას დედა, რომელიც ყოველდღიურად ეძებს ბალანსს კარიერულ სამყაროსა და ოჯახურ ჰარმონიას შორის. N13-თან ინტერვიუში გვანცა გულწრფელად გვესაუბრება იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო რეალურად ძლიერი ქალი თანამედროვე სამყაროში – როგორ დაიცვა საკუთარი „წითელი ხაზები“ პროფესიაში და როგორ არ დაკარგო ბედნიერი მომენტები ყოველდღიურ რუტინაში.

1. გვანცა, როგორც დედა- მოგვიყევით როგორია თქვენი ყოველდღიურობა დედის ამპლუაში.
გარედან ჩემი დღე ყოველთვის ორგანიზებული ჩანს, თუმცა ამ წესრიგის მიღმა მუდმივი ფიქრი და ქაოსია. ვგეგმავ ყველაფერს: შვილების კვებას, აქტივობებს, გადაადგილებას. თუმცა, მთავარი მაინც ის ემოციური მხარდაჭერა და ნდობაა, რაზეც ჩვენი ურთიერთობა დგას. ეს მეორე სამსახურივითაა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩვენი თაობა უფრო რთულ დროს, მაგრამ უფრო თავისუფლად გაიზარდა. დღეს კი, როგორც დედა, მუდმივად ვცდილობ, ვიპოვო ბალანსი მაქსიმალურ ჩართულობასა და შვილებისთვის საჭირო სივრცეს შორის.

2. ხშირად ამბობენ, რომ ქალს ყველაფერი ერთდროულად ვერ ექნება. თქვენს შემთხვევაში თუ ყოფილა მომენტი, როცა იგრძენით, რომ კარიერული წინსვლა შვილებთან გატარებული დროის ხარჯზე ხდებოდა?
ორივე უკიდურესობა გამომიცდია: ყოფილა მომენტი, როცა საქმეს ვაკლებდი დროს ოჯახისთვის და პირიქით. თუმცა, ვფიქრობ, ის ოქროს შუალედი ვიპოვე, სადაც ჩემს შვილებს დედის დანაკლისი არასოდეს უგრძვნიათ. ბავშვებთან გატარებული დრო ის ერთადერთი რესურსია, რომელიც არასდროს ანაზღაურდება. მეორე მხრივ, საქმის სრულად დათმობის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. როცა რეალიზებული ვარ, შვილებთანაც და მეუღლესთანაც ბევრად უფრო ბედნიერი და პროდუქტიული ვბრუნდები.

3. თქვენი შვილის, ერეკლეს მაგალითზე, როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც ბიჭმა დედისგან უნდა ისწავლოს?
ყველაფერი მაგალითიდან იწყება. მინდა ჩემმა შვილებმა დაინახონ, რომ ჩვენი ოჯახი დიდ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დგას. მნიშვნელოვანია, ბიჭმა გაიაზროს, რომ ქალი უბრალოდ მისი რუტინის ნაწილი არ არის და ეს უბრალოდ სტერეოტიპია. ოჯახურ რუტინაში მამაკაცის ჩართულობა ბუნებრივი მოცემულობაა და მნშვნელოვანია, რომ ეს გაიაზრონ. ასევე, ვასწავლი დამოუკიდებლობას- დაწყებული საკუთარი საწოლის გასწორებით, დამთავრებული საკუთარ საჭიროებებზე პასუხისმგებლობის აღებით.

4. დღეანდელი გადმოსახედიდან, რას ეტყოდით გვანცას იმ პერიოდში, როდესაც კარიერაში მთავარ ნაბიჯებს დგამდა და ამავდროულად პირველ შვილს ელოდა- რას ურჩევდით ქალბატონებს, როგორ უნდა მოამზადონ საკუთარი თავი ასეთი ორმაგი პასუხისმგებლობისთვის?
ვეტყოდი, რომ წინასწარ მომზადება შეუძლებელია. იმ დროს ისეთი ენთუზიაზმი მქონდა, მეგონა მთებს გადავდგამდი, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რამდენად დიდ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას ვუძლებდი. ჩემი რჩევა იქნებოდა: არ დაელოდოთ „იდეალურ დროს“. ცხოვრება გეგმის მიხედვით იშვიათად მიდის. როცა შესაძლებლობა მოდის, იქნება ეს შვილი თუ კარიერა, ორივეს უნდა ჩაეჭიდოთ. საბედნიეროდ, ქალებს აქვთ უნარი, ორი დიდი საქმე ერთდროულად აკეთონ.

5. ძლიერი და დამოუკიდებელი ქალებისგან ხშირად მხოლოდ გამარჯვებას მოელიან. თქვენს კარიერაში თუ ყოფილა მომენტი, როდესაც ფიქრობდით, რომ “დამარცხდით” და როგორ აქციეთ ეს გამოცდილება თქვენს ძალად?
სიმართლე გითხრათ, დამარცხების შეგრძნება არასდროს მქონია. ალბათ იმიტომ, რომ ხალხისგან ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, მარტოობის უფლებას არ მაძლევენ. მაშინაც კი, როცა დიდი ხნის შემდეგ სამსახურიდან წამოვედი, რაც თავიდან ტრაგედიად მეჩვენებოდა, ხალხის სიყვარული არ შეცვლილა და კვლავინდებურად ვგრძნობდი ამ უპირობოდ დადებით დამოკიდებულებას ჩემს მიმართ და ალბათ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ძალა. მაგრამ ამბობენ რომ თუ არ დამარცხებულხარ და თუ არ გიგრძვნია რომ შესაძლოა არაფერი გამოგივიდეს, წარმატებასაც ვერ მიაღწევ. მჯერა, რომ თუ რადიკალურ ცვლილებებს არ დაუშვებ, სიახლეც ვერ მოვა. წარმატებისთვის აუცილებელია ზოგჯერ „ჩავარდნებიც“, რათა მიხვდე, სად არის მთავარი მწვერვალი.

