5 დეკემბერს, ჭონქაძის #14-ში განსხვავებული კონცეფციის ბრენდი „BLOOMS“ გაიხსნა. საქსაფონის ჰანგების ფონზე, პირველად ბრენდი მოწვეულმა ჟურნალისტებმა და საპატიო სტუმრებმა გაიცნეს და შეაფასეს.
ელეგანტური, საქმიანი და მაღალხარისხიანი – ეს, სწორედ ის 3 მთავარი კომპონენტია, რისი მეშვეობითაც თაკო ჩხეიძემ ბრენდის ნიშა დაამკვიდრა.
სპეციალურად Blooms-ისთვის სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსის“ მფლობელმა და საერთაშორისო ჟურნალის „ნარგისის“ მთავარმა რედაქტორმა კაფსულა-კოლექცია შექმნა, რომელიც 15-მდე ნამუშევარს აერთიანებს.
Blooms-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ის ორიენტირებულია გამორჩეული ხარისხის სამოსის შექმნაზე საქმიანი, გემოვნებიანი და დახვეწილი ქალებისთვის, რომელთათვისაც კომფორტთან ერთად, ხარისხიც და სტილიც ძალიან მნიშვნელოვანია.
თაკო ჩხეიძე:
უფრო მეტად ორიენტირებული ვარ ქართველ მომხმარებელზე. ვფიქრობ, ამ სტილის სამოსი საქართველოში დეფიციტურია, საქმიანი სტილის მაღალი ხარისხის სამოსი მნიშვნელოვანია, იყოს თქვენს გარდერობში, რადგანაც უძლებს წლებს, და აქტუალურობას სულ ინარჩუნებს. შევქმენი ისეთი კოლექცია, რომელსაც თავადაც ჩავიცვამდი და მომეწონებოდა. გავაკეთე ის, რაც პირველ რიგში, თავად მომეწონებოდა.
ბრენდი განსხვავებულ მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებელს: ე.წ. Made To Measure გულისხმობს მსოფლიოში წამყვანი ქსოვილების მწარმოებელი კომპანიების კატალოგებიდან სასურველი ქსოვილისა თუ ფურნიტურის შეკვეთისა და გამოწერის შესაძლებლობას და ნებისმიერი სტილის მოდელის თავად შერჩევის საშუალებას. შერჩეული მოდელი ექსკლუზიურად მომხმარებლისთვის დამზადდება Blooms-ის მიერ.
როგორც თაკო ჩხეიძე აღნიშნავს, Blooms-ის დაფუძნების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც წარმატება მოიპოვა 3 წლის წინ ანალოგიური კონცეფციით შექმნილმა ბრენდმა Bespoke Tbilisi, რომელიც იმავე მომსახურებას მამაკაცებს სთავაზობს.
მაღალი ხარისხის უცხოური ქსოვილებით, სპეციალურად მსურველისთვის, მისი ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, პროფესიონალურად შეკერილმა საქმიანი სტილის სამოსმა საქართველოში საკმაოდ მალე იპოვა საკუთარი მომხმარებელი, რომელთა რაოდენობა არცთუ მცირეა და დღითი დღე იზრდება.
Bespoke Tbilisi მამაკაცებისთვის, ხოლო Blooms ქალბატონებისთვის მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას, რომელიც საქართველოში აქამდე ხელმისაწვდომი არ გახლდათ. აღსანიშნავია, რომ საქმიან სამყაროში სწორად შერჩეული ჩაცმულობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულად ამ მიმართულებაზე გამორჩეულად არც ერთი ქართული ბრენდი არ მუშაობს, დამფუძნებლები დარწმუნებულები არიან, რომ Blooms, Bespoke Tbilisi-ის მსგავსად, დაინტერესებული საზოგადოებისგან დიდ ყურადღებას მიიპყრობს.
მარიამ ვაშაძე, ტელეწამყვანი:
„ძალიან მომეწონა. ისე, რომ შეძენა მინდა. სამწუხაროდ, ჩემი ზომა არ არის, მაგრამ ვაპირებ, მოვიდე და ჩემი ზომა შევუკვეთო. არაჩვეულებრივი ქსოვილებია, ხარისხი ძალიან მომეწონა, ისევე, როგორც მოდელები. თაკოს ვეუბნებოდი, რომ საქმიანი სტილის ჩაცმულობა თბილისში ძალიან დეფიციტურია. პიჯაკის ან ორეულის შეძენა პრობლემაა, ამიტომაც საქმიანი ქალები მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია, ახლა უკვე თბილისშიც შევიძინოთ მსგავსი სტილის გემოვნებიანი და ხარისხიანი სამოსი.
ანა კოშაძე, მოდელი:
მივესალმები იმას, რომ თბილისში გაჩნდა ადგილი, სადაც საქმიან ქალს შეუძლია შეიმოსოს შესაბამისი დრეს-კოდის გათვალისწინებით, თუმცა ახლა საქმიანი სტილი და ორეული ტრენდულია და არასაქმიან ქალბატონებსაც შეუძლიათ შეარჩიონ თავისთვის. არჩევანი დიდია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო საოცარი ხარსიხის ქსოვილები. ჩემთვისაც სიამოვნებით ავარჩევ. ძალიან მომწონს ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი ორეულები. მგონია, რომ ჩემი თმის ფერსაც მოუხდება.
ლალი ტოტიკაშვილი:
მიხარია და დიდ წარმატებას ვუსურვებ თაკო ჩხეიძეს. კარგი იდეაა. ფანტასტიკური ხარისხია, როგორც ქსოვილების, ასევე თავად შეკერვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ სტილის სამოსი თითქმის არ იშოვება ჩვენთან. ლამაზი, გემოვნებიანი, კარგი ხარისხის კოსტიუმებია.