ახალი წლის ჯადოსნური ღამე სულ უფრო ახლოვდება და რა არის ყველაზე აქტუალური კითხვა ამ პერიოდში თუ არა “რა ჩავიცვა”? – სადღესასწაულო ლუქის არჩევა მარტივი პროცესი არ არის. გარდა იმისა, რომ ჩვენი სამოსი ვიზუალურ მახასიათებლებს თვალსაჩინოდ უსვამს ხაზს, ის აუცილებლად მოქმედებს განწყობაზეც- თუ თავს კომფორტულად და ამავდროულად ელეგანტურად ვიგრძნობთ, ცხადია ჩვენი სადღესასწაულო განწყობაც ამაღლებული იქნება. ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ რამდენიმე მარტივი და დახვეწილი კომბინაცია, რომელიც სადღესასწაულო ლუქის შექმნაში დაგეხმარებათ.

პირველი და ყველაზე მარტივი შავი კაბაა- კლასიკური არჩევანი, რომელიც ნებისმიერ ლოკაციას მოუხდება, იქნება ეს სახლის მყუდრო გარემო, რესტორანი, ბარი თუ სხვა. მთავარია სწორად შევარჩიოთ ქსოვილი და სტილი. თუ ახალი წლის ღამის გატარებას რესტორანში გეგმავთ, გრძელი შავი აბრეშუმის კაბა შეგიძლიათ მოირგოთ, ბარს და მსგავსი ტიპის ლოკაციას მოკლე შავი კაბა განსაკუთრებულად მოუხდება, თუ დღესასწაული ოფიციალურ ღონისძიებას ემთხვევა არჩევანი ელეგანრუტ სილუეტებზე შეაჩერეთ.

ალბათ ახალი წელი ბრჭყვიალა დეტალების გარეშე წარმოუდგენელია და ეს თავისთავად ვრცელდება სამოსზეც. გასულ სეზონზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა ბრჭყვიალა ქსოვილებისგან შექმნილი კაბები, თუმცა 2026 განსხვავებულ ტენდეციებს გვთავაზობს- მიმდინარე სეზონზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრჭყვიალა აქსესუარები, ფეხსაცმელი და ისეთი დეტალები, როგორიცაა მაგალითად სადღესასწაულო კაბის დეკოლტე.

ალბათ წითელი ფერის გარეშე ახალი წელი უბრალოდ წარმოუდგენელია – თამამი, თვალშისაცემი და მუდამ ეფექტური. თუ გსურთ, რომ გარშემო ყველას ყურადღება მიიპყროთ, წითელი კაბა ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. წითელი ტონი ენერგიას და თავდაჯერებულობას ასხივებს და ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 2026 ცეცხლოვანი ცხენის წელიწადია, რაც ამ ტონალობას კიდევ უფრო მეტ სიმბოლურ დატვირთვას ანიჭებს.

თუ ფიქრობთ, რომ სადღესასწაულო კაბები თქვენს სტილში ნაკლებად ჯდება და მთავარი პრიორიტეტი კომფორტია, მაშინ მონახეთ გარდერობში საუკეთესო ჯინსი, ელეგანტური სვიტრი ან მაისური, ქუსლიანი ფეხსაცმელი ან ლოფერები და შექმენით მარტივი, მაგრამ ამავდროულად დახვეწილი ლუქი, რომელშიც თავს კომფორტულთან ერთად თავდაჯერებულად და ელეგანტურადაც იგრძნობთ.
(Blooms Tbilisi )


თუ ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულ წვეულებას გეგმავთ , მაშინ აუცილებლად ცადეთ ხავერდის ქსოვილი, რადგან ხავერდი ყოველთვის ასოცირდება ფუფუნებასა და ელეგანტურობასთან, მიმდინარე სეზონზე კი ხავერდის ქსოვილისგან შექმნილი კაბები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მინიმალიზმის მოყვარულებისთვის თეთრი და კრემისფერი ტონალობები ყოველთვის საუკეთესო არჩევანია, გარდა იმისა, რომ თეთრი არ “ყვირის”, ის იდეალურად ერწყმის სადღესასწაულო გარემოს და ქმნის სადა, თუმცა ელეგანტურ იმიჯს- მოკლედ რომ ვთქვათ, 2026 წლის მთავარი ტონალობა ახალი წლის ღამისთვის იდეალური არჩევანია.

გიყვართ როდესაც მთელი ყურადრება თქვენსკენ არის მომართული?- მაშინ გაგახარებთ და გეტყვით, რომ 2026 წლის ტენდეციების მიხედვით პოპულარულია ისეთი თვალშისაცემი დეტალები, როგორებიცაა: დიდი ბაფთები, ბუმბულის ელემენტები, ბეწვის მოსასხამები, ბრჭყვიალა აქსესუარები და სხვა. ამიტომ, თუ თეატრალურობა გიზიდავთ, მაშინ თამამად შეგიძლიათ თქვენს ლუქს მკვეთრი ელემენტები დაამატოთ.