6. გაგვიზიარეთ, ეკრანს მიღმა, რა არის ის საქმიანობა ან ჰობი, რომელშიც ჰარმონიას პოულობთ და რომელიც სრულიად განსხვავდება თქვენი საჯარო იმიჯისგან?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი და ძალიან საინტერესოა როგორია ჩემი საჯარო იმიჯი. თუმცა არის რაღაცეები, რისი გაკეთებაც ძალიან მიყვარს. მაგალითად, ყვინთვა ჩემთვის ნამდვილი თერაპიაა, ჩემი გარშემომყოფები კი ამაზე ხშირად იცინიან და ამბობენ როგორ შეიძლება სულ წყალქვეშ ვიყო. მიყვარს ხატვაც, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალურად არ გამომდის, თავად პროცესი მანიჭებს სიამოვნებას. და რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად გიტარით სიმღერა და „ცოტა გაგიჟება“ – ეს ის მომენტებია, სადაც ასე ვთქვათ სრულიად ვთავისუფლდები საჯარო იმიჯისგან.

7. რამდენად ენდობით საკუთარ ინტუიციას ახალი პროექტების დაწყებისას და რა არის ის მთავარი ინდიკატორი, რომელიც თქვენს კარიერულ გადაწყვეტილებებს განაპირობებს?
ჩემს ინტუიციას აბსოლუტურად ვენდობი, რადგან ყოფილა მომენტები როცა კომპრომისზე წავსულვარ და შინაგან ხმას არ მოვუსმინე, ეს კი ძვირად დამჯდომია. ჩემი მთავარი ინდიკატორი შეგრძნებაა – თუ ვგრძნობ, რომ რაღაც მორალურად ან ემოციურად ჩემი არ არის, როგორიც არ უნდა იყოს შემოთავაზება, უარს ვამბობ და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს „წითელი ხაზები“ მძენს პროფესიონალიზმს.

8. როგორც ჩვენთვის ცნობილია თქვენ გაქვთ საკუთარი არხი Youtube-ზე – პოდკასტი გაცილებით უფრო პირადი და გახსნილი ფორმატია, ვიდრე კლასიკური ტელევიზია. რატომ აირჩიეთ ეს გზა და რა არის ის, რისი თქმაც პოდკასტის საშუალებით უფრო თავისუფლად შეგიძლიათ?
ტელევიზიიდან უკვე 4 წელზე მეტია წამოვედი და სწორედ იმიტომ, რომ იქ განვითარების სივრცე და ჩემთვის საინტერესო შინაარსი ამოიწურა. მინდოდა შემექმნა კონტენტი, რომელიც იქნებოდა თავისუფალი, გულწრფელი და ხარისხიანი. პოდკასტი საშუალებას მაძლევს ჩემი მთავარი დამოკიდებულებები, საინტერესო თემები თუ მოვლენები ისეთ ადამიანებთან ერთად განვიხილო, ვინც ჩემს ღირებულებებს იზიარებს, ხალხის მხარდაჭერა კი ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.

9. საინტერესოა, რამდენად დაგეხმარათ ეს ფორმატი საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაში?
ნამდვილად. მიმაჩნია, რომ ადამიანის ბიოლოგიური კოდი მუდმივი განვითარებაა. ახლა, ფაქტობრივად, ჩემი პროფესიის ახალ ფორმას ვსწავლობ, რომელიც ტელევიზიისგან რადიკალურად განსხვავდება. საკუთარ თავზე მუშაობის პროცესმა „ახალი მე“ აღმომაჩენინა და ეს ძალიან მაბედნიერებს.

10. რას ნიშნავს თქვენთვის ძლიერი ქალი და ვინ არის ის ერთი ქალი, ვისაც სიამოვნებით მოიწვევდით თქვენს პოდკასტში?
ჩვენს კულტურაში „ძლიერი ქალი“ ხშირად „ამტან ქალთან“ ასოცირდება, რაც მწყინს. ჩემთვის სიძლიერე მხოლოდ რუტინასთან გამკლავება და ყველაფრის მოგვარება არ არის. ნამდვილი სიძლიერე ბედნიერი მომენტების დაჭერის უნარია – როცა ამ ქაოსში პოულობ დროს საკუთარი თავისთვის და ამით კმაყოფილი ხარ. ამის მაგალითი ჩემთვის დედაჩემია.
რაც შეეხება სტუმარს, დიდი სიამოვნებით მოვიწვევდი მატილდა გვარლიანს. მაინტერესებს მისი მსოფლმხედველობა და ის, თუ როგორ ცხოვრობს ეს გამორჩეული სილამაზის მქონე გოგონა.
ინტერვიუ: მარიამ ბექაური

